"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

ჩერნობილის ავარიის მსხვერპლნი: რა ვითარებაა საქართველოში?

მარი ჩიტაია

ჟურნალისტური გამოძიება გაზეთ "საქართველოს" მიერ გრძელდება. კონკრეტული შედეგების სურათი და დამნაშავეთა ვინაობა გამოიკვეთა. რა ვითარებაა საქართველოში ჩერნობილის ავარიის შემდეგ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი სპეციალისტი თავს არიდებს. პასუხისმგებლობას ყველა გაურბის და სიმართლის ხმამაღლა თქმას ბევრი ერიდება. არადა, ცნობილია, რომ საქართველოში 1986 წელს დაფიქსირებული "ლაქები" თანაზომადი იყო ჩერნობილის ავარიის ეპიცენტრის პერიფერიაზე ანუ დაახლოებით 30 კილომეტრიანი რადიუსის გარეთ დაფიქსირებული "ლაქებისა". აქედან გამომდინარე, საქართველოშიც იგივე სურათი უნდა ყოფილიყო.

დასავლეთ საქართველოში რადიოეკოლოგიურ სიტუაციაზე ჩერნობილის კატასტროფის გავლენის შედეგების შესახებ სპეციალური უწყებათშორისი სამთავრობო კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: "სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "ტაიფუნის" (ქ. ობნინსკი) მიერ შედგენილი რუქა წარმოადგენს თვალსაჩინო დოკუმენტს უკიდურესად არახელსაყრელი ვითარების შესახებ: ამიერკავკასიაში ავარიის პროდუქების შეღწევამ გამოიწვია რადიოაქტიურობის ფონის გაზრდა ქ. ბათუმში 500 000-ჯერ, კოლხიდის პუნქტებში - 100 000-ჯერ, აფხაზეთის პუნქტებში - 50 000-ჯერ". ეს მაჩვენებლები დაფიქსირებულია ავარიიდან ერთი კვირის შემდეგ.

წერტილოვანი გამოსხივების რადიაციული წყარო საშინელებაა, მაგრამ იგი გარემოს არ აბინძურებს, თუ მოაცილებ - ჩადებ კონტეინერში და შეინახავ საცავში. აი, რადიაციული ლაქები კი გარემოს აბინძურებს და მოსახლეობისთვის ძალიან საშიშია. დროთა განმავლობაში გამოსხივების ინტენსივობა კი მცირდება, მაგრამ იგი კიდევ უფრო საშიში ხდება ნიადაგებში რადიონუკლეიდების გაფანტვის გამო.

- დარწმუნებული ვარ, დასავლეთი საქართველო ამჟამადაც დაბინძურებულია ჩერნობილის აეს-ის ავარიის შედეგად. მიუხედავად რადიონუკლეიდების გარემოში დიფუზიისა, რაც აუცილებლად მოხდებოდა 16 წლის მანძილზე, არ შეიძლება რადიაციული დაბინძურება საქართველოში ნორმის ფარგლებში იყოს.

1991 წელს მე ვხელმძღვანელობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის ექსპედიციას, რომელმაც შეისწავლა სოხუმისა და გულრიფშის რაიონების რადიაციული დაბინძურების მდგომარეობა. ხელახლა დაფიქსირდა გამოსხივების მაღალი ინტენვისობის "ლაქები", თუმცა მოიკლო ინტენსივობამ 1986 წელთან შედარებით. ე. ი. მოხდა დიფუზია. მიუხედავად ამისა, ავარიიდან 5 წლის შემდეგ მაინც აღინიშნებოდა ფონის მომატება 20-ჯერ და მეტად. აფხაზეთის ვითარება უშუალოდ ავარიის შემდეგ იდენტური იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსი. აჭარაშიც იგივე სურათი იყო, - ამბობს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი - ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ზურაბ კერესელიძე.

1986 წლის შემდეგ როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო დასავლეთ საქართველოს დაბინძურების სურათი - ამ კითხვით სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ ვალტერ კაშიასაც მივმართეთ. იგი ადასტურებს, რომ საქართველოში ვითარება არ შეცვლილა.

"1991 წელს ჩვენ განმეორებით ჩავატარეთ გაზომვები და პრაქტიკულად ყველაფერი იგივე იყო, ე. ი. არაფერი შეცვლილა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მთელ რიგ საკონტროლო წერტილებში ნიადაგში ცეზიუმ-137-ის შემცველობა 1990-91 წლებში 9 თვის მანძილზე უცვლელი იყო, მიუხედავად ძლიერი, ხანგრძლივი წვიმებისა, რაც დამახასიათებელი იყო ამ პერიოდისათვის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წითელი მიწა, თიხა და ლამიანი ნიადაგი შეიცავს ცეზიუმის ძირითადად მცირედხსნად ქიმიურ ნაერთს".

რატომ არა ჩანს რადიაციული "ლაქები" სოფლის მეურნეობის რადიოლოგიის ინსტიტუტის (დირექტორი ჯ. მანჯგალაძე იყო) მიერ ჩატარებულ კვლევებში, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. რადიაციული "ლაქების" არსებობა არც ატენისის (ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) აერორადიოლოგიურმა გადაღებებმა აჩვენა 2001 წელს. რატომ?

- რატომ და აღარ არის, მართლა აღარ არის. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური ნალექები, მიდის ბუნებრივი გარეცხვა, გაწმენდა, - რატომღაც საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიაციული ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარატ ციცქიშვილი.

რამდენად ზუსტია ეს მონაცემები? შეიძლებოდა თუ არა ატენისი ყოფილიყო დაინტერესებული აერორადიოლოგიური გადაღებების შედეგებში არ ეჩვენებინა ნამდვილი სურათი რადიაციული დაბინძურების შესახებ? ვის აწყობდა ეს? ამგვარი კითხვების ადრესატი ამჯერად მეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი კონსულტანტი რადიაციული კვლევის დარგში, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი ჯემალ მანჯგალაძე გახლავთ.

- აერორადიოლოგიური გადაღებების შედეგებში საქართველოს რადიაციული დაბინძურების შესახებ ნამდვილი სურათის შეცვლაში ატენისს ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის. დაზარალებული ქვეყნისათვის ზარალის ასანაზღაურებელი თანხები უნდა გამოყოფილიყო. რადგანაც დაბინძურების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობდა, რუსეთმა შეძლო, საქართველოს ბლოკირება მოეხდინა და კავკასიის მხარე დაზარალებულ რესპუბლიკათა სიაში საერთოდ არ მოხვედრილა. ასე აწყობდა და იმიტომ - აცხადებს ჯემალ მანჯგალაძე.

რა კეთდებოდა ამ წლებში (1986-2002), რადიაციის შემდეგ საქართველოს მხრიდან იმისათვის, რომ საქართველო აღიარებული ყოფილიყო როგორც დაზარალებული?

ვის ევალებოდა ბრძოლა ამ მიმართულებით?

ვის უნდა ეზრუნა სარეაბილიტაციო თანხების მოზიდვაზე?

- ბრძოლა ამ მიმართულებით ევალებოდა სახელმწიფოს და იმ ორგანოებს, რომლებიც საერთოდ საგანგებო სიტუაციებს განაგებენ რესპუბლიკაში. ეს არის სახელმწიფო უშიშროება. რადგან ჩვენი ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნოდა, ჩერნობილის გამოკვლევებში მონაწილეობის მიღება ჩვენც დაგვავალეს, იქიდან დაბრუნებულებს კი ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად ჩვენი ტერიტორიების შემოწმება უნდა მოგვეხდინა - ამბობს აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი გივი მაჭარაშვილი.

კაცი იფიქრებს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სეირის მაყურებლის როლს თამაშობდა მთელი ამ ხნის მანძილზე?!

- რამდენიმე უწყებას შორის მიდიოდა დავა. ამ მიმართულებით ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უნდა გაეტარებინა თუ გარემოს დაცვის სამინისტროს. ერთი ერთს ამტკიცებდა, მეორე - მეორეს. პრაქტიკულად, არცერთს არაფერი გაუკეთებია. ძირითადად საქმიანობას ჩვენი ინსტიტუტი ეწეოდა. პირველადი გამოკვლევები 1986 წელს ჩატარდა. რადგან აპარატურა სრულყოფილი არ გვქონდა, მიზანს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ. გარკვეულ ტერიტორიებზე დაბინძურება 5 კიურამდე ადიოდა, ჩვენ მის ლიკვიდაციას ვაწარმოებდით. 1997 წელს საერთაშორისო სააგენტოდან მივიღეთ თანხმობა, რომ გამოკვლევები ისევ ჩაგვეტარებინა, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩერნობილის პრობლემებზე აღარავინ საუბრობდა.

მე უშუალო კონტაქტი მქონდა ატენისთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში რადიაციული "ლაქების" არსებობის უარმყოფელი დასკვნები მას ნამდვილად არ გაუკეთებია. სამწუხაროდ, ამ საკითხზე ჩვენმა მეცნიერებამ, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა სათანადოდ ვერ იმუშავეს. საქართველოს დაბინძურების შესახებ ზუსტი მონაცემები საზღვარგარეთის სხვადასხვა გამოცემებისათვის სწორედ მათ უნდა მიეწოდებინათ. რატომღაც ამ საკითხს ყურადღება არ მიაქციეს. 1997 წელს პირადად მე რამდენიმე მონაცემი გავაგზავნე, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, - გვითხრა ჯემალ მანჯგალაძემ.

ზემოხსნებული ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ, დარწმუნდება მკითხველი, რომ საქართველო უეჭველად უნდა შესულიყო იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებელი თანხებით დახმარებას ექვემდებარებოდნენ.

რამდენად საჭირო და აუცილებელი გახლდათ ამ დახმარების მიღება, ეს ჩერნობილის აეს-ის აფეთქების შედეგად მიღებული ზიანის დეტალური ასახვის შემდეგ თავად განსაჯეთ. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. ჟურნალისტური გამოძიების ამ შედეგებს კი

მკითხველს შემდეგ ნომერში შევთავაზებთ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com