|
"საქართველო "
გამსახურდიას ხელისუფლებამ მიწისძვრისგან დანგრეული რაჭა აღადგინა, შევარდნაძის ხელისუფლება თბილისის აღდგენასაც არ აპირებს?!
თითქოს ბუნებაც ცდილობს, რეალურად გვაჩვენოს, რას წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლება სინამდვილეში. 25 აპრილს თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ საბოლოოდ დაგვანახა, როგორ ზრუნავენ საკუთარ მოსახლეობაზე ქვეყნის პირველი პირები. უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს დახმარების მიღების იმედი მოკლე ხანში, ალბათ, საერთოდ დაეკარგება. რა გაკეთდა ან რას უნდა ველოდოთ? ვესაუბრებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლადო კახაძეს.
- ბატონო ლადო, 11 წლის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად რაჭა თითქმის მთლიანად დაინგრა. ზ. გამსახურდიას ხელისუფლებამ პირად პრობლემად მიიჩნია ეს ტრაგედია და მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია სასწრაფოდ დაიწყო. აშენდა სახლები. დღეს ცენტრალურ ხელისუფლებისგან ამგვარი ნაბიჯების გადადგმის მცდელობაც კი არ ჩანს. მოსახლეობა მარტო დარჩა მიწისძვრის პირისპირ. არის თუ არა ხელისუფლება ვალდებული, დაეხმაროს მიწისძვრისგან დაზარალებულებს და აუშენოს სახლები? - დიახ, რა თქმა უნდა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ყველა მოქალაქე ომის, სტიქიური უბედურებების თუ სხვა ამგვარი შემთხვევების დროს. ამისათვის მას გააჩნია სარეზერვო ფონდი. ჩვენს შემთხვევაში სახელმწიფომ ვალდებულებები მოსახლეობას გადააბარა, ხალხს ეუბნება: მე ვერ გაგათბობთ, მოჭერით ხე და გათბით, გაზს ვერ მოგაწვდით, დაიდგით სახლში გაზქურები ან ბომბები და თავი აიფეთქეთ. იყიდეთ გენერატორი და გამოიმუშავეთ საკუთარი ელ. ენერგია. ისღა დაგვრჩა უთქმელი, აფხაზეთიც თავად დაიბრუნეთო და, ალბათ, ცოტა ხანში ამასაც ვეტყვით... საერთოდ, როგორც წესი, არსებობს სახელმწიფოს და პიროვნების ურთიერთობის ფორმა, რომელიც ურთიერთპასუხისმგებლობაზე და ურთიერთსარგებლიანობაზეა დაფუძნებული. მე სარგებელს უნდა ვაძლევდე სახელმწიფოს და პასუხისმგებელი უნდა ვიყო ჩემს ქვეყანაზე, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოც ჩემს მიმართ. როცა ეს დამოკიდებულება უგულვებელყოფილია, ქვეყანა ვერ აშენდება. - მიწისძვრის შემდეგ ქალაქის დანგრეული უბნების მოსახლეობის ნაწილი ჯერაც არ გამოდის საკუთარი სახლებიდან, თუმცა იქ ცხოვრება დაუშვებელია. ისინი არ ენდობიან ხელისუფლებას, ეშინიათ, რომ დაკარგავენ ადგილს, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ. - ოჯახებს, რომლებსაც ჩვენ თავშესაფარს ვაძლევთ, რა თქმა უნდა, ძველი საცხოვრებელი ადგილი არ ეკარგებათ. შეიძლება ისეთი პირობები ვერ შევთავაზოთ, როგორიც საჭიროა, მაგრამ უსაფრთხოება აუცილებელია. მიწისძვრის შემდეგ რომ კიდევ ვინმე დაგვეღუპოს, ეს ჩვენი თავის მოჭრა და სიკვდილი იქნება. მთავრობის უნდობლობა მართლაც არის. ეს მეც შემეხო პირად ცხოვრებაში. პოლიტიკური ამბიციების გამო არ ვამბობ. უბრალოდ, სიმართლე მინდა ვთქვა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი კოოპერატიული ბინათმშენებლობის შესახებ, შევქმენით კომისია, ვიბრძოლეთ, რომ ეს ხალხი დაგვეკმაყოფილებინა, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ვალები, რომლებიც 12 წელი ჰაერში იყო გამოკიდებული, ნელ-ნელა იფარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის არავის დაუვალებია. შემდეგ პარლამენტმა სახსრები წაგვართვა, უფულოდ ჰაერში გამოვეკიდეთ და ვალდებულებებიც შეწყდა. საერთოდ, მთავრობა შეიცვლება თუ წყობა, სამართალმემკვიდრეობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს. ყველა ვალდლებულება, რომელიც ნოტარიულად დამოწმდება, დღეს იქნება თუ 5-10 წლის შემდეგ, უნდა შესრულდეს. ამ საკითხებს პიროვნებები კი არ უნდა წყვეტდნენ, არამედ კანონი, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს კანონი ახლა დავდოთ და თქვენ იქნებით პირველი, ვინც გამოსავალს ამ ინიციატივით საჯაროდ და სახალხოდ გამოამზეურებთ. - ბატონო ლადო, მაინც რა თანხები წაართვა პარლამენტმა საკრებულოს? საერთოდ თუ არსებობს რაიმე სახსარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ? ცხადია, ჩვენი ისედაც მწირი ბიუჯეტი მიწისძვრის ზარალს წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. - წინასწარი გათვლებით, თბილისში შენობა-ნაგებობები რომ კომპლექსში აღდგეს, 500 მლნ. ლარია საჭირო. ეს ათ წელზე რომ გადავანაწილოთ, 50 მლნ. ლარი გამოდის წელიწადში. ცხადია, პირველად სწორედ ეს კითხვა გაჩნდება, გვაქვს საშუალება, წელიწადში ამდენი რომ ვხარჯოთ? მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ გვაქვს. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტი უნდა იყოს 2,2 მილიარდი ლარი. აქედან 1(3 ანუ 700 მლნ. ლარი თბილისის ბიუჯეტი გახლავთ. ახლა იმას მოგახსენებთ, რა თანხები წაგვართვა პარლამენტმა - დამატებითი ღირებულების გადასახადის 15%. ეს რომ დღეს ჩვენ გვქონდეს, არავისთან არაფერი გვექნებოდა სახვეწარი. ციფრობრივად ეს 30 მლნ. ლარი იყო. ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიულად დაწყება. ცხადია, გაცილებით მეტ საქმეს გავაკეთებდით, ვიდრე დღეს. ჩვენ მოვითხოვთ ზემოხსენებული 15%-ის 10 წლით გადმოცემას. 700 მლნ. ლარის 15% გახლავთ 105 მლნ. ეს თანხა რომ გვქონდეს, 50 მლნ-ს მშენებლობაში დავხარჯავდით, 10 მლნ-ს გაზზე, 10 მლნ-ს წყალკანალზე, 10 მლნ-ს ენერგეტიკაზე, დანარჩენს კი - ეკოლოგიაში. - მანამდე, ვიდრე ეს ყველაფერი დღის წესრიგში დადგება, თბილისი ისევ სეისმოლოგიურად აქტიურ ზონაშია. რამე პროფილაქტიკური სამუშაოს გატარება თუა შესაძლებელი? - ჩვენ შევქმენით თბილისის აღორძინების ფონდი. იგი დაეფუძნება ახალ განაშენიანების პრინციპს მემკვიდრეობითობის და ურბანიზაციის გათვალისწინებით. სახლების მშენებლობა გაითვლება 8-9 ბალიან მიწისძვრებზე. აი, ესაა პროფილაქტიკა. დაიწყო შენობების 8 ბალიან სისტემაზე გადამზადება.
ესაუბრა ელგუჯა ჩხაიძე
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |