"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

გურამ საღარაძე: "თეატრი ჩემი ცხოვრების ძირითადი აზარტია, მაგრამ არც "კაზინოზე" ვამბობ უარს"

ირმა ჩაიტაია

ნახევარი საუკუნე! - ეს საკმაოდ ვრცელი გზაა შემოქმედებითი წვით გათანგული მსახიობისთვის. ოჯახი, აზარტი, სცენა, გურამ საღარაძისთვის ის ცნებებია, რომელიც გასაოცარი ოსტატობით შეუთავსებია ერთმანეთისთვის და ურომლისოდაც სიცოცხლე ვერც წარმოუდგენია. მას შემდეგ, რაც სცენაზე პირველად შედგა ფეხი, მუხლჩაუხრელად მსახურებს იმ ბომონდს, რომელსაც ხელოვნება ჰქვია.

- "სცენა აზარტია, გატაცებაა, ეს ჩემი პროფესია გახლავთ. ისე გაგიტაცებს როლი კაცს, ზოგჯერ თავდავიწყებამდე მიდიხარ", იტყვის მოგვიანებით მხცოვანი მსახიობი.

- სცენაზე შესრულებული ყოველი როლი, მხატვრული მეტყველებით წაკითხული ყოველი ნაწარმოები იმდენად ძვირფასია ჩემთვის, ერთმანეთისგან გამოყოფა მეტისმეტად მიჭირს, ყველა შვილივით მიყვარს, ყველა მონაპოვარია. თითოეულს მეტნაკლები წარმატება ახლავს. არის მომენტი, წარმატება მწვერვალს აღწევს, მაყურებელი და მსახიობი ბედნიერებას ერთად განიცდის... არის მომენტი ჩავარდნისაც.

იმდენი როლი შევასრულე სცენაზე, სათითაოდ ჩამოთვლა და გახსენება შორს წაგვიყვანდა. ყველაზე მეტი წარმატება, ალბათ, მაინც რობერტ სტურუას მიერ დადგმულმა ბრეხტის პიესამ, "კავკასიური ცარცის წრე", მოგვიტანა, რადგან იგი არა მარტო ქართულ სცენაზე, მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობდა. ეს სპექტაკლი ახლა აღვადგინეთ. დღევანდელ ახალგაზრდებს არ უნახავს იგი. 1975 წელს დაიდგა პირველად. 1977 წელს მსოფლიო არენაზე გავედით უკვე. წარმატებით მოვიარეთ ყველა კონტინენტი და ტრიუმფით დავბრუნდით უკან. დღეს, როცა ამ სპექტაკლს ვდგამთ, თეატრის დარბაზი ახალგაზრდებითაა გადაჭედილი, ეს ბედნიერებაა.

- დღეს სად მოღვაწეობს გურამ საღარაძე?

- ბოლო წლებში სხვადასხვა თეატრებთან ვთანამშრომლობ. ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დაარსებულ თავისუფალ თეატრში "ჰამლეტში" კლაუდიუსის როლი ვითამაშე. ამ სპექტაკლითაც სხვადასხვა ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა: ნოვოსიბირსკში, ციმბირში. უკრაინაში, ქ. ლვოვში მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის პირველი პრიზი ავიღე.

- თქვენი სარეკორდო როლები მაინც "კავკასიური ცარცის წრეშია", არა?! თუ არ ვცდები, ერთ სპექტაკლში რამდენიმე როლს ერთდროულად თამაშობდით?

- დიახ, ასეა... ოცდაშვიდი წელი გავიდა მას შემდეგ. დღესაც, მინდა იმავე აზარტით ვითამაშო, თუმცა ასაკი მაინც თავისას შვება. სამ როლს ვთამაშობდი. ეფრეიტორის როლი მაინც განსაკუთრებულია. ბევრი მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვაა საჭირო: სცენაზე სირბილი, წაქცევა, პარტნიორის ხელში აყვანა. ოცდაშვიდი წლის წინ სხვა იყო. ვცდილობ ჩემს ახალგაზრდობას უკან არ ჩამოვრჩე. მეგობრების ხოტბას ისევ ვიმსახურებ: "ვახ! ვახ! შენ ვინ ხარო", მაგრამ თუ სიმართლეში გამოგიტყდებით, თურმე ახლა მართლა ძალიან ძნელია ყოველივე იმის გაკეთება, რასაც ამ ხნის მანძილზე ვაკეთებდი.

- დამეთანხმებით, ალბათ, ისეთი როლიც არსებობს, სადაც ადამიანი საკუთარ "მეს" პოულობს. თქვენ თუ "აღმოაჩინეთ" საკუთარი თავი რომელიმე პიესაში?

- ამას ზუსტად ვერავინ გეტყვით. ძნელია, რომელიმე როლი შენ მოგერგოს. მსახიობი საკუთარი ცხოვრებიდან გარკვეულ გამოცდილებას, ასოციაციებს იყენებს ხოლმე როლის გასახსნელად, ანუ იმ რეალური სახის მისაგნებად, რაც დრამატურგმა ჩაიფიქრა. თორემ ზუსტად ფორმულა - რა და როგორ უნდა გააკეთო, არ არსებობს.

- სცენაზე რომ აზარტი აუცილებელია, ამაში უკვე დავრწმუნდით. ცხოვრებაში თუა საჭირო აზარტულობა? თქვენ თუ ხართ აზარტული?

- აზარტს ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უჭირავს. რაღაც დოზით, ეს, ალბათ, საჭიროცაა. პირადად მე, მაგალითად, ახალგაზრდობაში პოკერის თამაშით ვიყავი გატაცებული, თუმცა არასდროს მითამაშია დიდ თანხებზე. ძირითადად მეგობრები ვთამაშობდით. აზარტული თამაში ერთგვარი საშუალებაა ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისეული პრობლემებისგან გამოსათიშად. თუმცა თამაშმა საყვარელ საქმეს არ უნდა მოგწყვიტოს. თავისუფალ დროს შეიძლება თავს დასვენების უფლება მისცე.

თბილისში 25-ზე მეტი "კაზინოა". გულწრფელად მინდა გითხრათ, გაოგნებული ვარ. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი იქ იყრის თავს. პროფესიულად ჩამოუყალიბებელნი არიან და გართობას ანდომებენ მთელ დროს. ეს მათთვის დამღუპველია. ჩემი ასაკის კაცისთვის "კაზინოს" სხვა დატვირთვა აქვს. მეუღლის დაღუპვის შემდეგ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშმა მიბიძგა აქეთ. ჩემთვის ეს აუცილებელიც კი იყო.

ჩემი ჰობი სწორედ ამ გართობაშია. თეატრი ჩემი ცხოვრების ძირითადი აზარტია, მაგრამ პარალელურად აზარტულ თამაშებსაც გარკვეული ადგილი უჭირავს.

- წაგების სიმწარე თუ გაქვთ გამოცდილი? არ მითხრათ სულ ვიგებო.

- წაგება-მოგების მექანიზმი იქ ისეა შემუშავებული, ვერ გაექცევი. პირადად მე დიდ თანხებზე არ ვთამაშობ. ამის არც შესაძლებლობა გამაჩნია და არც უფლება. სამორინეში შესულმა ადამიანმა ჯერ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გადაამოწმოს. ისე, თბილისში უფრო "დემოკრატიული" თამაში იციან, ვიდრე უცხოეთში. იქ გვერდით მჯდომს პოკერის თამაშისას კარტში რომ ჩახედო, საყვედურს მიიღებ. უფლებას არავინ მოგცემს, გადაამოწმო, რომელი კარტი გასულია და რომელი - არა, აქ კი გარკვეულწილად ვახერხებთ ამას.

- სცენისა და კაზინოს მიღმა, ცხოვრებაში როგორია გურამ საღარაძე?

- როგორ გითხრათ?! ჩემი მეგობრები საკმაოდ ხელმარცხიან ადამიანად მთვლიან. წვეულებებზე თუ ჩვეულებრივ სადილებზე, ჭიქის წაქცევა, გატეხა ჩვეულებრივი ამბავია ჩემგან. ახლობლები სულ ელოდებიან, რომ რამეს მოვიმოქმედებ.

- ალბათ, ხშირად კურიოზულ მომენტებს ქმნით და სიცილის ობიექტი ხდებით, არა?!

- ხდება ხოლმე. ერთხელ, ლონდონში, საკმაოდ მაღალი დონის ოფიციალურ შეხვედრაზე ვიყავი. მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ ყვავილების ლარნაკი ავაყირავე. მთელი დარბაზი ხარხარებდა. მგონი, ცუდი არ იყო, სიცილის და დროის გატარების საშუალება მივეცი მათ.

- ბატონო გურამ, მეგობარი ადამიანის თვალის ჩინია. მათ გარეშე, ალბათ, ძალზე მარტოსულად ვიგრძნობდით თავს. არა გაქვთ სურვილი, თქვენს სამეგობროზე რამე გვითხრათ?

- მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით. რომ იცოდეთ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ყოველ მათგანს სათუთად ვუფრთხილდები. ჩემთვის ყველაზე რთული და ძნელი პერიოდი სწორედ მათ გადამატანინეს. მე მარტოხელა კაცი ვარ, არც და მყავს, არც - ძმა. ჩემი ახლობლები და ძმაკაცები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ამ დანაკლისს მივსებენ. მე ისინი ყველა მიყვარს. მე მთელი საქართველო მიყვარს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com