"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

"თამთა გოგუაძის, აჩიკო მეფარიძის და თამუნა ამონაშვილის გვერდით არ უნდა მემღერა"

ია წინამძღვრიშვილი

- დათო, ბევრი საუბრობს შენს ნიჭიერებაზე და იმაზეც, რომ ჯგუფმა "სახემ" რაც გააკეთა, ქართული ესტრადის დიდი ნაწილი იმას მღერის, თქვენ კი კულისებს მიღმა ხართ. რა არის ჩრდილში დგომის მიზეზი?

- ყველას დიდი მადლობა, ვინც თვლის, რომ რაღაც კარგი გავაკეთე. შევჩერდი, იმიტომ რომ არ მინდა იმის გამეორება, რასაც ვმღეროდი. ახლის შექმნის წყურვილი მაწუხებს. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, საჭიროა, დავინახო ხალხის მოთხოვნილება ხარისხიან მუსიკაზე. სამწუხაროდ, დღეს მოთხოვნილება შეთავაზებულ მუსიკაზე უფროა. მსმენელს ჯერ ეკონომიური მდგომარეობა უნდა გაუუმჯობესდეს, რომ მუსიკალური ჰანგები იაფფასიანი მაგნიტოფონიდან კი არა, მუსიკალური ცენტრიდან დისკზე ჩაწერილი მოისმინოს. ხარისხის დაფასებას ამის შემდეგ შეძლებს. თანამედროვე მუსიკაში ძირითადი ხარისხია. ჩემი დროებით ჩრდილში ყოფნა მუსიკისთვის თავის დანებებას არ ნიშნავს. თავს არავის ვადარებ, მაგრამ სტინგმა, მადონამ და კიდევ სხვებმა ხომ დაისვენეს? აღარ მღერიან?

- ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი იყო შენი სიტყვები: "სანამ ვიცოცხლებ მე, იცოცხლებს "სახეც", როცა დადგება თქვენი სცენაზე დაბრუნების დრო, როგორი შემადგენლობით იხილავენ მას მაყურებლები?

- ძალიან მინდა, ამას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს. მთავარია, ხალხი დაინტერესდეს, თუ რას იმღერებენ "სახის" წევრები და არა, რა ერქმევა მათ. ეს იქნება თანამედროვე დასავლური მუსიკა. მე ჯაზის მომღერლობაზე ან ფოლკლორის და ქართული ხალხური სიმღერის შექმნაზე არა მაქვს პრეტენზია. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს: ჯაზმენმა - ჯაზი, როკმენმა - როკი, "ერისიონმა" - ფოლკლორი და ა.შ. მე მაქსიმალურად დასავლური მუსიკის სპეციალისტი ვარ. ბევრს მიაჩნია, რომ ეს არაფასეული მუსიკაა. საინტერესოა, რაა დღეს ფასული?

- როცა ჯგუფმა დასვენება გადაწყვიტა, შენ დუეტები ჩაწერე თამთა გოგუაძესთან, აჩიკო მეფარიძესთან, თამუნა ამონაშვილთან. შენი და აჩის დუეტი კი ხშირად შენს გარეშეც სრულდება. რატომ ხდება ასე?

- თავს უფლებას ვაძლევ და ვამბობ, რომ ამ მომღერლების გვერდით არ უნდა მემღერა. ეს ორი სხვადასხვა სამყაროა. ამაზე ცუდი ნაბიჯი ჯერ არ გადამიდგამს ჩემს ცხოვრებაში და მუსიკალურ კარიერაში. აჩისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არ მინდა, რამე ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ეს სიმღერა დაშლილი იყო. სპეციალისტად მიმიჩნიეს, მიმიწვიეს, ამაწყობინეს და ჩავწერეთ. მუსიკა ფორტეპიანოზე უნდა შესრულებულიყო, მას შემდეგ მას საცეკვაო არანჟირება გაუკეთდა და მაგრად გაფუჭდა. აჩი რომ ამას მარტოც მღერის, ეს ძალიან კარგია. მუსიკა არ მომწონს, ცუდია და ამაზე გული არც დამწყდება.

- შენსა და დათო ხუჯაძეს შორის, როგორც ჭორები ამბობენ, შავმა კატამ გაირბინა და დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. არაფერს გვეტყვი, რა ხდება?

- არაფერი არ ხდება. ურთიერთობა ნორმალური, მეგობრული გვაქვს. ყოველ დღეს ერთად არ ვატარებთ, მაგრამ "სახიდან" რომ წავიდა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მას თავისი გზა აქვს მუსიკაში, მე - ჩემი. ჩვენ ერთმანეთს ხელს არ ვუშლით.

- როგორ გამოიყურება "სახის" სამომავლო გეგმების ანონსი?

- "სახე" იყო და იქნება პროფესიონალთა ჯგუფი, რადგან მას კონტროლს პროფესიონალი ანუ დათო ფორჩხიძე უწევს. პირველად როცა იგი სცენაზე გამოჩნდა, ათწლიანი მუშაობის შედეგით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ამ ჯგუფს ბრალი დასდეს ზანგური, არაქართული მუსიკის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც ადრე ანსამბლ "75"-ს. მოვა დრო და "სახეზეც" იტყვიან, ქართული ჯგუფიაო, როგორც - "75"-ზე. შესვენების შემდეგ სულ ცოტა 20 სიმღერიანი ალბომით დავბრუნდებით და არა 3-4 სიმღერიანით, როგორც ეს მოდაშია.

- რისი მოგონება გგვრით ღიმილს და კარგ განწყობას უქმნის თქვენს ჯგუფს?

რაც "სახეს" კონცერტებზე ხდებოდა, მსგავსი საყოველთაო აღიარება ჯერ არცერთ 3-4 თვეში შექმნილ ჯგუფს არ ჰქონია. დღეს ახალგაზრდობა კონცერტებზე გასართობად, სახტუნაოდ ან სულაც ერთმანეთის სანახავად დადის, რადგან წასასვლელი არსად აქვთ და 5 ლარად მშვენივრად ერთობიან. აპარატურა არ ვარგა და მსმენელი ფილარმონიის გარდა კონცერტზე ვერსად წავა. "სახეს" ახსოვს, კონცერტის დასრულების შემდეგ, შინ დაბრუნებისას როგორ მოსდევდა 200-მდე მანქანა თაყვანისმცემლებისა 10 კილომეტრზე, რათა მხოლოდ ავტოგრაფი აეღოთ.

- შენი შეხედულება ქართულ ესტრადაზე გასაგებია, მაგრამ როდესმე თბილისში ხომ უნდა ჩატარდეს ნორმალური, კარგი კონცერტი?

- ცოცხლად სიმღერა ძალიან კარგია, მაგრამ ამ კანონის მიღებას, რომელმაც ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია, სჯობდა, ხმის რეჟისორები, კლიპმეიკერები, გამნათებლები, მემონტაჟეები, აკუსტიკის სპეციალისტები და მუსიკოსები საზღვარგარეთ გაეშვათ სასწავლებლად. ფული ამაში რომ ჩაედოთ, ცოტა ხანში ცოცხლად სიმღერის პრობლემა აღარ იარსებებდა და კონცერტებიც კარგი ჩატარდებოდა. მაგალითად, ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ, ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე აქ მყოფნი, რადგან მათ იქ ისწავლეს, სადაც უკეთ ასწავლიან.

- დათო, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პოპულარობას?

- პოპულარობა, ცხადია, კარგია, თუმცა ჭორები ახლავს, რომელთა უმეტესობა ბინძური, გამაღიზიანებელია. ბევრი ამბობს, რომ ჭორი არ აღიზიანებს, მაგრამ არ მჯერა მათი სიტყვების, რადგან ცუდი ჭორი ცუდ აურას ქმნის.

- რადგან ჭორებსაც შევეხეთ, გეტყვი, აქ მოსვლამდე გავიგე, თურმე შენზეც ამბობდნენ, რომ არასწორი სექსუალური ორიენტაციის ხარ, იცოდი ეს?

- ჭორი უსაქმურების საქმეა. ამას ბევრზე ამბობდნენ და ამბობენ კიდეც. არ ვიქნები ბანალური და არ ვიტყვი, რომ ვისაც ეჭვი ეპარება, მზად ვარ დავუმტკიცო-მეთქი და ა.შ. არც თავს ვიმართლებ - არა, მე ცისფერ ფერთან შეხება არ მაქვს-თქო. უბრალოდ, ვიტყვი, რომ "გეი" რომ ვიყო, ჩემი მეუღლე ჩემთან არ გაჩერდებოდა, ამაში გარწმუნებთ. ყველამ კარგად იცის, ვინ ვარ და როგორი სექსუალური ორიენტაციის ვარ. თუ ვინმეს გაუხარდება, ვიტყვი, რომ მომწონს მსუქანი და დაბალი კაცები (იცინის).

- მახსოვს, ადრე თმაც შეიღებე, მაგრამ სასწრაფოდ დაუბრუნე მას პირვანდელი იერი, რატომ მოიქეცი ასე, ქერა თმას უკურეაქცია მოჰყვა?

- არ შემიღებავს, რაღაც მუსით გავიქერავე. ჩემი თმებია, სხვისი ხომ არა. რასაც მინდა, იმას გავუკეთებ. მაგრამ ეს "გოიმი ნაროდი" ახტა-დახტა, გადაირია. სხვებისთვის ანგარიში არ გამიწევია, უბრალოდ ჩემს ახლობლებს შეექმნათ პრობლემები. ვიღაცა რაღაცას იტყოდა და მათ ზოგისთვის თავში ჩარტყმა უხდებოდათ. მთხოვეს, ნუ ვიქნებოდი "თეთრი ყვავი" ან "ჯორდანო ბრუნო" და ნუ გავუსწრებდი დროს, სულ ეს იყო.

- რას იტყოდი ოჯახზე. როგორი მეუღლე ხარ, ეხმარები თუ არა ხანდახან ხატიას?

- როგორც მეუღლე, უერთგულესი და მოსიყვარულე ვარ. ამ გრძნობებითვე მპასუხობს ხატიაც. არანაირი სურვილი არ მიჩნდება ღალატის ან მსგავსი სისულელეების ჩადენისა. თუ დრო მაქვს, არ მეზარება და გვერდშიც ვუდგევარ, ვეხმარები.

- ალბათ, ტრადიციის მიხედვით, უპრიანია შვილებიც იყოლიოთ.

- გვყავს კიდეც, ერთი წლის ნანუკა. მეც მგავს და ხატიასაც. მაგარი "ტიპშაა", უკვე ლაპარაკობს.

- შენ როგორი "ტიპი" იყავი ბავშვობაში?

- ძალიან ჩვეულებრივი, ნიჭიერი, ხუთოსანი. სხვათა შორის, დედის და მამის დამჯერე ბავშვი. აი, ახლა კი აღარავის ვუჯერებ საკუთარი თავის გარდა. სრულიად შევიცვალე, თუმცა ნიჭიერება შემომრჩა და ჩემს საქმეს დღესაც ხუთზე ვაკეთებ.

- ჰო, მართლა, "ისტერიკა" რატომ დაგარქვეს. ამის საბაბი მიეცი ვინმეს, ალბათ?!

- მიზეზი შეიძლება მართლაც მივეცი ვინმეს, რადგან ცოტა ნერვიული და ემოციური ვარ. ეს სახელი "შონზომ" შემარქვა, მაგრამ 5 წელი იქნება, ასე არავის მოუმართავს. ეს "კლიჩკა" უკვე ძველია, წარსულს ჩაბარდა, ხასიათში კი ყოველთვის მაქვს მოთხოვნილება რაღაც ახლის კეთებაზე.

- ხომ არ ფიქრობ, რომ როცა ახალგაზრდა, ცნობილი პიროვნება მეუღლეს ირთავს, მისი პოპულარობის რეიტინგი ნაწილობრივ ეცემა?

- ეს ასეა. მაგრამ ვინც სერიოზულად მაფასებდა, დღესაც მაფასებს. მე კი ოჯახის შექმნამ ცხოვრება დამილაგა, მყავს შვილი, მაქვს საზრუნავი, მე მომწონს ასეთი ცხოვრება.

ისე, დიდი სისულელეა, როცა 10000 გოგო ერთ ბიჭზე ოცნებობს და გულში ერთი წვეთი იმედი მაინც აქვს, რომ მასზე გათხოვდება. ხშირად ფანები თავის კერპს ახლოსაც არ იცნობენ და უბრალოდ, "ითიშებიან" მასზე. მერე კი, როცა მას ცოლი მოყავს, შესაბამისად, აღარც უყვართ იგი. ეს სასაცილოა და ფანური სიგიჟეა. ასეთ დანაკლისს როგორმე გადავიტან. პოპულარობის გემო კარგად ვიცი, ამის გამო ტელეფონის ნომერი 3-ჯერ შევიცვალე კიდეც.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com