|
"საქართველო "
ტერორიზმი. არსებობს თუ არა მისგან დაცვა?
დღეს, სამწუხაროდ, უკვე ნათელია, რომ XXI საუკუნე ტერორიზმისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნის ქვეშ ჩაივლის. ტერორიზმი ომის ახალი სახეა - გამოცხადებული ან გამოუცხადებელი, წესთა არმქონე, ჯარისკაცისა და ბავშვის ვერგამრჩევი, მასობრივი და განსაკუთრებით დაუნდობელი. ეს ის ფაქტორი გახლავთ, რომლის გამო, თანდათანობით, კაცობრიობის ცხოვრების ყველა მხარე შეიცვლება, მოქალაქეთა კონტროლის ტექნიკური საშუალებებით დაწყებული და იურიდიული თუ პოლიტიკური ნორმებით დამთავრებული. შეიცვლება, რა თქმა უნდა, უარესისკენ. ამ ჩამონათვალში ჩვენ შეგნებულად არ ჩავრთეთ სიტყვები "მორალური", "ზნეობრივი" და "ეთიკური", რადგან ამ საშინელი სენის გავლენა ზნეობას ვერ მისწვდება: იგი მხოლოდ გაუძნელებს ადამიანს მის მცნებათა მიყოლას. ზნეობის უკუსვლისათვის ხომ საჭიროა კაცობრიობის გონებრივი უკუსვლა, ეს კი, გლობალური მასშტაბით, შეუძლებელია. საშიშროების მასშტაბზე მეტყველებს თუნდაც ჟურნალ "თIME"-ის მიერ მოწოდებული ფაქტი, რომ გასულ ოქტომბერში აშშ-ის რიგ სამთავრობო სამსახურებში შეტყობინებული იყო საგანგაშო ცნობა, რომ ტერორისტთა ჯგუფს რუსეთის არსენალებიდან ნაშოვი ჰქონდა 10 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული იარაღი და მის ნიუ-იორკში შეტანის ორგანიზებას ეწეოდა. საქართველოსთვის კაცობრიობის ამ ახალი ჭირის გაჩენას ერთი სპეციფიკური, სხვა ქვეყანათაგან განსხვავებული საშიშროებაც ემუქრება: ეს ის გახლავთ, რომ ტერორისტებისთვის გამოსადეგი ყველა ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის - მასობრივი განადგურების ყველა საშუალების უსასრულო არსენალი აქვს რუსეთს, რომელიც დღეს საქართველოს მიმართ - არც მეტი, არც ნაკლები - სრული (ტოტალიტარული) აგრესიული დაპირისპირების (თვით ფიზიკური მოსპობის ჩათვლით) პოზიციაში დგას და, ამასთანავე, საქართველოში მრავალათასიანი ორგანიზებული აგენტურა გააჩნია. საკმარისია, საქართველოს მიმართ თუნდ ერთი მეორეხარისხოვანი ტერორისტული ჯგუფის გაღიზიანება გაჩნდეს ან მუქარა გამოითქვას, - და რუსეთი მაშინვე, იმ ტერორისტის ნიღბისქვეშ აამოქმედებს ყველა ამ საშუალებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საბრძოლო, ტექნიკურ, იურიდიულ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ საშუალებებზე დღეს ყველა ფიქრობს და ყველა სოლიდური ჟურნალი წერს. მოვიყვანთ ამ თემისადმი მიძღვნილ ანალიტიკურ მასალას "თIME"-იდან. ბრძოლის პირველი საშუალება: ინფორმაციის მოგროვება. ამ მხრივ აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ჩIA) საკმაოდ უჭირს, რადგან იგი, ტრადიციულად, მიმართულია სსრკ-ს მოგერიებაზე და, შესაბამისად, აქცენტი გადატანილი აქვს დაზვერვის ტექნიკურ საშუალებებზე და არა ადამიანთა მიბირებაზე. საკმარისია ითქვას, რომ ტერორისტთა მიერ იმ ბირთვული იარაღის ხელთგდების ამბავი, ზემოთ რომ ვახსენეთ, მომდინარეობდა აგენტისგან, რომელიც "გაურკვეველი სანდოობის" აგენტად ითვლებოდა და ამ ცნობის სიმძიმის მიუხედავად, მისი გაყოლა საეჭვო გახდებოდა, იმავე დროს რომ რუს გენერალს არ განეცხადებინა, ჩემს არსენალში 10 კილოტონიანი ბირთვული იარაღი გამიქრაო. აგენტურის დიდი ნაწილი რუსულს ფლობს, და არა იმ ენებს, რომლებიც დღევანდელ ამოცანებს სჭირდება. ავღანეთის ომისას, მაგალითად, ძალიან დიდ სიძნელეს ქმნიდა ენის მცოდნე აგენტთა ნაკლებობა. ეს განაპირობებს ტერორისტულ ორგანიზაციებში შეღწევის სიძნელეს, ხოლო მათში შეუღწევლობა - სისუსტეს. მაგალითად, მანჰეტენში იმ 10 კილოტონის აფეთქება მოკლავდა 100 ათას სულს და დაასხივებდა 700 ათასს, მაგრამ უმაღლესი მოხელეები აღიარებენ, რომ, თუ გაიგებდნენ, იარაღი მანჰეტენშია შეტანილი, შემდგომ მოვლენათა განვითარებაში ჩარევას ნაკლებად თუ შეძლებდნენ. არაერთი ექსპერტის შეფასებით ტერორისტებისგან ამერიკელები დღესაც ისეთივე დაუცველნი არიან, როგორნიც იყვნენ 10 ან 12 სექტემბერს. თუმცა ტერორისტების საწინააღმდეგოდ ამერიკელთა მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა და ჯილეხის შიშის მოგერიებამ (ამაზე გაზ. "საქართველომ" მასალები ადრე დაბეჭდა, რედ.), მოქალაქეთა განწყობილების დაცხრომას ტერორისტები არ დაუცხრია. მათმა ფართოდ გარცელებულმა მრავალრიცხოვანმა წევრობამ წვერები დაიპარსა და ევროპულად ჩაიცვა, მაგრამ თავის საქმიანობაზე ხელი არ აუღია. თუმცა ტერორიზმის საწინააღმდეგოდ ბრძოლისათვის გაღებული თანხები კოლოსალურია და ორგანიზაციული ზომებიც შესაფერისი მასშტაბისაა (მაგ. 100 ათასი სახელმწიფო მოსამსახურე რიგრიგობით მორიგეობს ვაშინგტონის მეტროს გვირაბებში, რათა ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში აშშ უმთავრობოდ არ დარჩეს). დაცვის მთელ ამ არსებულ სისტემას ადარებენ ძრავის მუშაობას, რომელსაც გაზი ეპარება და ანთების სისტემა დარეგულირებული არა აქვს. ალ-ყაიდა რომ იერიშებს განაახლებს, ამაში ეჭვი არ ეპარებათ. ამერიკელთა დარტყმების შედეგად ავღანეთში გაფანტული თალიბები ისევ გროვდებიან ჯგუფებად და ზოგი ავღანეთში, ზოგი სხვა ქვეყნებში ბრძოლისთვის ემზადებიან. ის 3-4 ათასი კაცი, რომელიც მომზადებას გადიოდა ალ-ყაიდას ტერორისტულ ბანაკებში ვინმე აბუ ზუბეიდას მეთვალყურეობით, კვლავ ამ კაცის განკარგულებაშია. ძირითადი ამოცანა - სსრკ-სთან ბრძოლიდან გადართვა თვითმკვლელ ამფეთქებლებთან, ქალაქში ბირთვულ იარაღთა შემტანებთან და საკვები რესურსების მაინფიცირებლებთან ბრძოლაზე - აშშ-ის უშიშროების წინაშე მთელი სიმწვავით დგას. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფს ტენეტს, რომელიც კლინტონის კადრი იყო, მაგრამ სამსახურს შემორჩა, რადგანაც ბუშთან კარგი ურთიერთობა აქვს, თავისი და თავისი სააგენტოს მართლება უხდება; მთავარი პუნქტი კრიტიკისა და მთავარი წყარო სისუსტისა მაინც ის არის, რომ დაზვერვისთვის ადამიანთა მოპოვებიდან აქცენტი გადატანილ იქნა ტექნიკურ საშუალებებზე. მიღებული პრაქტიკა - რომ ადგილზე კაცის მივლინება, რომელსაც აგენტურის შექმნაც ევალება - მხოლოდ სამი წლით ხდება, რაც მხოლოდ მიხედ-მოხედვას უნდა - აგრეთვე სისუსტის წყაროა. სანდო, ქმედითი და რისკზე წამსვლელი აგენტების დიდი რაოდენობით მონახვა ჯერ კიდევ გადაუჭრელი ამოცანაა, თუმცა მის დასაძლევად ენერგიული ნაბიჯები იდგმება. ტერორიზმთან ბრძოლის მეორე საშუალებაა სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებათა მიერ ინფორმაციის სწრაფი და საკმარისად სრული ურთიერთგაზიარება. ამ მხრივ აშშ 13 უწყებას, რომელსაც საქმე აქვს ინფორმაციის მოპოვებასთან, დღესდღეობით საქმე სავსებით გამართულად არა აქვს. მესამე საშუალებაა კონტროლის ბალის გაძლიერება, როგორიცაა თვითმფრინავზე გასასვლელები და სხვა ამგვარი. მხოლოდ ბაგაჟის შესამოწმებლად დაქირავებულ იქნა 28 ათასი ახალი სახელმწიფო მოსამსახურე. მაგრამ გადამწყვეტი შედეგის მომტანი ეს ზომა არაა და ვერ იქნება, ისევე როგორც სიფხიზლე ჰაკერების წინააღმდეგ, რომლებიც აღმოსავლეთის ქვეყნებში გაჩნდნენ და თავდაცვის სისტემათა კომპიუტერულ პარკს უტევენ. ამოსავალი დებულება ამერიკელთა დღევანდელი პოზიციისათვის ის არის, რომ ტერორისტული დარტყმები იქნება. დაბოლოს, მეოთხე საშუალებაა ტერორისტთა განადგურება ან დაპატიმრება იქ, სადაც არიან. აშშ სამსახურებს დღეს ამერიკაში ალ-ყაიდასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 600 კაცი ჰყავთ დაკავებული. მაგრამ ამათში, სკრუპულოზური ძიების მიუხედავად, რეალური დამნაშავე, ან კანონდამრღვევი თითქმის არ მოინახა. ისინი, ვინც 11 სექტემბრის აქტი მოახდინა, კანონს არ არღვევდნენ. ამიტომ შესაძლებელია, რომ ბინ ლადენის მომხრენი დღეს გამქრალნი კი არ არიან, არამედ, უბრალოდ, უფრო დიდ სიღრმეზე არიან ჩაყვინთულნი, ვიდრე მათ ეძებენ. მარტო ავღანეთის ბანაკებში მომზადებულნი 11 ათასი არიან, მიუხედავად ამისა - ან, შესაძლოა, სწორედ ამის გამო - კონკრეტულ შეთქმულთა ძებნა და უვნებელყოფა, ჟურნალის აზრით, დღეს მაინც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ თუ არა, ყველაზე ქმედით საშუალებად მაინც რჩება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |