|
"საქართველო "
თვითმკვლელობამდე მიყვანა 3-დან 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხული იქნა ჟურნალისტი ფრიდონ დოჩია. საჯაიას კაბინეტში მაგიდაზე იდო გაზეთები, სადაც დაბეჭდილი იყო დოჩიას მიერ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანისგან აღებული ინტერვიუ სახელწოდებით "საჯაია ყველაზე ბინძურ საქმეებს აკეთებს შევარდნაძის აპარატში". გამომძიებლებს აინტერესებდათ, თუ არსებობს ინტერვიუს ფირი და რა ვითარებაში იქნა ჩაწერილი ეს ინტერვიუ. დოჩიას დაკითხვა მიმდინარეობდა კანონის დაცვით ადვოკატ ლევან ალაფიშვილის მონაწილეობით. პროკურატურაში გამოკითხულ იქნა ასევე ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ანალოგიური მასალა გააკეთა. ნუგზარ საჯაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის ("თვითმკვლელობამდე მიყვანა") მიხედვით. ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |