|
"საქართველო "
"ახალგაზრდობამ ათწლიანი შესვენების შემდეგ საკუთარი სიტყვა უნდა თქვას ერის წინაშე" მარი ჩიტაია
9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი მიტინგია დაგეგმილი... პარლამენტართა გამუდმებული მუშტი-კრივებით თავმობეზრებულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების რიცხვი უფრო და უფრო მატულობს. მიუხედავად იდეათა სხვაობისა, ყველას ერთი ამოძრავებს - არსებული ხელისუფლების დამხობა მშვიდობიანი ძალით! მიზნის მისაღწევად თითოეული პოლიტიკური პარტია "თავისებურ" მოდელს გვთავაზობს. ამჟამად ჩვენი გაზეთის სტუმარია სტუდენტურ-ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა "თანხმობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ომანაძე, რომელმაც ამ მოძრაობაში ჩაბმული ახალგაზრდობის პოლიტიკური პოზიცია გაგვაცნო: - 2001 წლის მიწურულში ჩამოვყალიბდით. ეს არის ძირითადად სტუდენტურ-ახალგაზრდული ბირთვი. დღეს ჩვენი მოძრაობა ითვლის 1000-მდე წევრს. გვაქვს ფილიალები ზუგდიდში, ქუთაისში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოსა და რუსთავში. ჩვენი პოლიტიკური პოაზიციაა, დავაფიქსიროთ უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის მიმართ. მათ მთელი ათი წლის მანძილზე ვერ შეძლეს, რომ ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო სამართლებრივი სახელმწიფო. ხელისუფლების ანტიეროვნულმა პოლიტიკამ ტერიტორიული დაშლის პირამდე მიგვიყვანა. არსებობს უამრავი სხვა პრობლემაც, რის გამოც ახალგაზრდობამ გადაწვყვიტეთ, ათწლიანი შესვენების შემდეგ საკუთარი სიტყვა ვთქვათ ქვეყნისა და ერის წინაშე. - კონკრეტულად, რა მოთხოვნები გაქვთ? - ჩვენი მოძრაობა არის პროქართული ორიენტაციის მატარებელი და ითხოვს საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას და დღევანდელი ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადაყენებას. ეს ხელისუფლება, როგორც მარიონეტი, რუსეთის მიერ დასმული, ჩვენი ერის ინტერესებს არ გამოხატავს. ასევე, ჩვენი მოძრაობა გმობს ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ამერიკელი ინსტრუქტორების შემოყვანას. ვთვლით, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, ამერიკის სპეცრაზმი აფხაზეთში შეეყვანათ. ყველაზე დიდი ტერორიზმი აფხაზეთში განხორციელდა და ტერორისტებთან ბრძოლაც იქიდან უნდა დაიწყოს. - არსებობის ამ მცირე მანძილზე ძირითადად რა გაკეთდა თქვენი მოძრაობის მიერ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარად გაქვთ ფესვები? - ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საქართველოში წარმოდგენილ თითქმის ყველა ეროვნულ ძალასთან იმის მოთხოვნით, რომ შექმნილიყო ეროვნული კონგრესის მსგავსი ორგანო და ეროვნულ ძალებს ერთიანი სტრატეგიით ებრძოლათ ხელისუფლების შესაცვლელად. სამწუხაროდ, შედეგი ვერ მივიღეთ. როცა დავრწმუნდით, რომ ეროვნული ძალების უმეტესობა პირადი ამბიციებისათვის იბრძვის და არა ქვეყნის გადასარჩენად, ახალგაზრდებმა ჩვენს ხელში ავიღეთ ჩვენი ქვეყნის მომავალი ბედი. 2 აპრილს ჩვენი მოძრაობა დამფუძნებელ ყრილობას ატარებს კინოთეატრ "ივერიის" დარბაზში, სადაც ვრცლად გამოიხატება ახალგაზრდული პარტიის მიზანი და ამოცანები. 9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან მიტინგს ვგეგმავთ. იქნება ორი მოთხოვნა: გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი და "მოქალაქეთა კავშირი" დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადდეს. ამასთანავე, ვთვლით, რომ საქართველო არ უნდა გადაიქცეს რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად. ეს არის ჩვენი მოძრაობის ძირითადი მიზანი.
AES - თელასი ვეღარ "გაძღა"?
AES-თელასი ხელისუფლებას ახალ მოთხოვნებს უყენებს. ამჯერად კომპანია მფლობელობაში "თბოელექტროცენტრალის" გენერაციის გადაცემას მოითხოვს, რომელზეც 40 ათასი აბონენტია მიბმული. ასევე მოითხოვს გასულ წლებში სომხეთიდან იმპორტირებულ ენერგიაზე დაწესებული შეღავათების ამოქმედებას. კერძოდ, იმპორტირებული ენერგია გათავისუფლებული იყო გადასახადებისაგან. როგორც ამბობენ, ამ მოთხოვნებით მალე მიმართავენ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას. კაცი იფიქრებს, AEშ-თელასს კუჭის მაგივრად უძირო ქვევრი უდგასო. ვერა და ვერ გაძღა ჩვენი ობიექტების მისაკუთრებით, თანაც ყველაფერი "ხელშეკრულების პროექტით" გამართლებულია. ხომ არ სჯობდა მოსახლეობის ნერვებზე თამაშს, ერთხელ და სამუდამოდ მიეცათ ყველაფერი, რაც "ხელშეკრულების პროექტით" იყო გათვალისწისნებული და დაგვესვენა?! ნურას უკაცრავად, ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა, დრო რომ ყველაფრის მკურნალია და ამის გამოა ასე ნელ-ნელა რომ უნაწილებენ ქვეყნის საკუთრებას მტაცებელ კომპანიას. აბა, სავარძლებს ხომ არ შესწირავდნენ თელასის სულსწრაფი ინტერესების შესრულებას?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |