|
"საქართველო "
ტიციანის ქალიშვილი მამის უკანასკნელ დღეებს იხსენებს მარი ჩიტაია
ვაკის ტერიტორიაზე ფიზკულტურის ინსტიტუტის ბალავრის ჩამყრელებს ბორკილებგაყრილი, ნაწამები ჩონჩხების სახით არცთუ შორეული წარსულის შემზარავი კადრები გადაშლიათ... არსებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ვაკის სასაფლაო... ადგილი, სადაც გასული საუკუნის 30-40-იან წლებში არნახული სისასტიკით უსწორდებოდნენ "ხალხის მტრებად" შერაცხული ჩვენი ერის საუკეთესო შვილებს. ვარაუდით, შესაძლოა აქვე აღასრულეს სიკვდილმისჯილი პოეტის, ტიციან ტაბიძის უსამართლო განაჩენიც. ასე სჯერა მის ერთადერთ მემკვიდრეს: მამა თბილისისს არ გასცილებია და 15 ოქტომბერს ვაკის სასაფლაოზე დახვრიტესო... მთაწმინდის ძირში, გრიბოედოვის 18-ში, სადაც თვალწარმტაცად იფურჩქნებოდა ტიციანის ულამაზესი პოეზია და სულის ზეიმი სუფევდა, ცხოვრობს სათნო და სტუმართმოყვარე ქალბატონი - ნიტა ტაბიძე. პოეტი მამის წამებული სული და უკვდავი პოეზია მისთვის უწმინდეს სალოცავად ქცეულა. შევცქერი წინაპართა სიყვარულით გათანგულ მხცოვან ქალბატონს და თითქოს ტიციანის ღვთიური ამოძახილი საოცრების უკვდავ ჰანგად იღვრება: "ღმერთს, პოეზიას, შენს სიყვარულს მე დავაფიცე, წამებულებზე ლოცულობდეს ტანიტ ტაბიძე". მართლაც, წამებულებზე ლოცვაში ათენ-აღამებს ნიტა ტაბიძე. ლექსებთან და გუჯრებთან კენტად დარჩენილი სათუთად დაჰკანკალებს "ვარდების გაშლილ ყვავილებიდან" დაბადებული პოეტის სულიერ საგანძურს. ვინ მოთვლის, ყოველ ახალ სტუმარს, სევდაგარეული სიამაყით უკვე მერამდენედ მოუთხრობს უსამართლოდ გაწირული მშობლის მღელვარებითა და დაუოკებელი სურვილებით აღსავსე ცხოვრების შესახებ... შორიდან, ძალიან შორიდან იწყება მოგონება. თითქოს მეხსიერებაში ფოტოკადრივით გაშეშებულა ბავშვობისდროინდელი ხანა: "სამუდამოდ აღვბეჭდე სულში: ბედნიერი ცისფერი თვალები, ჩემსკენ გამოწვდილი ხელები და მხიარული შეძახილი: ვინ არის ყველაზე ლამაზი? მე კი ბავშვური გულუბრყვილობით უთვალავჯერ გავკივი: მე!.." - ტიციანი დიდ ბავშვს ჰგავსო, - ამბობდნენ თურმე. საკმარისია, მის პორტრეტს თუნდაც ერთხელ შევავლოთ თვალი... შარავანდედით მოსილი აჩრდილივით შემოგვცქერის "დიდი ბავშვი" ფიქრიანი ცისფერი თვალებით, შუბლზე ჩამოშლილი თმებით, სევდიანი ღიმილითა და უმანკო ზრახვებით. წლებსაც სათუთად შემოუნახავთ თანამედროვეთაგან გადმოცემული, უშუალობითა და სისრულით გამორჩეული პოეტის ორიგინალური პორტრეტი: "რანაირი გამოხედვა! თითქოს ბაშვია მიამიტი და ალალი, სათნო, გულღია. შეკრეჭილი თხელი თმა შუბლზე ჩამოშლია. ღრმა და ფართო ცისფერი თვალები ამოკრიალებია. გრძელი, სანთელივით ჩამოქნილი თითები. თითებშუა პაპიროსი ბოლავს და მოღეღილ ხალათზე, ზედ გულისპირთან წითელი მიხაკია მიბნეული". საოცრად ჰყვარებია მიხაკი. დღესაც, პოეტის სახლ-მუზეუმში ამ ყვავილის სურნელი იფრქვევა. ეს არის ტიციანისეული სახლის კოლორიტი. - მას შემდეგ, რაც მამა წაიყვანეს, ჩემი ქალიშვილობის წლებში, რუსთაველის პროსპექტზე ისე არ გამივლია, რომ ყვავილების გამყიდველს მიხაკის პატარა თაიგული არ მოეძღვნა. პატივისცემასა და სიყვარულს, სითბოსა და თანაგრძნობას მატანდნენ ამ ყვავილთან ერთად, - იხსენებს ქალბატონი ნიტა. ტაბიძეთა ტრადიციული ოჯახი მუდამ გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. აქ პოეზიითა და სიყვარულით აღსავსე ადამიანები იკრიბებოდნენ. მათი გართობის საგანი ღვინო, ლექსი და იუმორი გახლდათ. ნიტა ტაბიძე მათ ბოჰემურ ცხოვრებაზე აგრძელებს საუბარს: "ჩემს ოჯახში პოეზიითა და სიყვარულით შეკრული ადამიანები იკრიბებოდნენ. მიჭირს, სათითაოდ გამოვყო ისინი... მოდიოდნენ და პოეზიის ცეცხლი, სითბო და სიყვარული მოჰქონდათ. როცა ბევრი შეგროვდებოდა, ჩვეულებისამებრ, მრგვალ მაგიდას შემოუსხდებოდნენ ხოლმე. მათი გართობის საგანი ლექსი, ღვინო და იუმორი იყო. პოეტური შთაგონებით მოდიოდნენ პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ოვანეს თუმანიანი, კირილე და ილია ზდანევიჩები, ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ბორის პასტერნაკი, ილია ერენბურგი და სხვები. კითხულობდნენ, თარგმნიდნენ, ოხუნჯობდნენ კიდეც, კამათობდნენ ახალ პრობლემებზე... თითოეული ზეადამიანურად მომხიბვლელი ჩანდა. ბოროტების ეპოქამ ტიციან ტაბიძე ხალხის მტრად შერაცხა. მისთვის ამ სამარცხივნო განაჩენის გამოტანა პოეტის საუკეთესო მეგობრის სიყვარულმა დააჩქარა... ხალხში ლეგენდად ვრცელდებოდა ტიციანისა და პაოლოს მეგობრობა. იმდენად ძლიერი ყოფილა მათი სულიერი ერთობა, რომ "სიამის ტყუპები" შეურქმევიათ... - პაოლოს პიროვნებაში საოცარი სული ბინადრობდა, - გვიამბობს ქალბატონი ნიტა, - ჩვენი ოჯახი მის გარეშე ვერ წარმოგვედგინა. განუყრელი გვქონდა ჭირი და ლხინი. საოცარი იუმორის ნიჭი ჰქონდა. სილაღით, სითბოთი და ხალისით გვავსებდა ყველას. მოგეხსენებათ, რომ პაოლოს ძვირფასი სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ლავრენტი ბერიამ თავისთან იხმო მამა და მოსთხოვა მისი სულიერი ძმის "ჯაშუშობის" დადასტურება. "სიამის ტყუპისცალი" ამ ცინიკურ მოთხოვნას სასტიკი უარით შეხვდა. ორი თვის შემდეგ მამა კვლავ დაიბარეს. სახლში მობრუნებული ძალიან ღელავდა, გრძნობდა მოახლოებული ბოროტებას, საფრთხეს. უკანასკნელ დღეებში სახლში ჩაიკეტა. ხან წერდა, ხან წრიალით აწყდებოდა ერთი კუთხიდან მეორეს. - იქნება, შვილო, აღარც დედა გყავდეს, აღარც მამა, შეიძლება ცხოვრებაში ძალიან გაგიჭირდეს, მაგრამ ხალხის არასოდეს შეგრცხვება, - მითხრა დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე. მოდიოდნენ მეგობრები, არწმუნებდნენ: პაოლო მკვდარია, ვერაფერს ვუშველით, საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინეო... ვერ შეძლო!.. მახსოვს, სიმონ ჩიქოვანმა ინახულა. შეუძლებელია, მამის სიხარული გადმოვცე. უსაზღვროდ ბედნიერი ჩანდა. თითქოს იმედმა შემოაბიჯა მისი სახით. ორი დღის შემდეგ მამა წაიყვანეს... ამაოდ არ უწინასწარმეტყველებია ტიციან ტაბიძეს:
"...მაგრამ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწევა, ალბათ, ჩვენ სადმე ჩაგვაძაღლებენ".
მართლაც, ავი დრო წამოეწია და ბოროტად ჩაუსაფრდა პოეტს. ეს იყო უდროობის ეპოქა, რომელმაც ჩაკლა ტიციანის ნიჭი. მან ხომ ალალ-მართალი სიცოცხლე შეურყვნელად მიიტანა ერის სამსხვერპლოზე. 1934 წლით დათარიღებულ ლექსში პოეტმა ბრძანა:
"სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლული ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს, ერთხელ სიკვდილის არ მჯერა..."
ჭეშმარიტად, ერთხელ სიკვდილმა ვერ შეძლო ტიციანის პოეტური სრულყოფილებით აღსავსე სიცოცხლისათვის კარები დაეხშო. პირიქით, პოეტის ტრაგიკული აღსასრული უკანასკნელ ამოსუნთქვად შეერწყა მგოსნის უმშვენიერეს პოეზიას... ჩემი სტატია, ტიციანის ლამაზი სიცოცხლის კვალდაკვალ, მინდა ნიტა ტაბიძის ახალგაზრდობის დამსხვრეული იმედით დავასრულო. ეს ის გულუბრყვილო იმედია, ყოველდღე რომ ელოდა საყვარელი მამის გამოჩენას... უმისამართოდ "წასულ" პოეტს თურმე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ელოდა ცალად დარჩენილი მეუღლეც. ტიციანი იყო ნინო მაყაშვილის ტკივილ-საფიქრალი... სიკვდილის სარეცელზე მყოფმა კიდევ ერთხელ, უკვე უკანასკნელად მოუხმო გარდასულ სულებს. ჰაერს შეკვდომია უმწეო ამონაკვნესი: "პაოლო, სად არის ტიციან?"...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |