|
"საქართველო "
ვინ არის ბოდენი ? რატომ უნდა იყოს გერმანული დიპლომატია დაინტერესებული საქართველოში "მყვირალა" უსამართლობის გატარებით?
ნოდარ ნათაძე
რატომ ებრძვის რუსეთი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, სხვა ყოველივესთან ერთად, სეპარატისტული მოძრაობების გაღვივებისა და ხელშეწყობის გზითაც, გასაგებია. გასაგებია ისიც, რატომ ებრძვის ამავე მეთოდით ჩვენს ქვეყანას რუსეთის აგენტი შევარდნაძეც, რომელსაც ქართული ნაციონალიზმის გენეტურ სიძულვილთან ერთად კომკავშირული "ინტერნაციონალიზმის" მეორე ბუნებად ქცეული ინერციაც მოსდევს. იმაშიც კი შეგვიძლია ერთგვარი ლოგიკა დავინახოთ, რომ გლობალისტური პოლიტიკის გამტარებელი ამერიკული სუპერძალისათვის ქართული ეროვნული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესი თავისი ეროვნული ტერიტორიის ეროვნულ ტერიტორიადვე შენახვისა ან გაუგებარი, ან ანტიპათიის აღმძვრელი იყოს. მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა ებრძოდეს ქართველი ერისა და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ცხინვალის ზონაში, ხოლო შემდეგ - აფხაზეთშიც საქართველოში აკრედიტებული გერმანელი დიპლომატი, ანუ ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საკუთარი ისტორია და აწმყო აძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესი სიღრმისეულად ესმოდეს და ჩვენი ქვეყნის გულწრფელ მხარდაჭერაში მისი ქვეყნისადმი სამომავლოდ მნიშვნელოვანი გამოდგომის პოტენციალს ხედავდეს. ბოდენი არ არის პირველი გერმანელი დიპლომატი, რომელიც ამგვარად იქცეოდა. მისი წინამორბედი ეუთოს ("ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია",
OSCE) საქართველოს მისიის თანამდებობაზე ელჩი აიფი ზუსტად ასევე, ანტიქართულად ირჯებოდა და ისეთ კადნიერებამდისაც კი მივიდა, რომ სიტყვით მიჰმართა თვითმარქვია "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" თვითმარქვია და, ამდენად, დამნაშავე პარლამენტს მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტისთვის თავისი ლოგიკურად და იურიდიულად უსუსური კონცეფციისა და გეგმის წარდგენა საჭიროდ არ ცნო. ეს გონებით არც თუ სუსტი (თავისი ზოგი კოლეგისგან განსხვავებით) კაცი გულმოდგინედ ცდილობდა დავერწმუნებინე (მე იმ დროს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდორმარე გახლდით) იმაში, რომ საქართველოში "სამხრეთ ოსეთის" კიდევ ერთხელ შექმნა სამართლიანიც არის და ჩვენი ქვეყნის ინტერესთა შესაბამისიც, და მე მიკვირდა, როგორ ურიგდებოდა იგი - ევროპელი და, ალბათ განათლებული პიროვნება - იმ ალოგიზმებსა და ხელის გულზე მდებარე სიყალბეებს, რომლითაც სავსე იყო მისი მისიის მიერ შეთითხნილი, უსუსური "რეკომენდაციების" ტექსტი. მას შემდეგ ბევრი მიფიქრია კითხვაზე, რომელიც ზემოთ დავსვი - რატომ უნდა იყოს გერმანული დიპლომატია დაინტერესებული ამ, როგორც იტყვიან, "მყვირალა" უსამართლობის გატარებაში და სხვა მიზეზი და მოტივი
ამ პოზიციისა ვერ ვიპოვე რა, გარდა იმ სამისა, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი.
პირველი. II მსოფლიო ომის დროს, როცა ვერმახტს საბჭოთა ტყვეთაგან შედგენილი ეროვნული ნაწილები ჰყავდა, განსაკუთრებული "იდეურობით", ანუ იდეოლოგიური დამუხტულობით, გამოირჩეოდა ოსური ბატალიონი (ცხადია, იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ ოსები მთიანი კავკასიის ერთადერთი ინდოევროპული ანუ ინდოგერმანული ტომი არიან. შესაძლოა, ამავე მოტივის გამოყენებით გერმანული პოლიტიკის მგეგმავებს ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური საყრდენის შექმნის იმედი აქვთ.
მეორე. გერმანიასთან ერთად ომში მონაწილეობით (ამასთან - ერთგული, არაყალბი მონაწილეობით) დაზარალდა უნგრეთი, რომელსაც მოუხდა უარის თქმა ტრანსილვანიის სადავო ტერიტორიაზე, სადაც ორმილიონიანი კომპაქტური უნგრული ანკლავი არსებობს. შესაძლოა, გერმანელი პოლიტიკის მგეგმავები გერმანიის მოვალეობად რაცხენ, უნგრეთის ინტერესთა შესაბამისად, ხელი შეუწყონ საქართველოში ისეთი პრეცედენტის შექმნას, როცა კონკრეტული ტერიტორია ქვეყანაში შემავალად ითვლება, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმონაქმნია.
მესამე. გერმანიას სეპარატისტულად განწყობილი არაგერმანელი მოსახლეობა არ ჰყავს, მის ყველაზე მნიშვნელოვან ევროპელ მეტოქეებს კი ამგვარი მოსახლეობა ჰყავთ და ამგვარი რეგიონები აქვთ. საქართველოში ამგვარი ტენდენციის დაკმაყოფილების პრეცედენტის შექმნა დაუმძიმებს მდგომარეობას ამ მეტოქეებს და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს გერმანიის ინტერესთა წინ წაწევას.
ის, რომ საქართველოს ინტერესები აქ "ხურდა ფულად" გვევლინება, არავის "ნამუსზე შესაგდებად" არ გამოდგება: თუ ქვეყნის ვაი-ხელისუფალი არ იცავს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს, უცხოს ვერ მოსთხოვთ, ეს ინტერესი საკუთარი ინიციატივით დაიცვას.
ამჯერად ხელთ მაქვს პოპულარული გერმანელი ჟურნალისტის ფრიც პლაიტგენის (პლეიტგენ) წიგნი "ველურ კავკასიაში", 2000 წ), სადაც ერთი თავი "პუშკინი თუ ტოლსტოი - გერმანელი, როგორც მშვიდობის შუამავალი" ბოდენს აქვს მიძღვნილი. მიმაჩნია, რომ ის, რაც ამ თავში წერია სტრიქონებში და სტრიქონებს შორის, ქართველმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რათა სწორად გაიგოს იმ ანტიქართული "ჩალიჩის" მიზნები და მექანიზმები, რომელიც დღეს აფხაზეთში მიმდინარეობს.
ბოდენს სოხუმში გაეროს მცირე შეიარაღებული რაზმი ჰყავს თავის განკარგულებაში და მას ბრძანებებს აძლევს. იგი ბერიას აგარაკში ცხოვრობს. არც თუ შორსმჭვრეტელი ჟურინალისტისთვის მას ჩაგონებული აქვს არც თუ პატიოსნური აზრი, რომ "კოდორის ხეობაში დროდადრო არასტაბილობის შექმნას თავდასხმებისა და ადამიანთა მოტაცების გზით სვანები უზრუნველყოფენ" (გვ. 206). ბოდენს შეუძლია "დაუძაბავად" (ენტსპარნტ) მივიდეს არძინბასთან, როცა უნდა, და ესაუბროს. ეს ორნი "ადამიანურად" კარგ ურთიერთობაში არიან. ბოდენს ამ ურთიერთობაში ის უპირატესობა აქვს, რომ რუსულს კარგად ფლობს (არძინბა კი, იგულისხმება, გერმანულს არ ფლობს) და ამიტომ არც არძინბასთან, არც შევარდნაძესთან თარჯიმანი არ სჭირდება. ეს "სიახლოვესა და ნდობას ქმნის". ორივე მხარე "უფასებს" ბოდენს იმას, რომ რუსული ლიტერატურის, განსაკუთრებით - პუშკინის სპეციალისტია. იგი ნამუშევარია გენერალურ კონსულად (ალბათ, გდრ-ისად) ლენინგრადში, იღწვოდა მოლაპარაკებებში განიარაღების შესახებ და კავკასიაში - "საქართველოსა და ოსეთის კონფლიქტთან" (გვ. 207) დაკავშირებით. ბერიას სახლიდან დაუბრკოლებლად ელაპარაკება გაეროს. "ბერია ალბათ გაგიჟდებოდა, მოვლენათა ამ განვითარების დანახვა რომ შეეძლოს" (იქვე). (კომენტარისათვის: ბერია აქ ფიგურირებს, როგორც აფხაზების პირველი მტერი და აფხაზეთში ქართველების ჩამოსახლების ნებადართვის მომხრე).
ბოდენს, ამ "ცივ დიპლომატს" სულ უკვირს, ეს სად ვარო. მას ეჩვენება, რომ ბერიას აგარაკის სარდაფებიდან ჯერ კიდევ გვამების სუნი სცემს. თუ მოვიცილებთ "მასობრივი მკვლელის - ბერიას" ხსოვნას, მაშინ მისი სახლის აივანზე ჯდომა სასიამოვნოა. "ბედის ირონია ისაა, რომ ბოდენს ახლა ბერიას მემკვიდრეობის დაუფლება (ლეცანლტიგენ) უწევს... ეს ბერია იყო, ქართველების მასობრივი შემოსახლებით რომ აფხაზები მათს სამშობლოში უმცირესობად აქცია. ამ პოლიტიკამ თითქმის იძულებით მიგვიყვანა ომამდე. კარგა ავი მოსამზადებელი სამუშაო ჯერ კიდევ მეფის რუსეთს ჰქონდა ჩატარებული. 1963 წელს შმაგი ამბოხების შემდეგ აფხაზების 70% თურქეთში გადასახლდა, სადაც მათი შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს" (გვ. 207).
- როგორ მიდის თქვენი მისიის საქმე? - ეკითხება ჟურნალისტი ბოდენს.
- მოკლედ რომ გითხრათ - პასუხობს ბოდენი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ლტოლვილთა დაბრუნება.
მიაქციეთ ყურადღება: ბოდენი არ ახსენებს მოლაპარაკებათა შინაარსის არც ერთ სხვა პუნქტს: არც "თბილისისა და სოხუმის უფლებამოსილებათა გამიჯვნას", არც "ფართო ავტონომიას", არც "ეთნიკურ წმენდას" და მის ჩამდენთა დასჯას ან დაუსჯელობას. იგი ასახელებს მხოლოდ იმ პუნქტებს, რომლებიც მისი აზრით იმდენად ბუნების საწინააღმდეგოა და ამოცანის საწინააღმდეგოა, რომ კომენტარს არ საჭიროებს. მათი უმართებულობა თვითონვე "ყვირის". მისგან მომზადებული არაგამჭრიახი ჟურნალისტის რეპლიკაც ბუნებრივია: "ამით ხომ გაერო ქართველების პოზიციას წარმომადგენლობს, მაგრამ არა აფხაზებისას!". "საგანგებო რწმუნებული, თავიდან ფეხებამდე დიპლომატი" ბოდენი კი "ნათელ პასუხს თავს არიდებს". მისი პასუხია "ჩვენ ხომ არ ვიცით, 250 ათასი ლტოლვილიდან ყველა დაბრუნდება თუ არა". ამის შემდეგ ჟურნალისტი თავის აზრს მხოლოდ მისი ზოგადი შინაარსით, - არა ციტატით - გადმოგვცემს. იგი წერს: "ყველანი დაბრუნდებიან თუ არა, 80 ათასი აფხაზი ხომ მაინც ისევ უმცირესობა გახდება!" (რაც, თუ უფრო ღიად ვისაუბრებთ, იმას ნიშნავს, რომ ლტოლვილები, არაგამჭრიახი ჟურნალისტის აზრით, არ უნდა დაბრუნდნენ? "ეს ბოდენმაც იცის" - წერს ჟურნალისტი და, კვლავ ციტატის სახით, მოჰყავს ბოდენის პასუხი: "ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა სრული შერიგება მოხდება და როცა არც ერთ მხარეს არ ენდომება მეორე მხარეზე გაბატონება". და აი, ამ დიპლომატიური "სატოპკის" აწევის შემდეგ ეძლევა თავისი თანამემამულისაგან უკვე "მომართულ" ("დაქოქილ") არაგამჭრიახ ჟურნალისტს საშუალება, რომ პროგრამის ჭეშმარიტი "ღერძი" წარმოადგინოს: "ხომ არ შეიძლება თურქეთში გადასახლებული 400 ათასი(!) აფხაზი დავარწმუნოთ, რომ მამა-პაპისეულ სამშობლოში დაბრუნდნენ? მაშინ ხომ აფხაზები უმრავლესობა გახდებიან!" ბოდენი, ჟურნალისტის სიტყვით, ამ რეპლიკაში გენიალურს ვერაფერს ხედავს. "თეორიულად ეს შესაძლებელია, პრაქტიკულად - არა მგონია, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ პირობებში ვერა".
- რა შეიძლება შევთავაზოთ აფხაზებს? - კითხულობს "მომართული" ჟურნალისტი და "დიპლომატს პასუხი მზადა აქვს - "ძალიან ფართო ავტონომია!" (მივაქციოთ ყურადღება: ლაპარაკი არა აფხაზეთის ავტონომიაზე, არამედ აფხაზების ავტონომიაზე, ანუ იმთავითვე ნაგულისხმევია, რომ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზების ქვეყანაა, ხოლო ქართველები აქ მხოლოდ ბერიას მიერ შემოსახლებული შემთხვევითი ელემენტები არიან). და აქვე ბოდენი დასძენს საგულისხმო ფრაზას, რომელიც უფრო ღრმა გეგმაზე - საქართველოსთვის ფედერალური მოწყობის თავსმოხვევაზე მეტყველებს: "სამწუხაროდ, ქართველებს არა აქვთ ფედერალიზმის გამოცდილება. საჭიროა, შევიმუშაოთ სპეციფიკური მოდელი საქართველო-აფხაზეთისათვის ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში". ჟურნალისტი კითხულობს, რას ამბობენ ამაზე აფხაზები,. და ბოდენი პასუხობს, ისინი უარზე არიანო.
ამის შემდეგ პოზიციის ერთი პუნქტიღა რჩება გასარკვევი: ვინ უნდა მოახდინოს ის ინტელექტუალური ძალისხმევა, რომელიც ზემოხსენებული მოდელის მოაზრებას სჭირდება და რომელიც ფედერალიზმის არმცოდნე ქართველებს, ბუნებრივია, არ ძალუძთ. ბოდენს აქაც პასუხი მომზადებული აქვს: "გაერომ და ხუთმა სახელმწიფომ, რომლებიც მე მხარს მიჭერენ: შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ. ეს დაბალანსების ძნელი აქციაა, მაგრამ არსებობს საერთო ინტერესი, რომ მდგომარეობა დასტაბილდეს, თვით ქართველებსა და რუსებშიც კი. ამოსავალი წერტილი ესაა" (გვ. 208).
ამის შემდეგ საუბარი აფხაზეთის, როგორც "ლაჟვარდი ნაპირის" მომავალზე გადადის, რომელიც, რა თქმა უნდა, არძინბას ხელითა და გადაწყვეტილებით განხორციელდება არც თუ შორეულ მომავალში. ქართველები და საქართველო, რაღა თქმა უნდა, არც ერთ თემაში არ ფიგურირებენ). იმას, თუ როგორაა, რომ აფხაზეთი მთელი ცნობილი დღევანდლამდე ისტორიის მანძილზე საქართველოს შემადგენლობაშია, რომ აქ არსებობს განვითარებული ფეოდალური ცივილიზაცია, რომელიც მხოლოდ ქართულია, რომ აქ არსებობს ავტოხთონური ქართველი მოსახლეობა და რომ არსებობს ისტორიის მეცნიერება, რომელიც - აფხაზური ეროვნების "მკვლევრებისა", ვორონოვისა და ჰიუიტის გამოკლებით, აფხაზეთის მიწა-წყალს ქართველების ეთნიკურ ტერიტორიად თვლის, არც ბოდენი, არც მოსაუბრე ჟურნალისტი არც ახსენებენ და არც აინტერესებთ. სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორიდან ერთს - ქართველების ზოოლოგიური სიძულვილით გაჟღენთილ უმეცარს, რომელსაც ამ სიძულვილის შთამაგონებლად, როგორც ჩანს, რუსი ხალხის ყველაზე მდარე ფენასთან კონტაქტი აქვს თავისი ბიოგრაფიის რომელიღაც ეტაპზე - დღეს გაეროს მიერ საქართველოს ყოფნა-არყოფნაზე რეკომენდაციების შემუშავება და ლამის გადაწყვეტილებათა მიღება აქვს მინდობილი, მეორეს კი, - არანაკლებ ჩაუხედავსა და კადნიერს - გერმანელი მკითხველის წინაშე "ველური კავკასიის" პრობლემათა წარდგენის მისია აქვს თავს ნადები. იმისთვის, რომ პირველის საქართველოში მოღვაწეობაზე უფრო სრული წარმოდგენა გვქონდეს, დავიმოწმებ ერთ ფაქტს - მცირე საპროტესტო დემონსტრაციას მისი რეზიდენციის წინ მას შემდეგ, რაც ოსურმა "ომონმა", "ბოევიკების" ნიღბით, ავტომატის ცეცხლით დახოცა ორი კაცი და სამი ქალი, რომელთაგან ყველაზე უფროსი 29 წლისა იყო. დემონსტრაციას ორადორი პლაკატი ჰქონდა ქართულ და გერმანულ ენებზე: "ბატონო ბოდენ, დახოცილთა სისხლი თქვენს ხელებზეა". შეშფოთებული ბოდენი, რამდენადაც ვიცით, მალე დააწყნარა საქართველოს პრეზიდენტმა იმის შეპირებით, რომ ამ დემონსტრაციას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. საჭიროდ ვთვლი, მკითხველს წარმოვუდგინო აფხაზეთის პრობლემის "დარეგულირების" ის გეგმა, რომელიც, რამდენადაც მე ვიცი, ბოდენს აქვს: აფხაზეთი(!) "სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნის" სტატუსით რჩება საქართველოს შემადგენლობაში იმგვარი უფლებებით, რომელიც არძინბას ხროვას საშუალებას აძლევს ერთპიროვნულად არეგულიროს მიგრაციული პროცესები. ეს უფლება გამოიყენება თურქეთიდან მუჰაჯირების და ჩრდილო კავკასიიდან ადიღეური მოდგმის მოსახლეობის შემოსაყვანად, ხოლო შემდეგ, "აფხაზური" უმრავლესობის ფონზე, ტარდება რეფერენდუმი და აფხაზეთის სეცესიის აქტი.
ბატონებო, იყავით ფხიზლად!
მე მინდა იმას, ვინც ბოდენი საქართველოში გამოუშვა იმ მანდატით, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხებზე რეკომენდაციები შეიმუშაოს, უფრო ზუსტად კი - მისი სიკვდილ-სიცოცხლის ბედი გადაწყვიტოს, და იმას, ვინც იგი საქართველოში ამ მანდატით შემოუშვა, შემდეგი კითხვა დავუსვა:
აქვს თუ არა უფლება არამზადას,
- რომელმაც არ იცის, რა შეხედულება ან შეხედულებები არსებობს მეცნიერებაში აფხაზეთში (საქართველო) ქართველი ერის ავტოხთონურობის შესახებ
- თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარ სასამართლო ვერდიქტამდე განაცხადოს, რომ სვანები ადამიანთა გამტაცებლები არიან, და
- არ მიაჩნია მართებულად, ან ეჭვი ეპარება იმის მართებულობაში, რომ ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთიდან განდევნილი ქართველი მოსახლეობა თავის სახლებში დაბრუნდეს,
რომ საქართველოში წარმომადგენლობდეს და ასახიერებდეს გაეროს, რომლის დანიშნულებაში შედის ადამიანთა სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ადამიანთა და ხალხთა შორის სამართლიანობის ხელშეწყობა და არსებულ კონფლიქტებში მსოფლიოსთვის პრინციპულად მისაღები, განზოგადებისთვის და მომავალი კონფლიქტებისთვის ნიმუშად გამოსადეგი პერსპექტიული გადაწყვეტილებების პოვნა?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002
მოგვწერეთ opentext@flashmail.com |