"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

გაშიფრული საიდუმლო?! ვინ აპირებს კაკუბავას ლიკვიდაციას?

თათია ძინძიბაძე

დღის 12 საათისათვის დათქმული ინტერვიუ არ შედგა. დეპუტატი ბორის კაკუბავა პარლამენტში დათქმულ ადგილზე არ გამოცხადდა. რესპოდენტს თავი შევახსენეთ... ტერაქტს მიწყობდნენ და დროებით აქაურობას თავი გავარიდეო, ბოდიში მოგვიხადა. ინტერვიუ შედგა, თუმცა ტელეფონით...

- ცოტა მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. ბოლო პერიოდში მშვენიერი ფონი შეიქმნა ჩემი ლიკვიდაციისათვის. ჩემმა თანამებრძოლებმა ჩემი საცხოვრებლის ირგვლივ სახლებში რამდენიმე სნაიპერი შენიშნეს. ჩემს მოძრაობას თვალს ადევნებენ, პარლამენტამდე მომყვებიან. იქ კი შევარდნაძისთვის თავდადებული ზოგიერთი პარლამენტარი ცდილობს პროვოკაციის მოწყობას. ახლობლებმა გამაფრთხილეს, მოკვლას გიპირებენო და ამიტომ გავარიდე თავი. კოჯორში ავალ, დავისვენებ.

- თუ საფრთხე გემუქრებათ, ადგილსამყოფელს უნდა მალავდეთ და თქვენ საქვეყნოდ ყვირით, სად მიდიხართ?

- კოჯორში შეიარაღებული რაზმია, ჩემი ახლობლები, ვინც მოვა, გაუმასპინძლდებიან.

- საჯაიას რუხ კარდინალს კულუარებში დიდი ხანია ეძახდნენ, თუმცა მასზე ხმამაღალ საუბარს ვერც ავად, ვერც კარგად ვერავინ ბედავდა. თქვენ პირველმა ამოიღეთ ხმა. ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურია...

- ჩემი საქართველოდან ორწლიანი განდევნა სწორედ საჯაიას და შევარდნაძის დამსახურებაა. დაბრუნების შემდეგ იძულებული ვიყავი, მთელი სიმართლე მეთქვა დევნილებისათვის, ვინც აფხაზეთში დაბრუნებისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან დღესაც. ამ ხნის მანძილზე ხელისშემშლელნი იოსელიანი, საჯაია, შევარდნაძე იყვნენ. მე მივიღე გადაწყვეტილება, როგორმე საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო ეს.

- ნუგზარ საჯაიამ, როგორც ამბობენ, თქვენი განცხადებების საფუძველზე თავი მოიკლა.

- დაუსჯელი არ დარჩება არცერთი დამნაშავე-მეთქი, სულ ვამბობდი, მაგრამ არ მეგონა ჩემი განცხადების გამო ხალხს თუ თავის მოკვლა შეეძლო. მე ბრალს ბევრ ვინმეს ვუყენებ ქვეყნის დაღუპვაში და გამოდის შევარდნაძიდან დაწყებული ბოლო მოქკავშირელი რეზო ამაშუკელით და მერაბ ბერძენიშვილით დამთავრებული ყველამ საჯაიას უნდა მიბაძოს, მაგრამ ამას არცერთი არ აკეთებს. საჯაიას თავი არ მოუკლავს, თვითონ მოკლეს კაცი. ვიდრე მე განცხადებებს გავაკეთებდი მან რამდენიმე დღით ადრე მიმართა პრეზიდენტს, რომ სამსახურიდან დაეთხოვა,. მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეც სთხოვა პრეზიდენტს გათავისუფლება. ამას მთელი მისი აპარატი ესწრებოდა...

ძიება დაადგენს საჯაიას მკვლელობის მიზეზებს, თუმცა დასადგენი არც არაფერია. 28 თებერვალმა გვანახა, რომ მთელი ეს გუნდი წლების მანძილზე ამზადებდა საქართველოს ღალატს, უზარმაზარ თანხებს იღებდნენ, თუმცა ისე დაისაკუთრეს, ჩვენს ქვეყანას ერთი მანეთი არ გამოსდგომია. 3 მილიარდზე მეტია აღებული საქართველოს გაყიდვაში.

- ბატონო ბორის, თქვენ თვლით, რომ საჯაია მოკლეს. ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, მიზეზი ყველაფერს აქვს. ვის ან რატომ აწყობდა საჯაიას სიკვდილი?

- საჯაიას ჩემი განცხადებების საფუძველზე არ მოუკლავს თავი. აქ არაფერ შუაშია არც პრესა და არც თენგიზ კიტოვანი. მე ფაქტები არა მაქვს და იქ გამოძიებას ვერ ჩავატარებ. თუ მან თავი მოიკლა, ერთადერთი მიზეზი იქნებოდა ის, რომ მან ყველაზე მეტი იცოდა იმ ბნელი საქმეებისა, რაც შევარდნაძეს აქვს ჩადენილი. მას გადადგომა იმიტომ უნდოდა, რომ შევარდნაძის მიერ საქართველოს ამერიკისთვის მიყიდვის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. "მე გადავდგები და ვიტყვი, დამნაშავე არ ვარო", ალბათ ასე უთხრა შევარდნაძეს და სწორედ ამისთვის მოკლეს. ახლა კი ცდილობენ, ხელი შეახოცონ სხვას. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ მე იურიდიულად რამეზე პასუხი მაგებინონ. მე მაქვს მასალები მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და მათ დავდებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ეს ფაქტებია და არა ფუჭი შეურაცხყოფა.

- იმ ქვეყანაში, სადაც უშიშროების საბჭოს მდივანი დაუცველია, (ვნახეთ ფაქტი) ჩვეულებრივი ადამიანების ბედზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეტისმეტად თავდაჯერებული ხომ არა ხართ?

- თუ ჩემზე თავდასხმას განახორციელებენ და ეს იქნება ჩემი დამარცხება, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს და პირველ არხს და მთელ მათ კოლექტივს. გთხოვთ, არ ამოიღოთ ტექსტიდან ეს სიტყვები, არ შეამოკლოთ. თუ მათ ჩემი ფიზიკური განადგურება შეძლეს, მათ გაანადგურებენ ჩემი თანამებრძოლები.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ ორი კურდღელი ერთად დაიჭირა. ერთი გასროლით ორი სამიზნეს ჩამოგდება ჭკვიანური სვლაა, არა? ვიღაცისთვის ზედმეტი იყო საჯაია და ის აღარ არის, ვიღაცას აწუხებს პრესა და უნდა ბორკილები დაადოს, როგორც მორალური ტერორის მომწყობს.

- გეთანხმებით. თქვენ არ ამბობთ, მაგრამ მე ვიტყვი, ეს პირველი ხელისუფალი - შევარდნაძე გახლავთ. ის შეეცდება მიიღოს პრესის შემზღუდავი კანონი და აიხდენს კიდეც ამ სურვილს. პარლამენტში ხალხი გაყიდულია, ისინი ამ კანონს ადვილად მიიღებენ.

პრესას არ უნდა შეეშინდეს. სიმართლის, ფაქტების გაშუქება მისი პირდაპირი დანიშნულებაა. ახლო წარსულში უარეს დღეშიც იყო პრესა, მაგრამ იგი ყოველთვის ფასობდა და დაფასდება.

პარლამენტშიც და ყველგან, სადაც პრესის შევიწროებას მოინდომებენ, მე ვიქნები პრესის დამცველი.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com