|
"საქართველო "
რა კაცია თბილისის პოლიციის ახალი შეფი ლევან მაისურაძე?! ლია რეხვიაშვილი
თბილისის პოლიციის შეფის სავარძელი ისეთი სისწრაფით "ივსება" და თავისუფლდება ამ ბოლო დროს, იმდენი სკანდალი და აურზაური უკავშირდება მას და მასში მოკალათებულ ჩინოსნებს, საზოგადოებას თვეობით ჰყოფნის "თავშესაქცევად". სოსო ალავიძის, კახა ბაკურაძის სახელებს ამ დღეებში კიდევ ერთი ლევან მაისურაძეც მიემატა. ეს უკანასკნელი იმდენად კარგი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში, ბევრს გაუკვირდა კიდეც, ქალაქის პოლიციის შეფობას როგორ დასთახმდაო. წავა თუ არა "გასვრილი" ამ თანამდებობიდან ჩვენი რესპოდენტი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გვინდა, მივულოცოთ ბატონ ლევანს წარმატებები და აქვე გავარკვიოთ, ვინ არის იგი, რით მოვიდა ამ სიმაღლეზე და რა ქონებით წასვლას აპირებს. - ბატონო ლევან, კახა ბაკურაძის პირველი ნაბიჯი თბილისის პოლიციის შეფად მოსვლის შემდეგ არაბი ბიზნესმენების გათავისუფლება გახლდათ. ამ იდუმალებით მოცული საქმის გახსნით მან საზოგადოებას, ასე ვთქვათ, "კოჭი გაუგორა", რათა სიმპათია დაემსახურებინა. თქვენ რით აპირებთ საქმის დაწყებას? - კონკრეტულ იდეებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მე საქმის კეთება მაქვს დაგეგმილი. რას და როგორ მოვიმოქმედებ, მე მომავალი მაჩვენებს, თქვენ კი - შედეგი. ფაქტობრივად, დღეს ჩემი მუშაობის პირველი დღეა, ამიტომ კონკრეტულ და გლობალურ გეგმებზე საუბარს არ მოვყვები, უხერხულიც კია. - თქვენმა წინამორბედმა კოლეგებმა სავარძელი საკმაოდ სკანდალურად დატოვეს. თქვენ ახალგაზრდა ხართ და კარგი რეპუტაციით სარგებლობთ. რისკის ქვეშ ხომ არ დააყენეთ მშვენივრად დაწყებული კარიერა? - მე არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიმუშავე. თუნდაც ბოლო წლებში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს უფროს გახლდით, შემდეგ კი საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი. პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. დღეს კიდევ უფრო მეტად გავუფრთხილდები საკუთარ ავტორიტეტს. რადგან შს სამინისტროს საბჭომ ჩემი ამ თანამდებობაზე დამტკიცება გადაწყვიტა, მაქსიმალურად ვეცდები, მათი ნდობა გავამართლო და ჩემი რეპუტაცია შევინარჩუნო. - გამოდის, ადვილად დათანხმდით შემოთავაზებულ წინადადებას და გადაწყვეტილების მიღება არ გაგჭირვებიათ? - საერთოდ, ნებისმიერი ნაბიჯი და მით უფრო, თანამდებობაზე წასვლა ადამიანს ავალდებულებს, კარგად განსაჯოს, გააანალიზოს ის სირთულეები, პრობლემები, რასთან შეჭიდებაც მოუხდება. გადაწყვეტილება შეუძლებელია, ადვილად მიმეღო. რადგან შსს საბჭომ ჩემი კანდიდატურა ერთხმად წამოაყენა, მე როგორც პოლიციელი, ვალდებული ვარ, ყველა ღონე ვიხმარო, რათა ჩემი მოღვაწეობა შედეგიანი აღმოჩნდეს. - უკვე წარმოდგენილი გაქვთ, როგორი იქნება პოლიცია ცოტა ხნის შემდეგ? - საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების სარეფორმო კომისია მუშაობს. რეფორმის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება ის სტრუქტურა, რომელიც მისაღები იქნება პოლიციისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ისე როგორც ეს განვითარებულ ქვეყანას შეეფერება. ვიმედოვნებ, დახვეწილი სისტემა შეიქმნება. - პოლიციელები ჩვენთან არანაკლებ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ბოროტმოქმედები, ვისაც ისინი იჭერენ. ამის აღმოფხვრა, მგონი, არც ისე ადვილი უნდა იყოს. - პირველი რის გაკეთებასაც ვაპირებ, სწორედ ეს გახლავთ. საქართველოში ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს... ერთ რამეში კი ვერ დაგეთანხმებით, არაერთი ფაქტია, როცა პოლიციელები დანაშაულისთვის ისჯებიან და დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებიან. ეს უკვე საქმეა, არა?! - საქმეს პოლიციელები სხვასაც ბევრს გვაჩვენებენ. თუნდაც თქვენს სავარძელზე ამბობენ, ვინც აქ მოდის, უკან სრა-სასახლეებით ბრუნდებაო. თქვენ ცდუნებას გაუძლებთ? - არც დიდი ავლადიდებით მოვსულვარ და არც სასახლეებით წასვლას ვაპირებ. ეს გამორიცხულია. მე იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც თანამდებობას ამ ნიშნით აფასებს. დასამალი არაფერი მაქვს. ჩემი ქონება დეკლალირებულია. წავალ იმით, რითაც მოვედი. - წარმატების მისაღწევად საქართველოში რაა საჭირო? - ნიჭი, გონიერება, პროფესიონალიზმი. - "ზურგი"? საკუთარ გამოცდილებას ხომ არ გაგვიზიარებთ? - ვერ დაგეთანხმებით, თავისი გზა ყველამ თვითონ უნდა განვლოს. მხარზე არავის უნდა ჩამოეკიდო და სხვის ზურგს არ უნდა ამოეფარო. ადამიანმა თავისი ცხორებით უნდა იაროს და საკუთარი ნიჭი და პროფესიონალიზმი უკეთეს შედეგს მოუტანს. - მაინც არ გვეტყვით, რა კაცია ლევან მაისურაძე? - როგორ გითხრათ, საკუთარი თავის შეფასება ძნელია და თანაც უხერხული. სხვებმა შემაფასონ, უპრიანი იქნება.
P. S. ჩემი რესპონდენტის ბოლო ფრაზებმა ფრიდრიხ ნიცშეს "ესე იტყოდა ზარატუსტრა" გამახსენა. "უკეთუ მაღლა ასვლა გსურს, ისარგებლე საკუთარი ფეხებით. ნებას ნუ მისცემთ წაგიღონ, ნუ შეჯდები სხვის თავსა და ზურგს! შენ ცხენზე შეჯექი? ან სწრაფად მიჰქრი შენი მიზნისაკენ?.. შენი კოჭლი ფეხიც შენთან ერთად ზის ცხენზე!... შენი ცხენიდან ჩამოხტები შენი სიმაღლით... ფეხს წამოჰკრავ!" ბატონო ლევან, კვლავაც თქვენი ნაბიჯებით გაგეგრძელებიოთ სიმაღლეების დაპყრობა და ფეხიც არსად წამოგეკრათ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |