|
"საქართველო "
ამერიკელთა ბირთვული და საგარეო პოლიტიკა
ქვესათაურით "ბუშის ბირთვული სტრატეგია უპირატესად რადიკალური და სწორია, მაგრამ არა ურისკო" "ეკონომისტი" აქვეყნებს მისი ამ პოლიტიკის ანალიზს, თავისი გაცხადებული მიზნის თვალსაზრისით - რომ შეამციროს ამერიკელთა დამოკიდებულობა ბირთვულ იარაღზე - ჟურნალის აზრით, ბუშმა ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. მას უსაყვედურებენ, კერძოდ, რომ ამერიკის უსაფრთხოების განმტკიცებას ცდილობს სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე და რომ იგი უგულებელყოფს შემზღუდველ შეთანხმებათა მთელ სისტემას, რომლებიც, ასე თუ ისე, ამერიკის უსაფრთხოებას ხელს უწყობდნენ. იგი ქმნის ანტისარაკეტო დაცვას და ბალისტიკური რაკეტების შემზღუდველი ხელშეკრულებიდან გამოდის. იგი უარს ამბობს ბირთვული იარაღის სავალდებულო, ანუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შეკვეცაზე და მას ერთმხრივი, ანუ არასავალდებულო შეკვეცის გეგმით ცვლის, ასევე, უარს ამბობს ბირთვულ გამოცდათა აკრძალვის რატიფიკაციაზე ცალმხრივი - და, მაშასადამე, არასავალდებულო - მორატორიუმის სასარგებლოდ. მან ხელი აიღო ამერიკელთა ტრადიციულ თავშეკავებაზე ბირთვული იარაღის გამოყენებისაგან და შესაძლო სამიზნეთა რიცხვს კიდევ რამდენიმე ახალი ქვეყანა დაუმატა. ასეთ "ბრალდებათა" სია გრძელდება, მაგრამ, ჟურნალის აზრით, ბუშის პოლიტიკას, ძირითადად, თავისი გამართლება აქვს. ბირთვულ იარაღს დღეს ამერიკელთა სამხედრო დაგეგმვაში ნაკლები როლი ეკუთვნის, ვიდრე ადრე. აქედან - ბუშის გეგმა 6000 საბრძოლოდ მზა ქობინის დაყვანისა 2000-ზე, ძველი პოლიტიკა მუდმივი საურთიერთო "წკიპზე" ყოფნისა რუსეთთან ბირთვული ომისათვის მზაობის სახით ამერიკას ახლა აღარ სჭირდება და ხელს არ აძლევს: დღეს იგი ახალი, სხვა საშიშროების წინაშეა, სახელდობრ, სხვა ქვეყნებისაგან დარტყმის წინაშე, რის გამოც იძულებულია იმ დასატოვებელი 2000 ქობინის მოხმარება და სამიზნეები ძალიან დინჯად და სკრუპულოზურად გათვალოს. დასავლეთის ბირთვული ძალები ადრე ამბობდნენ, რომ არ იხმარდნენ ბირთვულ იარაღს უბირვთო ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ ამას ვალდებულებად არ კისრულობდნენ (შეგნებულად). კლინტონიც და უფროსი ბუშიც თავის დროზე დაჰმუქრებიან ერაყს ამ მიმართულებით. უმცროსი ბუშიც არ ჰპირდება ახალ საშიშ ქვეყნებს, რომლებსაც მასობრივი მოსპობის იარაღი აქვთ ან მის მოპოვებას ლამობენ (ირანი, ერაყი, ლიბია, ჩრდ. კორეა და სირია), რომ ბირთვული იარაღით დასჯის უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ არც გამორიცხავს ასეთ დარტყმას. საბედნიეროდ, მათი მხრიდან დარტყმის აღსაკვეთად სხვა, არაბირთვული გზებიც არსებობს: ერთია რაკეტსაწინააღმდეგო ადგილობრივი დაცვის მოწყობა (რაც მათ ცდუნებას შეუსუსტებს), მეორეა მათთვის ბირთვული და სხვა იარაღის შეძენის გზების მოჭრა (ანუ "არაგავრცელების" პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება. საუბედუროდ, ამაში აშშ ყოველთვის ვერ პოულობს მსოფლიოს სხვა ძალთა მხარდაჭერას. მაგალითად, ერაყზე კონტროლის განხორციელება ბოლო კრიზისის დროს ამერიკელებს შეუშალა რუსეთის და სააფრანგეთის "წამხალისებლურმა" პოლიტიკამ ერაყის მიმართ, რომელიც ამ ორი ქვეყნის სანავთობე ინტერესებით იყო განპირობებული. ასე რომ, ჟურნალის აზრით, ბუშის პოლიტიკა სწორია, ოღონდ ბუშმა უსათუოდ უნდა დაიცვას ერთი პირობა: სახელდობრ, მან არ უნდა წაშალოს ხაზი ბირთვულსა და არაბირთვულ იარაღებს შორის. ბუნებრივია, რომ ამერიკას სჭირდება მომცრო ბირთვული ქობინების შექმნა, რომლებიც უფრო ელასტიურად გამოიყენება სხვადასხვა ამოცანებისთვის, მაგრამ ეს მეტისმეტად დიდი რისკია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მოქმედება სხვებსაც უხსნის ბირთვული იარაღის შექმნისა და სრულყოფის გზას. ახალ ბირთვოსან საშიშროებებთან მიმართებაში ბუშის საზრუნავი უნდა იყოს ბირთვული გამოცდების აკრძალვა საყოველთაო ხელშეკრულების ძალით, მაგრამ ამას იგი ვერ ეთანხმება იმიტომ, რომ იმ მომცრო ქობინების განვითარება უნდა (რისთვისაც მისი ქვეყნის ლაბორატორიები, ჟურნალის სიტყვით, მზად არიან). მით უმეტეს, რომ სპეციალიზებული ქობინები მათ სჭირდება იმ შემთხვევისათვის, თუ მის ახალ მოწინააღმდეგეებს სადმე მეტად ღრმად ჩამარხული ბაქტერიოლოგიური საწყობები აქვთ, რომლებსაც სწორედ ასეთი ქობინების გამოყენებით თუ მისწვდებით. ამიტომ ჟურნალი ურჩევს ბუშს, არავითარ შემთხვევაში ხელი არ აიღოს ბირთვულ გამოცდათა აკრძალვის ხელშეკრულებისათვის ბრძოლაზე. მეორე წერილში ქვესათაურით "პენტაგონის ბირთვული პოლიტიკა დიდწილად ძველის გაგრძელებაა, არა შეცვლა" ჟურნალი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბუშის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივებზე და მის შესაძლო სამიზნეებზე გაუმართლებლად შემტევი იყო ("ნიუ იორკ ტაიმსმა" ისიც კი დაწერა, რომ ეს განცხადებები "არამზადა სახელმწიფოთა" შესაფერისი იყო). ეს წერილიც მიიჩნევს, რომ ბუშის მიერ გამოყენებული პრინციპი - შესაძლო აგრესორმა იცოდეს, რომ მასობრივი მოსპობის იარაღის გამოყენებას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება! - ახალი არ არის, ოღონდ სიტუაცია გართულებულია ახალი შესაძლო ბირთვოსნების გამოსვლით მსოფლიო ასპარეზზე, რის შემაშფოთებელ ილუსტრაციად თუნდაც ის გამოდგება, რომ ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, თუ ამერიკელი "ბირთვული ფანატიკოსები" ბირთვულ დარტყმას გაბედავენ, ისინი "ბირთვულ კატასტროფაში" განადგურდებიანო.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |