"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

თურქეთი და ევროკავშირი

ირმა ჩაიტაია

თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ჩვენ გვაინტერესებს საით მიდის და საით წავა ჩვენი 70-მილიონიანი ევროპეიზირებული მეზობელი თურქეთი, აგრეთვე - სად გაუშვებენ მას, მისი მკვეთრი ანტიქურთული საშინაო პოლიტიკის მიუხედავად, და სად არ გაუშვებენ. მეორეც, ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირის პოლიტიკა, რომლის კარებსაც ჩვენ მიკაკუნებას ვუპირებთ მომავალში. ამიტომ შემოკლებით ვაქვეყნებთ "ეკონომისტის" (თჰე Eცონომისტ) მასალას ამ თემაზე.

ჟურნალის სიტყვით, თურქეთისთვის ნათელი არაა, სურს თუ არა ევროპას მისი შეშვება ევროკავშირში. ამ ყოყმანში უკვე მრავალმა წელმა ჩაიარა. ახლა თურქეთიც კითხულობს: უნდა თუ არა თვითონ მას ევროკავშირში შესვლა? ხომ არაა დრო, ევროპული ორიენტაციის ალტერნატივა ეძებოს - რაკი "ევროპა უარყოფითად უყურებს თურქეთის ეროვნულ ინტერესებს" (თურქი გენერლის სიტყვებით, რომელიც ამ კითხვას სვამს) და მის ნაცვლად თვალი მიაპყროს თავის ისტორიულ მტრებს - ირანსა და რუსეთს? ეს კითხვა ჩაჟანგებული ქემალისტებისათვის (ათა-თურქის მიმდევრებისათვის) ახალი არ არის და მას მკვეთრად დადებითი პასუხიც ჰქონდა გაცემული ოციან წლებში. ახლა ეს კითხვა ცოცხლდება, მაგრამ არა ვიღაცა შემთხვევითი კაცის პირით, არამედ თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის, გენერალ ტუნჩერ კილინჩის პირით (ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთში, ტრადიციულად, ქვეყნის ბედსა და მიმართულებას არმია წყვეტს და ეს საბჭო თურქეთში, ფაქტობრივად, გადაწყვეტილებათა მიმღები უმაღლესი ორგანოა. რედ.). გენერლის დასმული კითხვა ახლა "ბობოქრობს" თურქეთში, მით უმეტეს, რომ პრინციპული გადაწყვეტილებების აუცილებლობა, სწორედ რომ ევროპასთან დამოკიდებულების მიმართულებით, დრომ მოიტანა და თურქეთს ცალსახა პასუხს სთხოვს. საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთს დღესდღეობით (არც თუ დიდი ხანია) ისეთ ძალთა კოალიცია მართავს, რომელთა პოზიციები გარეგნულად ურთიერთშეუთავსებადია (თუმცა ძირში ერთნაირად ეროვნულია. ამაზე ჩვენმა გაზეთმა არაერთხელ დაბეჭდა მასალები. რედ). ესენი არიან ულტრანაციონალისტები, კონსერვატორები და მემარცხენეები და მათი მსჯელობის თემებს შორის არის ისეთიც, რომელიც მხოლოდ ევროპის მიერაა თავს მოხვეული, და არა ქვეყნის შინაგანი აუცილებლობის მიერ მოტანილი: სიკვდილით დასჯის გაუქმება (რაც აუცილებელია ევროკავშირში მიღებისთვის) და ქურთული ენის შეზღუდვათა შერბილება. ევროკავშირის წევრების კანდიდატად თურქეთი მხოლოდ 1999 წელს მიიღეს. ღირს ახლა ამ ხაზის დაგვირგვინებისათვის ისეთი მსხვერპლის გაღება, როგორსაც ზემოხსენებული მეორე მოთხოვნა წარმოადგენს? ჟურნალის სიტყვით (რომელზედაც ორი აზრი არ არსებობს), "თუ თურქეთს უწერია სრულ დასავლურ დემოკრატიად გახდომა, სამოქალაქოებს მოუხდებათ იმდენი გამბედაობა მოიკრიბონ, რომ გააუქმონ შეიარაღებულ ძალთა მუდმივი ზეგავლენა პოლიტიკაზე. გენერალ კილინგჩის გამოხდომა გულისხმობს, რომ ეს ყველაზე უფრო ძნელი რეფორმა იქნება".

ჟურნალის თქმით, გენერლის სიტყვებს "არც მაინცდამაინც სერიოზულად ღებულობენ". უკვე ათწლეულებია, სამხედროები ეწინააღმდეგებიან როგორც ისლამისტ რადიკალებს, ისე ქურთ სეპარატისტებს და ეს ორივენი თურქეთის უდიდეს საშიშროებად მიაჩნიათ. მაგრამ ირანს ამ ორივე სახიფათო ელემენტის მხარდამჭერად თვლიან. ქურთებისადმი დამოკიდებულებით ისინი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის კურსს (თურქეთის "ეროვნულ ინტერესებში", რომელიც გენერალმა ახსენა, ცხადია, სწორედ ქურთებისადმი დამოკიდებულება იგულისხმება. რედ). მთავრობის მომხრე მასმედია გენერლის მკვეთრ განცხადებას არბილებს იმით, რომ ამბობს, გენერალმა მხოლოდ სათადარიგო გეგმა წამოაყენა იმ შემთხვევისათვის, თუ ევროკავშირთან ურთიერთობა ვერ მოვაგვარეთო.

თურქეთში არის აზრი, ევროპელები გვატყუებენო: ისინი დაგვაკანონებინებენ ქურთების უფლებებს, დაგვათმობინებენ კვიპროსზე, დაგვათმობინებენ ბერძნებისათვის სადავო კუნძულებს ეგეოსის ზღვაში, შემდეგ კი კარს მოგვიჯახუნებენ ცხვირწინო (შევახსენებთ მკითხველს, რომ ევროკავშირში შესვლა თურქეთს დიდ ეკონომიკურ მოგებას უქადის). არის უფრო მწვავე პროგნოზიც. ანკარელი პროფესორი ჰასან უნალი ფიქრობს, ევროპელებს აზრად არა აქვთ ჩვენი ევროკავშირში მიღებაო. დღევანდელი ტემპით თუ იმრავლა, თურქეთის მოსახლეობა 20 წელიწადში 20 მილიონი იქნება და ევროპას არ უნდა, ესოდენ ძლიერი ახალი წევრი გაირიოსო. გარდა ამისა, ჩვენ თუ ევროკავშირში ვიქნებით, ამით იგი ერაყისა და ირანის მეზობელი ხდება და ეს მისთვის სასურველი არაა, ამიტომ მას უნდა, ჩვენ ზღუდედ ვყავდეთ "თავისთავსა და იმ სიბინძურეს შორისო". ევროპისადმი ეჭვს თურქეთში აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ევროპელებმა უარი თქვეს თხოვნაზე, ტერორისტებად აღეარებინათ ქურთული მებრძოლი პარტია "პკკ" (მისი ლიდერი ოჯალანი პატიმრობაშია) და განსაკუთრებით მანკიერი მემარცხენე ორგანიზაცია "დჰკპ". მიუხედავად ამ ყველა მოსაზრებისა, გამოკითხვები მაინც გვიჩვენებს, რომ თურქთა დიდი უმრავლესობა ევროკავშირში შესვლის მომხრეა, ხოლო პოლიტიკოსთა რეაქცია გენერლის გამოხდომაზე, ჟურნალის აზრით, იმას მიგვანიშნებს, რომ გენერლის და მისი თანამოაზრეების პოზიციას, პირველ ყოვლისა, განაპირობებს საფუძვლიანი შიში, ევროსაბჭოში თურქეთის გაწევრიანების შემთხვევაში მასში არმიის პოლიტიკურ ბატონობას ბოლო მოეღებაო. მემარცხენე პრემიერმინისტრმა ეჯევითმა პირდაპირ თქვა, "ევროკავშირში შესვლა თურქეთის უფლებაა, მას ალტერნატივა არა აქვსო". გენერლის სიტყვებს მკვეთრად დაუპირისპირდნენ სხვებიც, მათ შორის კონსერვატიული მიმართულებისანი. ჟურნალი ამ წერილს ამთავრებს შენიშვნით, ამ ათწლედების "თურქეთის სწორი აღწერა ესაა, ახლა კი საქმე იმაზეა, გახდება თუ არა, და თუ "ჰო", როდის გახდება ეს აღწერა არასწორიო".

რედაქციისაგან. მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ თურქეთის რუსეთთან ალიანსს კარგა ხნის ისტორია აქვს. მისი მეორე რეალიზაცია იყო რუსეთის აქტიური მრავალმხრივი დახმარება თურქეთისათვის ბერძნებთან ომში, რომელთაც ზურგს უკან ინგლისი ედგათ (1922 წ.). ეს ფაქტი ფართოდაა ცნობილი. პირველი კი იყო მათი მჭიდროდ შეთანხმებული მოქმედება 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობის პროცესში, როცა მე-11 რუსული არმიის შემოტევა აღმოსავლეთიდან და თურქული არმიის შემოტევა სამხრეთ-დასავლეთიდან შეთანხმებულად, ერთ დღეს დაიწყო (ამაზე გაკვრითაა ლაპარაკი რუსეთის სარდლის გეკერის ბრძანებაში შეტევის დაწყების შესახებ).



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com