"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

თემურ ქორიძე: "განათლებაში რეფორმა თუ არ მოხდა, უფსკრულში გადავიჩეხებით"

ნანა ძველაია

უმაღლესი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა ხშირად ხდება საუბრის და ზოგჯერ კრიტიკის საგანიც. ინსტიტუტების და უნივერსიტეტების რაოდენობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში. გვჭირდება თუ არა ამდენი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი? - ეს კითხვა ბევრს მოსვენებას არ აძლევს.

ვესაუბრებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს.

- საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების ბუმია, წელიწადში თითოეულ დარგში, ალბათ, 1000 სპეციალისტს მაინც ამზადებენ. რამდენად მისაღებად გეჩვენებათ ეს ტენდენცია. გვჭირდება ამდენი უმაღლესდამთავრებული?

- გეთანხმებით, უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი საგრძნობლად დიდია. თუმცა ეს საგანგაშო არ გახლავთ, თუ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ისინი ჯანსაღ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს.

შარშან დაბალი რეიტინგის გამო უმაღლესი სასწავლებლების 70%-ს მიღება არ ჰქონია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ორ-სამ წელიწადში ბევრი მათგანი დაიხურება და მხოლოდ ღირსეულები დარჩებიან, სადაც არის პატიოსნება, სწავლების მაღალი დონე, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროფესიონალიზმი.

- ეს საშიშროება თქვენ არ გემუქრებათ? თქვენი უნივერსიტეტი რით განსხვავდება სხვათაგან?

- ჩვენ მისაღებ გამოცდებს მკაცრად და ობიექტურად ვიბარებთ. ისინი აქ გაცილებით ადრე ტარდება, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ, ვისაც ჩვენთან სწავლის სურვილი აქვს, პირდაპირ აქ მოდის. სწავლების დონე მაღალია, ჩვენ ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს ამ მხრივ. არცერთი პედაგოგი ხარისხის გარეშე არ მუშაობს. 150-მდე პროფესორი, დოცენტი და აკადემიკოსი გვყავს და შესანიშნავი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გვაქვს. პედაგოგების შერჩევაც კონკურსის წესით ხდება. შეიძლება, პროფესორი იყოს კაცი, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებს არ შეეფერებოდეს. მათ ახალგაზრდებთან საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოთ. ლექციის წაკითხვა იგივე ხელოვნებაა.

- ბატონო თემურ, უმაღლეს სასწავლებლებში გამეფებულ მექრთამეობასა და კორუფციაზე ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. ეს პრობლემა თქვენს უნივერსიტეტსაც აწუხებს, ალბათ.

- როგორ გეკადრებათ. ჩვენ ისეთი პროფესორ-მასწავლებლები გვაყვს, ამგვარი რამ ფიქრადაც არ მოუვათ. უნივერსიტეტში პატიოსნება და ღირსება ყველაზე ძვირად ფასობს.

- ბევრ სტუდენტს ემართება ხოლმე, უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუყაოს ორი ყდა შერჩება ხელში, რომელსაც არავინ არაფრად აგდებს. თქვენი უნივერსიტეტის დიპლომი რამდენად ეფექტურია?

- დღეს ბევრს საუბრობენ, ამდენი სპეციალისტი ამთავრებს სასწავლებელს, რა გვეშველებაო. ეგ არ არის პრობლემა. ადამიანი დიპლომით კი არ ფასდება, არამედ ცოდნით, განათლებით. ძლიერ სპეციალისტს დღეს სამსახურის პოვნა არ გაუძნელდება. მის დიპლომს არავინ უყურებს. ისე, მოსახლეობა ხშირად მართლა მოტყუებული რჩება. უმაღლესი განათლების მიღება შეღავათიან ფასში - ამგვარი სატელევიზიო რეკლამა ხშირად ანკესზე წამოაგებთ ხოლმე. სახელმწიფო სასწავლებელშიც არის ფასიანი სექტორი. თუ თითოეული სტუდენტის მომზადება იქ 1200 ლარი ჯდება წელიწადში, სხვა სასწავლებლებს როგორ შეუძლიათ 300-400 ლარად ამ პროცესის ჩატარება? მაგრამ როგორიც სწავლის შესაბამისი თანხაა, განათლებასაც ისეთს იძლევიან.

ჩვენთან წესრიგი რომ დამყარდეს და სწავლა მაღალი ხარისხით მიმდინარეობდეს, საკმაო სიმკაცრეს ვიჩენთ. დაბალი აკადემიური მოსწრების გამო წელიწადში უნივერსიტეტიდან 200-მდე სტუდენტს ვრიცხავთ. ამდენი საერთოდ არა ჰყავს ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს. მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ბევრი ინსტიტუტი ბოსელშია გახსნილი და შეიძლება კაცმა ბოსელში უმაღლესი განათლება მიიღოს? დღეს საქართველოში სტომატოლოგიური დარგის ბუმია. როგორც შეიძლება ადამიანმა მარტო თეორიის საფუძველზე სტომატოლოგია ისწავლოს?

ჩვენთან ერთი პერიოდი ლიცენზირებასთან დაკავშირებით გამოცდები ტარდებოდა. ბევრი უმაღლესდამთავრებულის ისეთი დაბალი დონე აღმოაჩინეს, გაოცდება კაცი. პაციენტთან ურთიერთობა კი არა, ბევრ მათგანს ბუნიკიც არ სჭერია ხელში.

"სდასუში" სწავლების დონე ძალიან მაღალია, ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გვაქვს, რომლის მოწყობილობაზე ლონდონის უნივერსიტეტი დაგვეხმარა. საქართველოში მისი ანალოგი არ არის. ჩვენი სტუდენტები მე-4-5 კურსზე ამ განყოფილებაში პაციენტს უფასოდ იღებენ და მასთან ურთიერთობაში მეტ გამოცდილებას და ცოდნას იძენენ.

- მართალია, კომერციულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს ნახევარი საქართველო, მაგრამ სიტყვა ფასიანის ხსენება არც ისე საამაყოდ ეჩვენება სტუდენტებს და მათ მშობლებს. არჩევანს იძულებით აკეთებენ...

- ძალიან ცდებიან, ფასიანი სწავლება ცუდი სულაც არ გახლავთ. ოღონდ, ვინც სწავლის ქირას იხდის, მან დონეც მაღალი უნდა მოითხოვოს. არ შეიძლება, ყველა უმაღლესი სასწავლებელი ერთ ტაფაში მოახვედრო. დაუშვებელია ამის ასე დახარისხება: ფასიანი, უფასო, სახელმწიფო, კერძო. ამას ძველი მენტალიტეტის მქონე ადამიანები აკეთებენ. მეტსაც გეტყვით, კაპიტალისტურ წყობაში ყველაფერი ფასიანი უნდა იყოს. რაც უფასოა, ის უხარისხოა. მოდით, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. სკოლებიც არსებობს კერძო. როგორ ფიქრობთ, სწავლა სად უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ფასიან - კერძო, თუ სახელმწიფო სკოლებში? ამ უკანასკნელში რომ შეიხედო, გული გაგისკდება ადამიანს. მე-10-11 კლასის მოსწავლეები არც დადიან სკოლაში. მშობლები მათ კერძო მასწავლებლებთან ამზადებენ 2-3 საგანში, ხოლო ბავშვს რომ ზოგადი განათლების მიღებაც სჭირდება, ამაზე არავინ ფიქრობს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს. პედაგოგების მხრიდან დიდ ანგარებასთან გვაქვს საქმე. განათლების სისტემას სასწრაფოდ რეფორმა სჭირდება. თუ ასე გაგრძელდა, სულ მალე უფსკრულში გადავიჩეხებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში სწავლების დონე საერთოდ დავარდა. ფრიადოსნების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. ჩვენს უნივერსიტეტში, მაგალითად, ფრიადოსნებისათვის შეღავათია დაწესებული. მათ უგამოცდოდ ვიღებთ და სტიპენდიას - 50 ლარს ვუნიშნავთ. ერთი სემეტრის შემდეგ მშვენივრად ჩანს, რომ ფრიადოსნის ატესტატების ნახევარი მაინც ყალბია. ბუნებრივია, მათ სტიპენდიაც უწყდებათ და გაირიცხებიან კიდეც, მაგრამ ეს ქვეყანას უშველის? პედაგოგები ხელფასების მომატებას ითხოვენ, კი ბატონო, მაგრამ ის რატომ ავიწყდებათ, რომ ბევრი მათგანის გულგრილი, ანგარებიანი დამოკიდებულება საქმისადმი მოსწავლესაც ღუპავს და შესაბამისად, სახელმწიფოსაც. თუ ასე გაგრძელდა, მშობლები, რომლებმაც სწავლის ფასი იციან, შვილს სკოლიდან გამოიყვანენ და მაგალითად, ჩვენს ლიცეუმსა და კოლეჯში მოიყვანენ, სადაც სწავლების დონე ისევე მაღალია, როგორც "სდასუში".

- უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან თუ გაქვთ კონტაქტები?

- ძალიან ბევრთან. ისრაელის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან გვაქვს ურთიერთობა. კემბრიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტებს ვეკონტაქტებით. ისინი სასწავლო პროცესის დახვეწაში გვეხმარებიან. ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენს სტუდენტებსაც ვაგზავნით იქ სასწავლებლად.

- რეკლამების მიხედვით ბევრი უმაღლესი სასწავლებლის სერთიფიკატი უცხოეთში ეფექტურად "ჭრის"...

- რეკლამაში ყველაფერს ამბობენ. ამ სერთიფიკატის გაცემა დღეს ყველას შეუძლია. მთავარია, მას იურიდიულად რა დონის ძალა აქვს საზღვარგარეთ. თუ დამერწმუნებით, ასეთი ეფექტური სერთიფიკატი დღეს საქართველოში არ არსებობს.

- ამბობენ, "სდასუში" სტიპენდიებსაც აძლევენ სტუდენტებსო...

- მართალი ხართ, ჩვენ სტიპენდიას გავცემთ, თანაც არა მარტო ფრიადოსნებზე. თანხა ცხადია, სხვადასხვაგვარია ხუთოსნისა და სამოსნისთვის, მაგრამ მას ყველა იღებს, ვისაც გაცდენები არა აქვს. ამით ჩვენ მოვაწესრიგეთ ერთი პრობლემა. სტუდენტების უნივერსიტეტში მოსვლის და ლექციებზე დასწრების პრობლემა მოიხსნა, სწავლების დონემ კი უფრო მოიმატა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com