|
"საქართველო "
"დამერწმუნეთ, პოლიტიკაში, კულუარებში გაცილებით მეტი რამ წყდება, ვიდრე ტელეეკრანიდან"...
???????? ?????? ????????????
- ბატონო გიორგი, მას შემდეგ რაც ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის ლიდერი გახდით და "სახალხო პარტიას" განუდექით, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში დაბრუნების გზა თუ იპოვეთ? თქვენი ძირითადი ბრალდება მამუკა გიორგაძის მისამართით სწორედ ის გახლდათ, რომ მან პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვა პარტია. - რასაკვირველია, ჩვენ ამ გზის ძებნა ახლა არ დაგვიწყია. სახალხო პარტიაში ყოფნის პერიოდშიც ვთავაზობდით საერთო შემადგენლობას ჩვენს წინადადებებს. გვაქვს განსაზღვრული გეგმა. ესაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ჩვენი დამოკიდებულება, გამოსავალი გზები. ჩვენი მუშაობის მეორე მხარე პარტნიორებთან ურთიერთობაა - ხოლო მესამე მხარე, რომელსაც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, შიდაორგანიზაციული საკითხები, სტრუქტურის დამყარება და ადგილობრივი სუბიექტების გაძლიერებაა. როდის დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნები, იმის მიხედვით განისაზღვრება მუშაობის ინტენსივობის ხარისხი და ის, თუ როგორ მოვახერხებთ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში დაბრუნებას. - ბევრს მიაჩნია, რომ თქვენი პარტიიდან წასვლის მიზეზი პირადი ამბიცია და პირველობის სურვილი გახლდათ. უპრიანია, საქმით გამოჩნდეს, რომ ეს ასე არ არის. ამ მხრივ გადადგმული თქვენი პირველი ნაბიჯები როგორია? - ეს ვერსია, თქვენ წარმოიდგინეთ, ჟურნალისტებისგანაც კი არ მოდიოდა. ეს არის იმ ნაწილიდან წამოსული, რომელიც დღეს "სახალხო პარტიის" სახელით საქმიანობს. პარტია აშკარად იყო თავისთვის შეუფერებელ ადგილზე, რასაც თამაშგარე მდგომარეობა ჰქვია. ეს იყო ჩემთვის აუტანელი და მიუღებელი. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების 2(3-ზე მეტი იმ "ძველი" პარტიიდან გაწევრიანებულია ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსში, რომელთაგან ძალიან სერიოზული წარმომადგენლობაა ჩართული ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებში. ყველა რეგიონში, საკრებულოში გვყავს ჩვენი სერიოზული წარმომადგენლები, რომლებიც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობენ. კრიზისიდან გამოსვლის ჩვენეული ხედვა არაერთხელ ჩამომიყალიბებია. 1998 წელს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდით, კონსულტაციები დავიწყე ამ თემაზე პრეზიდენტ შევარდნაძესთან. რაც დრო გადის, ეს პოზიცია მით უფრო მყარდება ჩემში. პრეზიდენტმა გამოსავალი რეალურ პოლიტიკურ ძალთა სამთავრობო კოალიციის შექმნაში უნდა ეძებოს, რადგან ის ნაკლი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია - კანონის უზენაესობის პრინციპის დაუმკვიდრებლობა, მთლიანად მოშლილი შიდა კონტროლი სახელმწიფოში, ეროვნული თანხმობის მიუღწეველ ოცნებად დარჩენა - ეს ყველაფერი კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, სასიკეთოდ შემობრუნდება. თითოეული მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უფრო მაღალ ხარისხში - პარტიულში გადავა. მოგეხსენებათ, პოლიტიკის სუბიექტი მხოლოდ და მხოლოდ პარტია შეიძლება იყოს და არა ვინმე პიროვნება - ასეა დამკვიდრებული ჩვენთვის მისაბა) დასავლეთში. შიდა კონტროლის გაზრდა კანონის უზენაესობის პრინციპის მუშაობას იწვევს. ყველა პარტია დაინტერესებულია თავისი წარმომადგენლობა გაზარდოს და მაქსიმალურად სწორად იმუშაოს მისმა მინისტრმა, სამაგიეროდ სხვისი მინისტრის არასწორ მუშაობაზე პირდაპირი რეაქცია აქვს. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია, რომელიც ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. რაც შეეხება ეროვნულ თანხმობას, ყველაზე მთავარ თემას, ის უნდა მოდიოდეს ზემოდან. თუ არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს შორის თანხმობა, არ იარსებებს ის ხალხშიც. მაგალითიც და განწყობის შემქმნელიც ხელისუფლება და პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა იყოს. ის ყველაფერი, რაც დღეს კეთდება, ყალბია და მხოლოდ ლოზუნგის დონეზე რჩება. ყველა ორგანიზაცია კარგად ხედავს, რომ დადგა ერთგვარი "გამსხვილების" პერიოდი მსოფლმხედველობების საფუძველზე და ბოლოს და ბოლოს ორ-სამ ძალამდე დავა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ტრიბუნა და ეს მუშაობა შეიძლება არ ჩანდეს, რადგან ძირითადად მაინც კულუარულ ხასიათს ატარებს; თუმცა დამერწმუნეთ, პოლიტიკაში კულუარებში გაცილებით მეტი რამ წყდება, ვიდრე ტელე ეკრანიდან. - ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით ამერიკის სამხედრო კონტიგენტის საქართველოში შემოსვლას? მაგალითად, ირაკლი წერეთელს "ნატვრა აუხდა" და ახლა აცხადებს "პოლიტიკურ პარტიებს ნამუსი თუ აქვთ, ჩვენს წინაშე ქედი უნდა მოიდრიკონო", მოგწონთ იდეა, რომ საქართველო აშშ-ს პოლიგონად იქცეს? - ჩვენი დამოკიდებულება არ უნდა გადადიოდეს ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთი საშიში სახელმწიფოა, რადგან მთლიანად მისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. არ შეიძლება პირდაპირ ლაპარაკი, კარგია ამერიკა და მისი გავლენის ქვეშ უნდა ვიყოთო. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა - საქართველო იქცეს საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტად. ობიექტის მდგომარეობაში ყოფნა უკვე უნდა დამთავრდეს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ორმხრივ მოთხოვნებზე უნდა იყოს დაფუძნებული. უნდა ვეცადოთ, აქედან დიდი შედეგი მივიღოთ. ჩვენ თუ ზუსტად იგივე დამოკიდებულებას ვიქონიებთ ამერიკელების შემოსვლისადმი, რაც გვქონდა რუსული პოლიტიკის მიმართ, ელემენტარულად, კრემლი შეიცვლება კაპიტოლიუმად, ანუ ვიზუალური მხარე და აბრევიატურა სრულიად განსხვავებული იქნება, დანარჩენი იგივე დარჩება. მივესალმები დახმარებებს, წვრთნებს, წმინდა ტექნიკურ აღჭურვილობაში მხარდაჭერას, მაგრამ ამის გამო მათ არ უნდა მივცეთ მთავრობის დაკომპლექტების უფლება. არჩევნების გაყალბებაში დახმარების შესაძლებლობის მიცემა მათთვის, ვინც სასურველ პოლიტიკას გაატარებს, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. მე არც თუ შეუფარავი აქცენტები გავაკეთე ბოლო ორ არჩევნებზე, როდესაც საერთაშორისო აზრი აშკარად არაადეკვატური იყო იმისა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. არჩევნები გაყალბდა დაახლოებით 70%-ით და ამ დროს იგივე ამერიკის ადმინისტრაცია მიესალმა "მოქალაქეთა კავშირის" და პრეზიდენტ შევარდნაძის გამარჯვებას. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. - როგორ ფიქრობთ, რუსეთის მხრიდან რა რეაქცია მოჰყვება საქართველოსადმი ამერიკის "დახმარებებს"? თქვენი პროგნოზით როგორ განვითარდება მოვლენები? - ბუნებრივია, მწვავე რეაქცია მოჰყვება და რუსეთისთვის არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი ნაბიჯების გამნსაზღვრელი. უნდა გვქონდეს გეგმა, ორიენტაცია, სადაც ყველა ნაბიჯი გათვლილი იქნება, ისიც კი, რა უკურეაქციები, რა გვერდითი მოვლენები ექნება. ეს ნაბიჯი დღეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის გადაიდგა იმისთვის, რათა შევარდნაძემ მოიგოს "მოქალაქეთა კავშირში" შიდა ბრძოლა, ანუ აჩვენოს საზოგადოებას როგორც გარეთ, ისე შიგნით, რომ ის უფრო პროამერიკულია, ვიდრე სააკაშვილი და ჟვანია. კონკრეტული ჯაჭვის სახით გრძელვადიანი ურთიერთობა არ ჩანს. ეს არის ჩემთვის ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულების მიზეზი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |