"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

გაზეთ "საქართველოს" "წინასწარმეტყველება" ახდა: წვრილი ბზარი ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებში. მისი მიზეზი და სამომავლო პერსპექტივა

"საქართველოს" მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ 2001 წლის 2 სექტემბერს - ტერაქტამდე ცხრა დღით ადრე - გაზეთმა გამოთქვა მყარი გეოპოლიტიკური დიაგნოზი: დასავლეთის ძირითადი ინტერესი ამიერკავკასიაში ის არის, რომ გზა დაიბევოს შუა აზიისკენ და ამ ვრცელ რეგიონში, რომელიც ევრაზიის ყველა შესაძლო დიდი ფრონტის ზურგია, მანამდე დამკვიდრდეს, სანამ ძალის იქ არსებულ ვაკუუმს ჩინეთი დაუწყებდეს შევსებასო. მართლაც, არ გასულიყო ორი კვირა და შუა აზიაში დასავლეთის მძიმე თვითმფრინავებმა დაშვება დაიწყეს. ისე აუხდა "საქართველოს" მკითხველს ყველა სასიკეთო მოლოდინი! დღესაც ცხოვრება გრძელდება და მოვლენათა განვითარებაც გრძელდება. იმის საფუძველზე, რაც უკვე ითქვა, არაა ძნელი იმის ანალიზი, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება ან ჰორიზონტზე ისახება მაინც. უფრო ძნელია იმის პროგნოზი, თუ რა მოხდება ხვალ და ზეგ. ყველა შემთხვევაში ქართული ანალიტიკური აზრი ვალდებულია, ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან რეგიონში მოვლენებს ყურადღებით ჩაუკვირდეს და ორივე კითხვისათვის სწორი პასუხი ეძებოს.

სათაურით "ჩინეთის შემაშფოთებელი მეგობრული კავშირები", ჟ. "თჰე Eცონომისტ" აქვეყნებს მოკლე წერილს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში დეტალების გაჩენის შესახებ. 11 სექტემბრის ტერაქტმა ამ ორ დიდ სახელმწიფოს, თითქოს, შანსი მისცა ტერორისტებთან ბრძოლის წმინდა საქმის გარშემო დარაზმულიყვნენ და, დაივიწყებდნენ რა უთანხმოებებს, კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა ახალ საფეხურზე აეყვანათ. დღევანდელი ვითარება, ჟურნალის თქმით, ეჭვს იწვევს, ასეთი პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტური ხომ არ იყოო.

სახელდობრ, აპრილის ბოლო დღეებში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტისა და ამ ქვეყნის მეთაურის სავარაუდო მემკვიდრის ჰუ ჯინტაოს პირველი ვიზიტი აშშ-ში ბუშთან და ჩუინისთან შეხვედრის მიზნით. 24 აპრილს, კუალა ლუმპურში გაჩერების დროს, ბატონმა ჰუმ კრიტიკულად მოიხსენია, სახელის გაუმხელავად, "მსოფლიო სუპერსახელმწიფო", რომლის "ბატონობას უფრო სუსტებზე" და რომლის მიერაც "მცირეთა დაშინებას", მისი სიტყვით, მკაფიო კონტრასტს უქმნის ჩინეთი, იმით, რომ დიდი ხანია განცხადებული აქვს, "ჰეგემონიას არ ვეძებო". მანამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის ლიდერმა იან ძიმინმა, რომელმაც აგრეთვე იმოგზაურა მრავალ ქვეყანაში ამერიკელებისთვის მიუღებელი ლიბიისა და ირანის ჩათვლით, დემონსტრაციულად გაამზეურა თავისი კეთილი დამოკიდებულება ამ ქვეყნებისადმი და ირანში ინტერვიუც კი მისცა მასმედიას ებრაულ-არაბული კონფლიქტის შესახებ, სადაც აზრი გამოთქვა, რომ ისრაელი ყველა დაკავებული (ოკუპირებული) ტერიტორიებიდან უნდა გავიდეს. მთავარ თემად და შებრკოლების ლოდად ამ ორ სახელმწიფოს შორის, ყველა ვითარებაში მაინც ტაივანის პრობლემა რჩება. როგორც აღნიშნავს ჟურნალი, ჩინეთის არმიისა და უშიშროების სამსახურის ოფიცრებს მიაჩნიათ, რომ 11.IX-ის ტერაქტის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ იმის შესაძლებლობა შექმნა, რომ ამერიკელები და რუსები ისევე დაახლოებულიყვნენ კვლავ, როგორც 80-იან წლებში იყვნენ, როცა "საერთო მტრად" მათ საბჭოთა კავშირი ემსახურებოდათ. მაშინ ჩინეთს სერიოზული უკმაყოფილება არ გამოუთქვამს ავღანეთში სსრკ-ს შეჭრის გამო, რაც, ლოგიკურად, თითქოს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მან არ იწყინოს არც ამერიკული დარტყმა თალიბებზე, მით უმეტეს, რომ ამ დარტყმამ დაასუსტა ჩინეთელ მუსულმანთა სეპარატისტული მოქმედებაც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მაგრამ ამჯერად ჩინეთმა ეს იწყინა და ყირგიზსტანში რამდენიმე ათასი ამერიკელის ჩასვლის შემდეგ ამერიკელებს "სხვა სახის გამომეტყველებით" შეჰხვდა. რატომ შეჰხვდა? ამ კითხვაზე ჟურნალი დიპლომატიურად დუმს. მაგრამ განსხვავების მიზეზი ნათელია: ჩინეთს სწყინს ის, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი: ძალის შუა აზიაში არსებული ვაკუუმის ჩინეთზე ადრე ამოვსების ამერიკული გეგმა.

მართალია, შუა აზიაში სტრატეგიული ხაზის პარალელურად ვითარდება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობათა მეორე ხაზიც, სახელდობრ, ამერიკელების მიერ ტაივანის დაცვის, მაშასადამე - ჩინეთისგან მისი დაცვის ხაზი. ამ მიმართულებითაც ამერიკელების კურსი გამკვეთრებულია, ასე რომ მათი ზოგი ნაბიჯი, უკეთ - მათ ნაბიჯთა მთელი კომპლექსი ჩინელების მიერ "სილად" აღიქმება. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ კონფლიქტის გაძლიერება ტაივანის გარშემო არის სპონტანური, პირველადი მოვლენა, და არა გვერდითი მანევრი ამერიკელებისა იმ მიზნით, რომ გაიძლიერონ თავისი პოზიცია, მთავარში - შუა აზიისათვის ბრძოლაში.

ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობათა დღევანდელ მდგომარეობას, ჯამში, ჟურნალი ასე ხედავს: ჩინეთი, რომელიც დღეს შეტევით პოზიციაში არაა, ლაპარაკობს იმაზე, რომ ტაივანი, თუ სწორი პოლიტიკა არ გატარდა ამერიკელი პარტნერის მხრიდან, შესაძლოა, "პრობლემას შექმნის", მაგრამ არ ამბობს, რომ იგი "პრობლემას ქმნის" ან "პრობლემა შექმნა". სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ჩინეთი თავის ურთიერთობაში ამერიკასთან ბალანსირებას ეწევა "წითელი ხაზის" მისადგომებთან. რატომ ეწევა ამ ბალანსირებას და რატომ არ იჭერს შემტევ პოზიციას, მაშინ როცა ტაივანის დაპატრონება მისი ერთ-ერთი ღიად გაცხადებული ძირითადი გეგმაა. ეს "თჰე Eცონომისტ"-მა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჟურნალია, ცხადია, იცის (მით უმეტეს, რომ ამ კითხვის პასუხის მთელი კონტექსტი ამავე ჟურნალის სხვა პუბლიკაციებში კარგად ჩანს), მაგრამ არ ლაპარაკობს, რადგან ეს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მდუმარედ ტაბუდადებულ თემათა რიცხვს ეკუთვნის. ჟურნალი მხოლოდ საქმის ერთ მხარეს აღნიშნავს, სახელდობრ, იმას, რომ "ჩინეთს მხოლოდ მაშინ შეუძლია იყოს სტაბილური და გაძლიერდეს, თუ მას არ ექნება სერიოზული კონფლიქტი აშშ-სთან". რას ნიშნავს "გაძლიერება" ამერიკელებთან მეგობრობის პირობებში და რამდენხანს სჭირდება ჩინეთს ეს მეგობრობა? ესეც ამ განსაკუთრებული კომპეტენციის საიდუმლო არ არის. ჩინეთს აშშ-სთან ვაჭრობაში წლიურად 30 მილიარდი დოლარის დადებითი სალდო აქვს, ამის წყალობით წარმოების 8%-იანი წლიური ზრდა აქვს და მთლიანი ეროვნული ეკონომიკის მოცულობით აშშ-ის დღევანდელ ნიშნულამდე ორ ათწლეულზე უფრო მოკლე ხანში უნდა ამაღლდეს. მაგრამ როდემდე გაჰყვება ჩინეთი თავისი გეოსტრატეგიის ამ გზას და როდის მოინდომებს ხელოვნურ რადიკალურ ზემოქმედებას თავისი ეკონომიკის მიმართულებაზე მისი მილიტარიზაციის მიზნით, ანუ როდის აიღებს (და აიღებს თუ არა) კურსს შეიარაღებულ კონფლიქტზე, ამისი პროგნოზირება მხოლოდ ეკონომიკური და სხვა ობიექტური მონაცემების საფუძველზე არც ჟურნალს ძალუძს და არც ვისმე სხვას.

X X X

ჩვენთვის, საქართველოსთვის ამ მოვლენათა განვითარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, ჩვენ გვეხება ყველა გლობალური პროცესი, რომლებიც დედამიწაზე ომსა თუ მშვიდობას განსაზღვრავენ. მეორეც, ეს მოვლენები განსაზღვრავს დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესს ამიერკავკასიისადმი, ეს ინტერესი კი - მრავალ ცდომილებას ამ ზონაში. მესამეც, შუა აზიაში ჩინეთის გავლენის დამკვიდრება, თუ იგი მოხდა, გამოიწვევს ისეთ ძლიერ დემოგრაფიულსა და ძალისეულ წნევას, რომელიც გადაეცემა ირან-აზერბაიჯანს და იქიდან - საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენთვის შუა აზიაში არსებული დიდი ძალის ვაკუუმის შევსება სხვა, არაადგილობრივი ძალით, ამ შემთხვევაში - დემოკრატიული დასავლეთის ძალით, ჩვენი მდგომარეობის სასურველი შემსუბუქება იქნება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com