|
"საქართველო "
ზურაბ ანჯაფარიძის წარმატების საიდუმლო მისმა დღიურებმა გაამჟღავნა
ქართველებს სხვათაგან განსხვავებით ერთი საოცარი თვისება გაგვაჩნია - გამოჩენილი, დიდბუნებოვანი მამულიშვილების სიყვარულში ერი ვერ გვაჯობებს! რაც არ უნდა მოხდეს, რჩეულ შვილებს ხელიდან ვერ წაგვაცლის დავიწყება. აქ ჟამის სიმრავლეც ვერას ხდება. ზურაბ ანჯაფარიძე ქართველთა რჩეულთაგანია. ყველა თაობისათვის ერთნაირად ძვირფასი და ახლობელი, ამიტომ უწოდეს ასე თამამად და ასე უბრალოდ, "ჩვენი ზურაბი"! "როდესაც სცენაზე დგახარ და მღერი, უნდა დააჯერო თავი, რომ ღმერთებს ელაპარაკები" - უთქვამს დღიურში და მართლაც მხოლოდ თავისი დაუღალავი შემოქმედებითი წვით შეძლო ზებუნებრივთან მიახლოება. თითქოს ღვთიური ცეცხლი უნდა ჩამოეტანა ამ ცოვდილ მიწაზე. ალბათ, ეს იყო მისი წარმატების საიდუმლოც. ასე მონუსხა დიდი ნიჭის თაყვანისმცემლები... ამასწინათ ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ზურაბ ანჯაფარიძის ფონდისა და თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული კონცერტი. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ ქართველი მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის ორმოცდაათი წლისთავი იზეიმა. ეს იყო ერის სულიერი ზეიმი. სწორედ აქ, ამ სცენაზე ნახევარი საუკუნის წინ სახელგანთქმულმა ქართველმა მომღერალმა ბრწყინვალედ შეასრულა აბესალომის პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "აბესალომ და ეთერი". ეს გახლდათ მისი პირველი დიდი წარმატება საოპერო ხელოვნების გზაზე. ზურაბ ანჯაფარიძის პიროვნებაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ მისივე მეგობარი, ბატონი ნიკო ხატიაშვილი. ის, ვისაც სიცოცხლეშივე უდიდეს პატივს სცემდა მომღერალი, - ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც ზურაბის აღსასრულმა ააღებინა ხელში კალამი, ავტორი მისთვის პირველი ბიოგრაფიული წიგნისა "ჩემი მეგობარი ზურაბ ანჯაფარიძე". ბატონი ნიკო საუბარს არცთუ შორეული წარსულის ერთი დაუვიწყარი საღამოთი იწყებს: - ჩემი თაობის თბილისელებს დღესაც ახსოვთ 1952 წლის 3 მარტი, დაუვიწყარი საღამო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ზურაბ ანჯაფარიძემ შეუდარებლად შეასრულა აბესალომის პარტია. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვით კონსერვატორიის მაშინდელ დირექტორს, კომპოზიტორსა და დირიჟორს, ბატონ გრიგოლ კილაძეს, ცნობილ თეატრალურ და საოპერო რეჟისორს, ბატონ შოთა ასაბაძესა და მის საფიცარ პედაგოგს ბატონ დავით ანდღულაძეს. ზურაბმა იმ საღამოს ისე შესანიშნავად იმღერა და ითამაშა, იმედი ჩაუსახა თბილისის საოპერო მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას, რომ მისი სახით საუკეთესო ცვლა ეზრდებოდა მშობლიურ ხელოვნებას. ამასწინათ გამართულ საღამოზე იყვნენ ისინიც, რომლებმაც 50 წლის წინათ პირველად იხილეს ამ სცენაზე ზურაბი. საღამოს ალამაზებდა ისიც, რომ მას ვესწრებოდით ამ დროისათვის მისი ცოცხლად დარჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი თანაკლასელები, ახლა უკვე ჭარმაგი ადამიანები. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: მუსიკისმცოდნე, პროფესორი გულბათ ტორაძე, მედიკოსი, პროფესორი რომანოზ სვანიშვილი და ამჟამად თქვენი რესპონდენტი. ტკბილად ვიგონებდით ზურაბთან ურთიერთობის სასიამოვნო პერიოდს. - ბატონო ნიკო, სამი მარტის საღამოზე ყველასათვის მოულოდნელად, წამყვანმა მაია დათუნაშვილმა გვაუწყა, თურმე ზურაბ ანჯაფარიძე დღიურებს წერდა! თქვენ, როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა, თუ იცოდით ამის შესახებ? - არა და, სხვათაშორის, ეს იმ საღამოზე ყველასათვის სენსაცია გახლდათ. მაია დათუნაშვილს ამის შესახებ ზურაბის ქვრივმა, ქალბატონმა მარინა მაჭავარიანმა აცნობა. ქალბატონმა მაიამ კი დღიურის ერთი ნაწილის ციტირება მოახერხა. "ნიკო, რომ იცოდე, რამდენს გაგინებ სპექტაკლის დაწყების წინ და რამდენს გლოცავ სპექტაკლის დამთავრებისას" - დაუწერია ზურაბს და ეს ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამს, მაგრამ მის ფიქსაციას თუ ახდენდა, არ ვიცოდი. საქმე იმაშია, რომ ზურაბი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის ყოველ გამოსვლას სცენაზე. ის მთლიანად იხარჯებოდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ კარგად ემღერა და ეთამაშა. ერთხელ ისიც კი მითხრა, ჩემი ყოველი გამოსვლა ოპერაში დისერტაციის დაცვის ტოლფასიაო. ცნობილია, რომ ხარისხის ყველა მაძიებელი ცხოვრებაში მაქსიმუმ ორჯერ იცავს დისერტაციას: ერთხელ საკანდიდატოს და, მეორედ, სადოქტოროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზურაბს 2000-მდე სპექტაკლი აქვს ნამღერ-ნათამაშები, ადვილი წარმოსადგენია, რამდენჯერ დაუცავს დისერტაცია! - ბატონო ნიკო, ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ ზურაბ ანჯაფარიძის დღიურებს. საინტერესოა, რატომ "გაგინებ-გაქებდათ" თქვენი მეგობარი? - დიდი ხნის წინ, როცა ჭაბუკები ვიყავით, ზურაბი "ხმის გასასინჯად" მივიყვანე ბიძაჩემთან ბატონ ვალერიან ქაშაკაშვილთან. მიყვანამდე, ამ გადაწყვეტილებით იმდენად ვიყავით გატაცებული, რომ დროის რეგლამენტი ვერ განვსაზღვრეთ და დიდ მომღერალს და ვოკალის ცნობილ პედაგოგს დილაუთენია თავზე დავადექით. გაუკვირდა, - ხომ მშვიდობააო? - პირველი, რაც შემეკითხა, ეს იყო. მშვიდობაა-მეთქი, - ვუპასუხე და დამშვიდდა. როცა ჩემი მოსვლის მიზეზი ავუხსენი, ეს ცნობა უხალისოდ მიიღო (უამრავს ასინჯებდნენ, აქედან ასში ერთი თუ გამოდგებოდა, ისიც ნაწილობრივ). მოღუშული მიუჯდა როიალს და შუბლშეკრულმა დაუკრა ვოკალური სავარჯიშოები. მე მას თვალს არ ვაშორებდი. ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა თანდათადან სახის გამომეტყველება. ზურაბმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, თვითონაც ვეღარ მოითმინა, ადგილიდან წამოხტა (ძალიან ემოციური გახლდათ), შუბლზე ეამბორა და უთხრა: ბიძია, შენგან დიდი მომღერალი დადგებაო! ასე უწინასწარმეტყველა დიდმა მომღერალმა მომავალი ზურაბს. ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი. კვირაობით სათევზაოდაც დადიოდნენ ქალაქგარეთ, მაგრამ შემდეგ მათი გზები გაიყარა. ზურაბს ძალიან უნდოდა ტენორობა. ბატონი ვალერიანი კი მის ბარიტონად გახდომაზე ფიქრობდა. ამაში ვერ შეთანმხდნენ და ერთმანეთს ტკბილად დაშორდნენ. ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებ. - რას გვეტყვით იმ უზადო, ხალას იუმორზე, რაც ძალიან ამშვენებდა ზურაბ ანჯაფარიძის პიროვნებას? იქნებ კურიზიც გაიხსენოთ? - მის პიროვნებაში საოცრად იყო შესისხლხორცებული იუმორი. ჩემი წიგნიც თითქმის თავიდან ბოლომდე იუმორია. მრავალი კურიოზიც გადაგვხდენია. ახლაც თბილად მახსენდება მოსკოვში ზურაბთან გატარებული წლები. ერთხელაც, მე და ჩემი მეუღლე მოსკოვის დიდ თეატრში სპექტალზე დაგვპატიჟა. თეატრს მრავალი სადარბაზო ჰქონდა. შეთანხმებისამებრ, მითითებული ნომრის მიხედვით მივედით. ზარი დავრეკეთ. როცა კამერდინერმა კარი გაგვიღო და ავუხსენით ვინც ვიყავით, მოკრძალებით გაგვიძღვა. მიხვეულ-მოხვეული გზებით აღმოვჩნდით მეტად ბრწყინვალე, ხავერდოვან ლოჟაში. არც ერთი ნაცნობი ირგვლივ! აი, ტაშს უკრავენ, სცენაზე გამოდის ზურაბი და თვალს გვიპაჭუნებს. საერთოდ, ჩვევად ჰქონდა, თუ ვინმე ეგულებოდა დარბაზში, აუცილებლად აგრძნობინებდა. ეს იყო ნიშანი: "მე გხედავ", რომელსაც მოხდენილად გამოხატავდა. ქართული ჩვეულებისამებრ, პურ-მარილით ვიყავი ჩასული. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სახლში რამდენიმე ცნობილი მომღერალი მოიყვანა. შევქეიფდით, უცებ მეუბნება - მე თუ არა, იმპერატორის ლოჟაში ვინ დაგსვამდა გლეხ ხატიაშვილსო? არ ჩამოვრჩი, - შენ ხომ იცი, ქიზიყელი ვარ, სადაც ბატონ-ყმობა არასოდეს არსებულა... მე რომ არ ვყოფილიყავი, იმპერატორის სცენაზე ვინ გამღერებდა-მეთქი... ასე სიცილ-სიცილით გაგრძელდა ქეიფი. - ბატონო ნიკო, თქვენ თანაკლასელები ახსენეთ. რამდენადაც ვიცი, ეს ის ჯგუფია, რომელმაც შემდეგში ბრწყინვალე თაობა შექმნა. უდარდელი ბავშვობა გქონდათო, ვერ ვიტყვით, რადგან ის ომის წლებს უკავშირდება. რა იყო ის, რაც გავსებდათ და გახარებდათ იმ გაუხარელ პერიოდში? - მართლაც, მიუხედავად ომისა და გაჭირვებისა, ძალიან ტკბილად ვიხსენებ ყოველ დღეს, რაც ერთად გაგვიტარებია. საერთოდ, ვთვლი, რომ მეგობრობა უმეტესწილად სკოლის მერხიდან იწყება. ეს ის ასაკია, როცა ყველა თანაბარია და ერთმანეთს ვერაფრით გააკვირვებ. საოცრად გვიყვარდა ერთმანეთი და ერთმანეთისთვის სიმდიდრეს წარმოვადგენდით. დღე არ გავიდოდა, რომ რუსთაველზე არ გაგვევლო. ბავშვობაში თეატრმა გაგვიტაცა. ძირითადად, ეს იყო ადგილი, სადაც საღამოებს ვატარებდით. ბილეთებიც ყველაზე იაფი ღირდა. თანაც დარბაზი თბებოდა. 1945 წელს დავამთავრეთ სკოლა. მძიმე დრო იდგა და ყველას ერთიანად გვიჭირდა. სახლებში გათბობა არ გვქონდა და შევდიოდით ხან რუსთაველის თეატრში, ხან ოპერაში. პარტერის პირველ რიგში ან ლოჟაში ვინ დაგვსვამდა?! ქანდარაზე ვიყავით. როცა გვინდოდა, გამოვდიოდით, როცა გვინდოდა, შევდიოდით. მახსოვს, "ევგენი ონეგინი" გადიოდა. ის ეპიზოდი, როცა ტატიანა წერდა წერილს, საკმაოდ ვრცელი იყო. შეუდგებოდა თუ არა წერას, გავიკრიფებოდით, დაასრულებდა და ჩვენც შემოვდიოდით. ამით რა მინდა გითხრათ? სულიერი საზრდო გვკვებავდა. არ არსებობდა დღე, რომ არ გვენახა სპექტაკლი. ამან დიდი როლი ითამაშა ჩვენზე. გაგვიღვივა ის გრძნობა, რითაც შევძელით შეგვეგრძნო და გაგვეცნობიერებინა ესა თუ ის წარმოდგენა. ერთმანეთში ვმსჯელობდით. ყველას ჰყავდა თავისი კუმირი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაგვესაბუთებინა, რატომ მოგვწონდა! არგუმენტების გარეშე ჩვენ არ ვსაუბრობდით. - ბატონო ნიკო, ვგრძნობ, რომ ზურაბ ანჯაფარიძე თქვენთვის უკვე ტკივილია, ძნელია არსებობა ასეთი მეგობრის გარეშე, მაგრამ... სიცოცხლე გრძელდება, თურმე შესაძლოა ზურაბ ანჯაფარიძე განმეორდეს! ამაში პატარა ზურიკოს ნიჭიერებაც გვარწმუნებს. რას გვეტყვით მასზე? - ასეთ რამეს გეტყვით: როცა პატარა ზურიკო გაჩნდა, ზურაბი ამაყობდა და ამბობდა, მე გინესის წიგნში უნდა შემიყვანონ, ბიჭი 60 წლის ასაკში "შავქმენიო". ძალიან განიცდიდა, რომ ზურიკომ ცოტა გვიან დაიწყო ლაპარაკი. მართლაც, პატარა ხმას არ იღებდა, არა და არა! ყველასდა გასაოცრად, პირველად სიმღერა დაიწყო. ასე ვთქვათ, სიმღერით "აიდგა ენა". ახლა კი იმდენს ლაპარაკობს, რომ ვეღარ ვაჩერებთ (იცინის). სხვათაშორის, მისი ნიჭი ორი მიმართულებით გამოვლინდა: ერთია სიმღერა და მეორე, ხატვა. მინდა გითხრათ, რომ ზურაბის ქვრივი, ქალბატონი მარინა მაჭავარიანი აქ გამოჩნდა შესანიშნავი დედა და კარგ განათლებას აძლევს შვილს. ძნელი სათქმელია, როგორი იქნება პატარა ზურაბი "მუტაციის" პერიოდის გავლის შემდეგ - როგორი ხმა ექნება მას. წინასწარი მონაცემები კი კარგი აქვს. - როგორც ამბობენ, ბატონ ზურაბს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავდა შვილი. - დიახ, ნამდვილად ჰყავს - ეთერ ანჯაფარიძე. იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ითვლება საერთაშორისო კლასის პიანისტად, რომელიც წარმატებით ეწევა საგასტროლო მოღვაწეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და არაერთ საერთაშორისო კონკურსიშია გამარჯვებული. მარი ჩიტაია P.შ. ზურაბ ანჯაფარიძეზე სათქმელ-საწერს რა გამოგვილევს. შეუძლებელია დიდი ადამიანის ცხოვრების ერთი საგაზეთო სტატიით გადმოცემა... ჩემს რესპონდენტს პირველად ზურაბ ანჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე "დავადგი თვალი". დიდ მომღერალზე და უძვირფასეს მეგობარზე უჩვეულო პათოსით საუბრობდა ნიკო ხატიაშვილი, თავადაც შესანიშნავი პიროვნება. ამას მოჰყვა ჩემი მოკრძალებული სატელეფონო ზარიც. - სიცოცხლეშივე უნდა მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ ერთმანეთს, რომ სული გავიკეთილშობილოთ და ცხოვრება გავიხანგრძლივოთ - მითხრა ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ და სახეზე ნათელმა ღიმილმა გაჰკრა... საოცარია ისიც, რომ ბატონ ნიკოს არც მეგობრის სიკვდილის შემდეგ შეუწყვეტია ამქვეყნიდან წასულ ძმაკაცზე ფიქრი. ისევ გრძელდება მეგობრისადმი მიძღვნილი წერილების სერია. მისამართიც, ბუნებრივია, უცვლელი რჩება: "თბილისი, ოპერის ბაღი, ზურაბ ანჯაფარიძეს".
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |