"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

"ვისი შემოქმედებაც ღმერთს პატივს არა სცემს, მამონას - ეშმაკის თაყვანისმცემელია"

მარი გოგიშვილი

რელიგია და ხელოვნება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებებია. აღიარებს თუ არა პირველი მეორის არსებობის აუცილებლობას? ყველაფერის ის, რაც ხელოვნებისთვის კანონზომიერია, ხშირად რელიგიისთვის მიუღებელია და თავაშვეუბლობას ნიშნავს. ხოლო ის, რაც რელიგიისთვის კანონზომიერია, ხელოვნების დარგის წარმომადგენელთათვის ჩამორჩენილობის ატრიბუტია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ორივეს ერთდროულად ეზიარებოდეს ადამიანი? რომელია მათგან უფრო მნიშვნელოვანი?

- პირველ რიგში, ალბათ, უპრიანი იქნებოდა იმის აღნიშვნა, რომ ხელოვნება ხელოვნურს ნიშნავს, არა თავისთავად განვითარებულს, ღვთაებრივ შემოქმედებას, არამედ კაცურს. მასში ადამიანს თავისი პირადი, სუბიექტური ნიუანსები აქვს ჩადებული.

ეკლესია, ცხადია, ჭეშმარიტ კულტურას არ უარყოფს, რომელიც ღმერთის სადიდებლად და ადამიანის სულის სახსნელად, გადასარჩენად არის შექმნილი. ამის მაგალითია ეკლესიებში არსებული გალობა, ხატწერა, ფრესკები, ფერწერა, მინიატურები, აგრეთვე არქიტექტურა. ყოველივე ეს გაერთიანებულია კულტურაში, ხელოვნებაში, რომელიც უეჭველია ადამიანს სჭირდება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი ფენომენისა, რასაც ეკლესია ჰქვია. ხელოვნება ეკლესიის წიაღში იშვა - ამგვარი შეხედულება გააჩნია დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძეს ხელოვნების თაობაზე.

...თუმცა, ხელოვნების ბევრი მიმართულება ნამდვილად არა ჰგავს ეკლესიის წიაღში შობილს. ისინი მართლა ხელოვნურია და ადამიანს არა სჭირდება. შეიძლება, იგი ზოგჯერ დამაბრკოლებელიც იყოს, ჭეშმარიტ, ღმერთისკენ მიმავალ გზას კი არ ემსახურებოდეს, არამედ ბოროტისკენ იყოს მიმართული და იდეაშივე არასწორი იყოს.

ფენომენი ხელოვნებისა იმდენად მრავალფეროვანია, საჭიროა გარკვევა, რომელია ჭეშმარიტი, ნამდვილი, ადამიანისთვის სიკეთისა და ბედნიერების მომტანი და რომელი არა.

რელიგიური ადამიანი თავისი ქცევითა და მრწამსით ყოველთვის გამორჩეულია, ხელოვანი - თავისუფალი. ხშირად ხდება, მეორე პირველს ჩამორჩენილს და "გოიმს" უწოდებს ხოლმე.

ადამიანი ზოგჯერ არჩევანის წინაშე დგება. უჭირს ზღვარს გადაბიჯება, არც "გოიმად" და ჩამორჩენილად ყოფნა სიამოვნებს სხვის თვალში.

- დამერწმუნეთ, პირიქით არის. რელიგიური ადამიანი უფრო ამაღლებულია, გაცილებით მაღალი კულტურის და ზნეობის მატარებელია, ვიდრე ზოგადად ხელოვანი. ხელოვნებაში ბევრი სახე შედის და მათგან ბევრი დეგრადირებულია. მაგალითად, კუბიზმი ან აბსტრაქცია როგორ შეიძლება, რელიგიურ ხელოვნებაზე მაღლა იდგეს, რომელიც ღვთაებრივ, ზებუნებრივ, შთაგონებულ იდეას გამოხატავს. შეადარეთ, აბა, საეკლესიო საგალობლებს თანამედროვე მეტალიკა, ჯაზი, რომელი უფრო სასიამოვნო მოსასმენია? ასევეა არქიტექტრაც. იქმნება ახალი ფორმები, მაგრამ უძველესი კულტურის ნიმუშებს გვერდით ვერც დაუდგება. ხელოვნება იყენებს და ხელოვნების ნიმუშად აღიარებს ეკლესიას, რელიგიური ხელოვნების შედევრს - აცხადებს დეკანოზი ზაქარია ძინძიბაზე.

- შეიძლება თუ არა, რომ ხელოვანი ადამიანი მორწმუნე იყოს? ხომ არ ნიშნავს ეს ორი ღმერთის ერთდროულ სამსახურს?

- აღიარება იმისა, რომ ღმერთი გწამს, სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთს პატივს სცემ. ღმერთის რეალობის აღიარება ეშმაკსაც შეუძლია, აღიარებს კიდეც, მაგრამ პატივს არა სცემს.

თუ ხელოვნების ნიმუში, შემოქმედი ადამიანის მიერ შექმნილი, უფალს არ ადიდებს, ის მორწმუნედ ვერ ჩაითვლება. შეიძლება, ის თავის თავს უწოდებდეს მორწმუნეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ასეა. ადამიანი ან ღმერთს ადიდებს, ან მისი წინააღმდეგია. სხვა გზა არ არსებობს. ის, ვისი შემოქმედებაც ღმერთის თაყვანისმცემელი და პატივისმცემელი არ არის, მამონას თაყვანისმცემელია, მისი მონა და მორჩილია.

- ქართულ ეკლესიაში საგალობლები სამ ხმაში სრულდება. ეს, ალბათ, ქართული სამხმიანი სიმღერის გავლენით ხდება, არა?

- ქართული ხელოვნება მაღალ დონეზეა თუ დაბალზე, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ეკლესიური იერარქია ზეციურ იერარქიას ბაძავს და მთელი საიდუმლო ამაშია. დიონისე არეოპაგელი პავლე მოციქულის მოსწავლეა. მან თავის "ზეციურ იერარქიაში" გადმოსცა, თუ რა ხდება ზეციურ სასუფეველში. იქ იერარქიები, ანგელოსთა დასები უფალს სამ ხმაში უგალობენ. ეკლესიური საგალობლების სამხმოვანებაც სწორედ აქედან მოდის. ეს საგალობლები უფალს ადიდებს, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ღმერთის დიდებით, გალობით სასუფევლის ღირსები გავხდეთ.

- გამოდის, მუსიკა ღვთისგან კურთხეულია. მაშინ რატომაა, რომ ზოგ მუსიკას სატანისტურს უწოდებენ?

- ერთი და იგივე ინსტრუმენტით შეიძლება კარგი მუსიკაც გადმოსცე და ცუდიც. ამაში არ არის საქმე. მთავარია, ვის ემსახურები ამ საქმით.

- ქართულ ეკლესიაში ბერძნული გალობა შემოვიდა. რა ხდება, რამდენად მიზანშეწონილია ეს ცვლილება?

- საეკლესიო ღვთისმსახურების წიგნში წერია, რომ ეკლესიაში "სამწმიდათა ხმითა იგალობების". ამიტომ ვალდებული ვართ, სამ ხმაში ვიგალობოთ. მარტოხელა, დაყუდებული მამები სამ ხმაში ხომ ვერ იგალობებენ? ცხადია, ერთ ხმაში გალობდნენ. ამიტომ გაჩნდნენ ერთ ხმაში გალობის მიმდევრები. ეკლესიური დოგმატიკა ამით დაირღვა. როცა ზეცაში "სამწმიდითა ხმითა" მიმდინარეობს გალობა, ჩვენც სამ ხმაში უნდა ვიგალობოთ.

- ზეცაში "სამწმიდათა ხმითა უგალობენ" ანგელოსები უფალს. ქართველებიც სამხმიანი სიმღერებით ბევრი ერისაგან გამორჩეულნი ვართ. აქ პარალელის მოძებნა შეიძლება?

- რატომ? სხვა ხალხსაც აქვს რამდენიმეხმიანი სიმღერები. ქართული ფენომენი მაინც სხვა რამეა. ქართული ეკლესია უმაღლეს დონეზე იყო, ამიტომ ქართველ კაცში გაჯდა სამმხმოვანი გალობა. ამან გავლენა მოახდინა სიმღერაზე და ისიც სამ ხმაში სრულდება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com