"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

ზურაბ დოიჯაშვილი: "ჩემს ცხოვრებაში თავს არ გადავიპარსავ... მოდას არ ავყვები"

ია წინამძღვრიშვილი

- ბატონო ზურაბ, მოდით საუბარი ქართული ესტრადით დავიწყოთ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ სფეროში აღმასვლის პერიოდი დადგა?

- მიხარია, რომ ახლა რადიოში თითქმის სულ ქართულ სიმღერები ტრიალებს. ადრე მასალა არ იყო და ხალხი რუსულს ან უცხოურს უფრო უსმენდა. ჩვენ პატარა ბაზარი გვაქვს და ძალიან ძნელია. საბჭოთა პერიოდში ერთი ცენტრალური ტელევიზია იყო, რომლის საშუალებით მთელი "სსრკ" იცნობდა ქართულ სიმღერას. რუსეთის ყველა ქალაქში ანშლაგები ახლდა ქართულ კონცერტებს. "დილის ფოსტა" იყო ასეთი სარეკლამო გადაცემა, ნიკალაევს მიჰყავდა. იქ თუ ვინმე მოხვდებოდა, უკვე ცნობილი და პოპულარული ხდებოდა. ჩვენ ბევრი ნიჭიერი მომღერალი და მუსიკოსი გვყავს. მაგალითად: დათო ფორჩხიძე, დათო ხუჯაძე და საერთოდ "სახე". ამ ჯგუფმა მართლა თავისი სახე შემოიტანა ქართულ ესტრადაზე, ფურორი მოახდინა. შემდეგში სხვა ჯგუფებმა თუ შემსრულებლებმაც დაიწყეს მათ სტილში სიმღერა. დღეს უკვე კარგად გამოიყურება ქართული ესტრადა, მაგრამ უფრო მეტია საჭირო...

- როგორ გგონიათ, რომელი თაობა უფრო უსმენს თქვენს სიმღერებს?

- ალბათ უფრო ძველი, რადგან ახალი, თვითონაც არაფერი გამიკეთებია. ახალი ალბომი რომ გამოვა, მაშინ ახალგაზრდებიც მოისმენენ ჩემს სიმღერებს. სიზარმაცე მიშლის ხელს, თორემ ალბომი უკვე დიდი ხნის გამოშვებული მექნებოდა. უსახსრობას აბრალებენ ხოლმე ყველაფერს, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს სიზარმაცის ბრალია. სიმღერის ჩაწერას ფული სჭირდება, მაგრამ ყველას გვყავს მეგობრები და მათი საშუალებით ფინანსური მხარე გვარდება.

- განსხვავებული ხმის პატრონი, ზურა დოიჯაშვილი, როგორ მომღერლად თვლის თავს. არის თუ არა ის ვარსკვლავი?

- ვარსკვლავები ცაშია. ვარსკვლავი რომ გეწოდოს, ამისათვის ძალიან დიდი დამსახურება და შრომაა საჭირო. ვარსკვლავები, ანუ პროფესიონალი მომღერლები, ქართულ ესტრადას ბევრი ჰყავს. მაგალითად ნანი ბრეგვაძე, და ბევრი სხვა. მე ჩემს თავს ვარსკვლავს ვერ ვუწოდებ. შეიძლება ჩემზე ასე სხვამ თქვას.

- დუეტისათვის პარტნიორს რა კრიტერიუმების მიხედვით ირჩევთ?

- არც მე ვირჩევ ვინმეს და არც სხვა მირჩევს მე. მაგრამ მე თემურ რცხილაძესთან ერთად ბევრი სიმღერა შემისრულებია. ასევე ჩემს ჯგუფთან "მოდენ ბლუზ ბენდთან" ერთად ვმღერი. პირველი დუეტი მანდილოსანთან, ლელა წურწუმიასთან მქონდა. ისე კი, ხმა და სიმღერა უნდა მომწონდეს.

- "საუკუნის ნოსტალგიაზე" მუშაობისას ზაზა ხუციშვილის აზრს მთლიანად იზიარებთ?

- ზაზა ძალიან ნიჭიერი და კარგი ბიჭია, ამიტომაც მის აზრს პატივს ვცემ. თვითონ ზაზაც ჩემს იდეებს ითვალისწინებს და ასე იქმნება სიმღერაც. მე ბავშვობიდან დღემდე ვიყვარს ქრიდენსი და ფოგერტი. ადრე ამ სიმღერებს ინგლისურად ვასრულებდი.

"საუკუნის ნოსტალგიტამ" დიდი საქმე გაკეთა. ბევრი დავიწყებული კარგი სიმღერა ქართულად გაცოცხლდა, დატრიალდა რადიოში და მსმენელმა მათი პირვანდელი ვარიანტიც მოითხოვა. ძალიან კარგია, რომ ძველი სიმღერები არ იკარგება.

- მუსიკალური მრავალფეროვნება თქვენთვის მისაღებია?

- არ შეიძლება ერთფეროვნებით მსმენელის დაღლა. ბავშვობიდან დიდი მელომანი ვარ. შეყვარებული ვიყავი ბლუზზე, ჰარდროკზე. მოგვიანებით ჯაზმა გამიტაცა. კარგ მუსიკას ყოველთვის ვუსმენ, ენისა და სტილის განურჩევლად.

- დადიოდა ხმები, რომ ადრინდელ "ნოსტალგიაზე" მუშაობისას ქეთი მერკვილაძემ გაგაწვალათ.

- ეს ჭორია. ეს მიღერა სიძნელეების გარეშე, მოკლე დროში ჩავწერეთ. თანაც მე მუსიკაზე მუშაობა არასოდეს მტანჯავს.

- როგორ გრძნობთ მსმენელისგან სიყვარულს?

- როცა ქუჩაში ავტოგრაფს გთხოვენ და გიღიმიან, როცა დარბაზში ტაშს გიკრავენ, ეს უკვე სიყვარულია. სცენაზე რომ ტაშს აღარ დამიკრავენ, მეც აღარ ვიმღერებ.

- რას არ გააკეთებდით არასოდეს?

- დაპროგრამებულად არ ვიცხოვრებ. ცხოვრების დინებას მივყვები და ის მიჩვენებს, როგორ მოვიქცე. არ გადავიპარსავ თავს, ანუ არ ავყვები მოდას. მე მაქვს ჩემი სტილი და არც ვუღალატებ.

- სპორტული ცხოვრება თქვენთვის ნაცნობია?

- კი, დილით დავრბოდი, ვთამაშობდი ფეხბურთს და ა.შ. ახლა აღარ ვვარჯიშობ, რადგან ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. 2 წლის წინ მიკრო-ინფარქტი გადავიტანე და ექიმმა სირბილი ამიკრძალა.

- როგორ გგონიათ, სიყვარული მარადიულია?

- ნამდვილი სიყვარული მარადიულია, მაგალითად მე და ჩემი მეუღლე ახლა ერთი მთლიანი ვართ და არა ორი ნაწილი. რაც დრო გადის, მეტად გვიყვარს ერთმანეთი. ის ჩემი პირველი სიყვარულია და მარადიული. მის ფანჯრებთან სერენადაც მიმღერია და ასე შემდეგ. მე მართლა ერთგული მეუღლე ვარ, ანუ სხვებს ვერ ვამჩნევ. სამი შვილის ბედნიერი მამა და ბედნიერი მეუღლე გახლავართ.

- თქვენი მომავალი გეგმები რას პირდება მსმენელებს?

- მინდა გავმართო სოლოკონცერტი, მაგრამ ახლა არა. 1-10 მარტის ჩათვლით "მაესტრო" ფესტივალს მართავს "ელიტ-კლუბში". 7 მარტს ჩემი საღამოა, სადაც 5-6 სიმღერით წარვსდგები. ასევე ახალ ალბომზეც ვმუშაობ. დათო ბერულავა, ჩვენი ბას-გიტარისტი, ახლა წევს და იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. მისი ადგომის შემდეგ გაიმართება ჩემი სოლოკონცერტი. "ელიტ კლუბში" კი პაატა, თამაზი, ზაური, ანუ "მოდენ ბლუზ ბენდი" ჩემთან ერთად გამოვა სცენაზე.

- რას უსურვებთ ქართველ მსმენელს და გაზეთ "საქართველოს"?

- ყველას ვუსურვებ მორალურად და მატერიალურად კარგად ყოფნას. გაზეთ "საქართველოს" კი - ბევრ ახალ, საინტერესო მასალების გამოქვეყნებას და ბევრი მკითხველის ყოლას. ასევე, ნაკლებად პოლიტიკურობას, რადგან პოლიტიკა საკმაოდ უსუფთაო და ჩახლართულია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com