"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

"ომის ახალი სახიფათო თეატრები"

(ჟურნალი "TIME". 11.03.2002)

თუ აშშ-ს იმედი აქვთ, ტერორისტებს გზა მოუჭრას მანამდე, სანამ ისინი ლოგანის საერთაშორისო აეროპორტში გამოცხადდებიდან ან ზღვით მივლენ ნიუ-იორკში, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა იქ უნდა დაარტყან მათ, სადაც ისინი ცხოვრობენ, ან სადაც დროებით შეფარებულან ავღანეთიდან გამოქცევის შემდეგ. ბრძოლის ველის უახლესი გაფართოება, რაც გამოცხადებულია გასულ კვირაში, არის იემენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო. აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისევე, როგორც ეს უკვე ხდება ფილიპინებზე, დაიწყება ამერიკული ფულის, საჭურველისა და პერსონალის დენა ამ გაჭირვებაში ჩავარდნილ სახელმწიფოებში იმ მიზნით, რომ მათ ძალებს დაეხმარონ ალ-ქაიდას საცეცთა ამოძირკვაში. მაგრამ ამ ახალ კამპანიებს დასჭირდება მაღალი კლასის დაზვერვა და ფანტასტიკური ხარისხის დიპლომატია.

აშშ-ს ოფიციალურ პირთა აზრით, საქართველოში პანკისის ხეობაში, ამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან სულ ცოტა თორმეტიოდე ("ერთი დუჟინი") ალ-ყაიდელი აფარებს თავს. ფიქრობენ, რომ ისინი იქ მივიდნენ ქაბულის დაცემის შემდეგ, ვინაიდან ეს შორეული ველური ხეობა მშვიდ ნავთსაყუდელად მიიჩნიეს თავის მოძრაობაში ავღანეთიდან ჩეჩნეთისაკენ, სადაც მუსლიმანური აჯანყება ალ-ყაიდასათვის სწორედ რომ სასურველი დასაქმების საშუალებას იძლევა.

აშშ-ის მიერ დაგეგმილ საპასუხო ქმედებათა დიაპაზონი გულისხმობს, რომ ამოცანა არ იზღუდება მხოლოდ ერთი მუჭა ტერორისტების ხელთგდებით. უახლოეს 6 თვეში აშშ გეგმავს, რომ 64 მლნ დოლარი დახარჯოს 1600-მდე ქართველი ჯარისკაცის გასაწვრთნელად ამბოხებათა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. 100-დან 200-მდე ჯარისკაცისა და სხვა სპეციალისტის ჩასვლა საქართველოში დაიწყება ამ თვეში. პროგრამაში შედის აგრეთვე სადაზვერვო მონაცემებით დახმარება და ფიზიკური საგნების მიწოდება, საბრძოლო შვეულმფრენებისა და მსუბუქი იარაღის სახით. "ეს, დაახლოებით, არის საქართველოს უნარის გაზრდა, რომ სასაზღვრო უსაფრთხოება დაიცვას" - ამბობს ერთი ამერიკელი მოხელე.

მაგრამ ამ გეგმის დასახვით ვაშინგტონი, ექცევა კავკასიის ძალადობით სავსე რეგიონის რთულ პრობლემათა შუაგულში და მყარი მოკავშირეობის გზას ადგება საქართველოს ლიდერ ედუარდ შევარდნაძესთან, რომლის ძალაუფლება მკვეთრად შესუსტდა ამ ბოლო წლებში და რომლის გვარი მაღალ ადგილზეა რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ყველაზე ნაკლებად სასურველ პირთა სიაში. პუტინმა, რომელიც საქართველოს იხილავს, როგორც რუსეთის გავლენის სფეროში მყარად მდგომ ერთეულს, საჯაროდ შესთავაზა თანადგომა აშშ-ს ხსენებულ აქციას, მაგრამ საყვედური გამოთქვა, რომ ვაშინგტონმა არ მისცა მასზე ინფორმაცია რუსეთს წინდაწინ. მისი ამ განცხადების შემდეგ მისმა გუნდელებმა უკვე დანა იხმარეს: კრემლთან ახლო კავშირში მყოფმა გაზის კონცერნმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს საქართველოს დედაქალაქ თბილისს.

ამასობაში პენტაგონი ამთავრებს გეგმის დამუშავებას, რომ რამდენიმე ოცეული ჯარისკაცი გაგზავნოს იემენში, რომელიც დიდი ხანია ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენს. თავის აგენტებს იქ გაგზავნის გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI). აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებს მიაჩნიათ, რომ ალ-ყაიდას წევრები იემენს ბაზად გამოიყენებენ, რადგან ეს ქვეყანაც, პაკისტანივით, პოლიტიკური არასტაბილობისა და ისლამური ექსტრემიზმის ფრიად მიმზიდველ ნარევს მოიცავს და, ამასთანავე, საკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რათა შესაძლებელი იყოს პრაქტიკული მოქმედება. იემენის პრეზიდენტი აბდულა სალეჰი ადრე აშშ-ის უხალისო პარტნერი იყო. გამოძიების ფედერალური ბიურო ჩიოდა, რომ იგი "დუნედ და ზანტად" (ეს ოფიციალური პირის სიტყვებია) თანამშრომლობდა ამერიკელებთან მათ საწინააღმდეგოდ 2000 წელს ადენში მოწყობილი აფეთქების გამოძიების საქმეში. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ სალეჰმა, თავისი ხელისუფლების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გზით აშშ-სგან მისაღები დახმარების მიღების ეშხით, გუნება შეიცვალა. მაგრამ მაინც არსებობს იმის რისკი, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების იქ ყოფნამ შესაძლებელია, ხელი შეუწყოს იემენელი ტერორისტების პროვოცირებას ახალ ტერაქტებზე.

ყველაზე დიდი მოხერხება, რა თქმა უნდა, იმას სჭირდება, რომ ამ ორ ქვეყანაში შეიარაღებული თანამშრომლობის დაწყება ახალ პრობლემათა შეუქმნელად მოხდეს. გასულ კვირას სენატის უმრავლესობის ლიდერმა ტომ დაშლემ გამაფრთხილებელ კილოზე განაცხადა ომის უფრო და უფრო ფართოდ გაშლის პროცესის თაობაზე: "სანამ ამ წამოწყებებში ჩვენი რესურსების (იგულისხმება ადამიანური რესურსებიც, რედ.) ჩადებას დავიწყებდეთ, მე მგონი, უფრო ნათელი წარმოდგენის შემუშავება გვმართებს იმაზე, თუ რა მიმართულებას ვადგებით". მის ამ კრიტიკულ შენიშვნას რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერებმა მალე უწოდეს "გამთიშველი" და "საზიზღარი" და ორატორის თანამოპარტიე დემოკრატებშიც კი მან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ეს ფაქტიც ერთ-ერთი საზომია იმისა, თუ როგორი წამლეკავი უპირატესობით აჭარბებს ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობის აზრი რისკის შესახებ დაფიქრებას.

კომენტარის მაგიერ

ჩახედული ქართველი მკითხველისთვის ამ წერილში გასაკვირი ის გახლავთ, რომ ამერიკელი ავტორი შევარდნაძეს რუსეთისათვის არასასურველ კაცად თვლის. ეს რომ ასე არ არის, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ გასული წლის ნოემბერში, როცა შევარდნაძის გადადგომის ლოზუნგი პარლამენტის წინ შეკრებილ მიტინგებზე უკვე ხმამაღლა გაისმა, რუსეთის ტელევიზიამ ძალიან მკაფიოდ მიჰყო ხელი იმ პოზიციის სიმულაციას, თითქოს შევარდნაძე მისი მტერი და დასავლეთის მოყვარე იყოს. შევარდნაძის მთელი ათწლიანი მოღვაწეობა თავისუფალი საქართველოს სათავეში რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის დაბრუნების ჩუმი მომზადებაა, რომელმაც თავის შედეგს ნაწილობრივ (და, საბედნიეროდ, მხოლოდ ნაწილობრივ) მიაღწია, ეს "საქართველოს" მრავალჯერ დაუწერია და ამ თემაზე აქ აღარ შევჩერდებით. ახალი ამ მხრივ ამ ბოლო თვეებში მხოლოდ ის გახლავთ, რომ ჩეჩნების თითქოსდა პანკისში "წვრთნის" თემა, ისევე როგორც მათი თითქოსდა საქართველოს გავლით იარაღით მომარაგების თემა ქართულ ტელევიზიაში საგანგებოდ დატრიალდა და ჩეჩნების გადაყვანა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე იმისთვის მოხდა, რომ საქართველოზე რუსეთის პირდაპირი შეიარაღებული დარტყმის საბაბი შექმნილიყო. შევარდნაძე-პუტინის ეს ჩუმი გარიგება (უფრო ზუსტად: შეთქმულება) მხოლოდ იმის წყალობით ჩაიშალა, რომ ამერიკელები, წინააღმდეგ შეთქმულთა მოლოდინისა, აზიის ომში არ ჩაეფლნენ (პირიქით, ავღანეთის კამპანია ორი კვირის მანძილზე მოიგეს) და ნათლად განაცხადეს, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საქართველოს დავიცავთო. ამერიკელების სისტემატურ განცხადებებს, შევარდნაძის ხელისუფლების არსებობას საქართველოში დღეს მხარს ვუჭერთო, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი მას იცავენ ღია კომუნისტური გადატრიალებისაგან გიორგაძეების, პატიაშვილის, ჭაჭიას და მათ მსგავსთა ხელით, რადგან ასპარეზზე ღიად გამოსულ სხვა მასშტაბურ ძალას საქართველოში დღეს ვერ ხედავენ, და იგი, ჯერჯერობით მართლაც ორგანიზებული არ არის იმ უმძიმესი მორალური ტრავმის გამო, რომელიც ქართველმა ერმა 1991-92 წლების ტრაგედიის შედეგად მიიღო.

ძალთა რეალურ განლაგებას საქართველოს გარშემო ჩვენ ასე ვხედავთ: დასავლეთისთვის შუა აზიაში დამკვიდრება დღეს, და არა ხვალ, სასიცოცხლო ინტერესია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქ ჩინეთი დამკვიდრდება და 20-30 წლის მანძილზე თავისი რესურსებით დასავლეთისთვის დაუძლეველ მოწინააღმდეგედ გაიზრდება. გარდა ამისა, შუა აზია ევრაზიაში შესაძლებელი ყველა დიდი ფრონტის ზურგია, ანუ მსოფლიო ხმელეთის ცენტრია, და მისი გეოპოლიტიკურად წაგება ევრაზიის წაგებას ნიშნავს. რეალური გზა, ანუ სანდო და უხიფათო გზა დასავლეთს შუა აზიისკენ მხოლოდ ამიერკავკასიიდან აქვს. ამიტომ რუსეთს ამიერკავკასიაში გასაბატონებლად დასავლეთი არასოდეს აღარ მიუშვებს. იგი არ დაუშვებს იმას, რომ ამიერკავკასია კვლავ რუსეთის გეოპოლიტიკური საყრდენი გახდეს, რის შედეგადაც შუა აზია, ხატოვნად რომ ვთქვათ, მის მარცხენა ჯიბეში მოექცევა, შავი ზღვა კი - მარჯვენაში. რუსეთის მრავალრიცხოვან ქართველ აგენტურას ეს არ ესმის, თავისი ვიწრო ჰორიზონტის გამო, და ამიტომ იმედი აქვს, რომ რუსეთისადმი ერთგულება მას რაღაცა მოგებას მოუტანს. მაგრამ რაც დრო გავა, ისინი უფრო და უფრო მიხვდებიან, რომ ანგარიშში ცდებიან.

მრავალნი ფიქრობენ (და რუსეთის ჩუმი პროპაგანდა ამ აზრს გულმოდგინედ ავრცელებს), რომ რუსეთსა და ამერიკელებს დედამიწა ჩუმი შეთანხმებით განაწილებული აქვთ. ეს ასე არ არის (თუ გნებავთ: აღარ არის). ამერიკელები დღეს რუსეთს აღარ ევაჭრებიან, არამედ განკარგულებებით ელაპარაკებიან, და მათი განკარგულებები ისევე სავალდებულოა რუსეთის პრეზიდენტის პუტინისათვის, როგორც რუსეთის აგენტი შევარდნაძისათვის. მაგრამ ისინი ამ განკარგულებებს ძალიან ეკონომიურად იძლევიან (რათა უზარმაზარი ბირთვული პოტენციალის მქონე პარტნერი ზედმეტად არ გადატვირთონ), ანუ მხოლოდ ძირითად სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკური სტრატეგიის საკითხთა ჩათვლით. ამიტომ დღეს რუსეთის პოლიტიკა ამერიკელებთან ურთიერთობაში იმაშიღა მდგომარეობს, რომ ამ უკანასკნელების განკარგულებასა და განკარგულებას შორის თავისი ინტერესი "გააძვრინონ", მათ შორის - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ინტერესიც. სწორედ ამ ინტერესთა გატარებაში ემსახურება მათ შევარდნაძე. საქართველოს საკუთარი ინტერესები, როგორიცაა, მაგალითად, სეპარატისტების მოთოკვა და დემოგრაფიულ კატასტროფასთან ბრძოლა, პოლიტიკურ საკითხთა სწორედ იმ ჯგუფში შედის, რომელზედაც დასავლეთის განკარგულება არ არსებობს და რომელშიც რუსეთი თავისი ხაზის გატარებას ცდილობს. სწორედ აქაა, ძირითადად, შევარდნაძე რომ მას ემსახურება და საქართველოს ინტერესებს წირავს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com