"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

"ადამიანის უფლებებიც" პრობლემას შეიცავს

ირმა ჩაიტაია

ფეთქებადი გამოთქმა "ადამიანის უფლებები" თანამედროვე დიდ პოლიტიკაში აშშ პრეზიდენტმა კარტერმა შემოიტანა. უფრო ზუსტად: ისტორიისა და აკადემიურობის ჩრდილიდან გამოიყვანა და დასავლეთის ბლოკის აღმოსავლეთ ბლოკთან, "ბოროტი იმპერიის" ბლოკთან დაპირისპირების ლოზუნგად გახადა. დღეს, როცა ამერიკაში "ისტორიის არდადეგები" დამთავრდა და 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად საზოგადოება არჩევანის წინაშე დადგა ერთის მხრივ უსაფრთხოებისა და მეორეს მხრივ მოქალაქეობრივი თავისუფლების ერთი-ორ მეათეხარისხოვან ინტერესს შორის, თანამედროვე მოწინავე საზოგადოების ყველა საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: - ყველაფერი გადააზრებას, სიღრმეში ჩახედვას და - თუ უკუსაგდები არ აღმოჩნდა, - ხელახალ დასაბუთებას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო პრაქტიკამ ერთი-ორი მწვავე კითხვა ჯერ კიდევ ტერაქტამდე აღძრა. კითხვები, ჯერჯერობით, საქმის მხოლოდ მატერიალურ (ეკონომიკურ) მხარეს ეხება.

გთავაზობთ ჟ. "ეკონომისტის" (The Economist) ფრიად საგულისხმო მასალას ამ თემაზე.

"ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" გაერომ 1948 წელს მიიღო. იმისთვის, რომ ამ ზოგადი დოკუმენტის იურიდიული გამოყენებისათვის გამოსადეგი სახე მიეღო, დადებულ იქნა კიდევ ორი საერთაშორისო შეთანხმება: ერთი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მეორე - ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. მსოფლიო, თითქოს, "იდეოლოგიურად" (უფრო ზუსტად კი - პროპაგანდისტულად) გაიყო: "კაპიტალისტური" ნაწილი ბრალად სდებდა სოციალისტურს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ფეხქვეშ თელავთო, სოციალისტური კი პასუხობდა "ჩვენ ამ უფლებებზე უფრო წინ ეკონომიკურსა და სოციალურ უფლებებს ვაყენებთო". ჩინელებს, დიდწილად, დღესაც ეს პასუხი აქვთ მომარჯვებული. სოციალიზმის დამარცხებამდე მსოფლიო ორგანიზაციები აქცენტს აკეთებდნენ ადამიანის უფლებათა ამ პირველ კატეგორიაზე და წამების, უსაფუძვლო დაპატიმრების, მასობრივი გასახლებების და სხვა ამგვარი ძალადობების მხილებით ხშირად აიძულებდნენ დიქტატორებს, თავის პოლიტიკაში ცვლილებები შეეტანათ. დღეს წინ წამოვიდა უფლებათა მეორე კატეგორიის დაცვა, თუმცა არც ისე ძლიერი ფორმით, როგორც ადრე პოლიტიკურსა და სამოქალაქო უფლებებს იცავდნენ. ახლა ლაპარაკია ისეთ ქვეყნიურ სიკეთეთა ქონის საყოველთაო უფლებაზე, როგორიცაა ბინა, საკვები, ჯანდაცვა ან სამართლიანი ხელფასი, უფლებადაცვით ორგანიზაციებს დღეს იმედი აქვთ, დაარწმუნონ მთავრობები, რომ ბინის და სადილის უფლება ხმის მიცემის უფლების თანასწორია თავისი რანგით. თუ საკითხის ასეთი დასმა ვინმეს სასაცილოდ ეჩვენება, უფლებადამცველებს ეს არ აშინებს: "წამების მსხვერპლთა ქომაგობა რომ დავიწყეთ, მაშინაც ღიმილით გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ სკეპტიციზმისა არ გვეშინიაო".

დასაცავ უფლებათა ცვლილება, ამ ბოლო დრომდე უფლებადამცველთა ლოგიკა ასეთი იყო: თუ დავამყარებთ ნამდვილ პოლიტიკურ დემოკრატიას, შიმშილი და სხვა სოციალური უბედურებები თავისით გაქრება. საზოგადოების ინფორმირება კმარა, რათა მან ეს უბედურებები დაძლიოსო. დღეს უფლებადაცვითი ორგანიზაციები უფრო და უფრო ეჭვობენ, ასეა მართლა თუ არა. ამის საფუძველი მათ მართლაც აქვთ. მაგალითად, ბოტსვანაში (აფრიკა), რომელიც ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოა, შიდსის პანდემია მძვინვარებს. დასკვნა, მათი აზრით, ნათელია: აქცენტმა პოლიტიკური უფლებებიდან დღეს ამ მატერიალურ უფლებებისკენ უნდა გადაინაცვლოს. ადამიანისათვის იმ საჭიროებათა უზრუნველყოფა, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოა, სიუხვის საგანი კი არ უნდა იყოს, არამედ იმათი მოვალეობის საგანი, რომელთაც ხარჯის გაღება შეუძლიათო.

ადამიანის შეუვალ უფლებათა ჩამონათვლის გაფართოების ამ იდეის წინააღმდეგ სხვადასხვა არგუმენტები არსებობს. ერთი ისაა, რომ არცერთი დიქტატურა მიზანდასახულად არ აშიმშილებს და მედდაცვას არ აკლებს მოსახლეობას და რომ ამ უფლებათა დაკანონება გარდუვალად იწვევს (პრინციპში) იმ სახელმწიფოს გამტყუნებას მათი დარღვევისათვის, რომლებიც, უბრალოდ, ღარიბნი არიან. მეორე კრიტიკული შენიშვნა აუცილებელ ადამიანურ უფლებათა გაფართოების ამ გეგმის მიმართ ისაა, რომ, თუ იგი (ეს გაფართოება) მართლაც მოხდება, ეს იქნება კაცობრიობისათვის ისეთი ფინანსური ტვირთის აკიდება, რომელსაც იგი ან გაუძლებს, ან ვერა. რადგან აზრი, თუ სადმე ადამიანი მოკლებულია ადექვატურ მედდახმარებას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახსრები სწორად ვერ ნაწილდებაო, შორსაა უდავო სიცხადისაგან.

ადამიანის უფლებათა გაფართოების ამ გეგმის წინააღმდეგ განსაკუთრებით მკვეთრად გამოდიან ამერიკელები, რომელთაც ჯერჯერობით არც ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კონვენციისთვის გაუკეთებიათ რატიფიკაცია. მათი საბუთი ისაა, რომ ზემოხსენებული ადამიანური საჭიროებისათვის უფლების სტატუსის მინიჭება იმას გამოიწვევს, რომ მოქალაქეს შეეძლება ხელისუფლებას ამ თავის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება სასამართლო წესით მოსთხოვოს. ამიტომ მათ ურჩევნიათ ამ პრობლემებს სხვა წესით მიუდგნენ. მაგალითად, აფრიკაში მიღებულ შიდსთან ბრძოლის პრობლემა განიხილონ როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის ან უსაფრთხოების პოლიტიკის ელემენტი.

ჟურნალს მიაჩნია, რომ უფლებადამცველ ორგანიზაციათა მიერ იმ უფლებათა აღიარების მოთხოვნა, რომლებიც არც კონკრეტულად განსაზღვრადია, არც დაკმაყოფილებადია, შედეგად მხოლოდ მათი დიდი შრომით მოპოვებული პოლიტიკური პრესტიჟის დაზარალებას გამოიწვევს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com