"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

ნაციონალიზმი იაპონიაში

ის, რომ "ნაციონალიზმი" მსოფლიო პოლიტიკაში დღეს ლამის საგინებელ სიტყვად არის მიჩნეული, ერთის მხრივ, მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ინერციაა, რომელიც "ნაციონალ-სოციალისტებად" წოდებულმა გერმანულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაიწყო, ულმობელი მეთოდებით ჩაატარა და წააგო, მეორეს მხრივ - ამ პოლიტიკაში რეალურად მონაწილე ერთა მიერ ერთმანეთის შეზღუდვის ფორმაა, რათა თავ-თავისი ბუნებრივი გეოსტრატეგიული ძალა მეტისმეტად არ გაალაღონ. გარდა ამისა, ესაა მოარული ბრალდება, რომელსაც მსოფლიოში უკვე კარგად დამკვიდრებულ ხალხებს მომარჯვებული აქვთ იმათ წინააღმდეგ, ვინც მსოფლიოში დამკვიდრებას დღეს ცდილობს და, მაშასადამე, უკვე დამკვიდრებულებს ოდნავ "ჩაჩოჩებას" უპირებს. დღეს უეჭველია, რომ პირველი ორი ფუნქციით ეს ცნება დიდხანს ვერ გაძლებს მსოფლიოს ასპარეზზე; იგი გადავარდება, როგორც ერთ-ერთი მოდა სხვა მოდათა შორის. მესამე - როგორც ახალ მომსვლელთა მოგერიების იდეოლოგიური იარაღისა - მას ალბათ ერთხანს კიდევ შერჩება პირველი ორის გაქრობის შემდეგ. დღეს "დიდები", მაგრამ მსოფლიოში ჯერ არგაბატონებულები, უფრო და უფრო თამამად აცხადებენ თავის ნაციონალიზმს, ანუ თავის ეროვნულ ინტერესთა მიზანმიმართული დაცვის პრინციპს. თან ფრთხილობენ იმისდა პროპორციულად, რამდენად არტყიათ, ჯერჯერობით, წარსულ ომებში აგრესორის დამღა.

21 აპრილს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიხირო კოიძუმიმ მოილოცა იაზუკუნის ტაძარი, რომელიც ომებში დაცემული იაპონელების მემორიალს წარმოადგენს. თან განაცხადა, რომ ახლა მოსვლით, გაზაფხულის დღესასწაულის დროს, იგი თავისუფლდება მოვალეობისაგან, რომ იქ მივიდეს აგვისტოში, როცა II მსოფლიო ომში დამარცხებული იაპონია იძულებით ზეიმობს თავისი უპირობო კაპიტულაციის (1945) დღეს. პრემიერის ამ ნაბიჯს პოლიტიკურ აზრს აძლევს ის გარემოება, რომ იაპონური ეროვნული სიმბოლიკით გამართულ ამ ტაძარში 1978 წლის აქეთ დასვენებულია 12 სამხედრო ლიდერისა და იდეოლოგის ნეშტი, რომლებიც 1945 წლის შემდეგ გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს როგორც სამხედრო დამნაშავენი. ამის შემდეგ ყველა იაპონელი პოლიტიკური ლიდერი არჩევანის წინაშე დგას: მან ან ტაძარში არმისვლით უნდა უგულებელყოს ომებში დაცემულ დანარჩენ იაპონელთა ხსოვნა, ან მათთან ერთად პატივი უნდა მიაგოს იმათაც, ვინც II მსოფლიო ომის გამჩაღებლებად არიან, ჯერჯერობით მაინც, ჩათვლილნი. იაპონიის მთავრობის დღევანდელმა ლიდერმა ამ დილემას ამგვარი გადაწყვეტა მოუნახა: ჯერ, საარჩევნო კამპანიის დროს, როცა პარტიას მომავალი პრემიერის კანდიდატურა უნდა განესაზღვრა, მან განაცხადა, რომ ტაძარში მივიდოდა 15 აგვისტოს, კაპიტულაციის წლისთავის დღეს, რითაც გამოთქვამდა თავის მოწიწებას ომებში დაღუპული ყველა იაპონელის ხსოვნისადმი, სამხედრო დამნაშავეებად აღიარებულთა ჩათვლით. ამ განცხადებამ მას არჩევნები მოაგებინა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი თხოვნა მიუვიდა აზიის დედაქალაქებიდანაც და იაპონელებისგანაც, - ამისგან თავი შეეკავებინა. განსაკუთრებით დაჟინებით ითხოვდნენ მისგან ამას ჩინელები და კორეელები, ანუ ისინი, ვინც ყველაზე უფრო დაზარალებულებად ითვლებიან იაპონელთა სამხედრო მოქმედების შედეგად. უკვე პრემიერად მყოფმა კოიძუმიმ პირობა მაინც აასრულა, მაგრამ იგი "მიაფუჩეჩა" იმ მხრივ, რომ ტაძარში მივიდა არა კაპიტულაციის დღეს, არამედ ორი დღით უფრო ადრე. ამჯერად, ტაძარი რომ გაზაფხულზე მოილოცა, კოიძუმიმ, ერთის მხრივ, ოფიციალური პროტესტები მიიღო ჩინელებისა და იაპონელებისაგან. მაგრამ, მეორე მხრივ, დააწყნარა მსოფლიოს დანარჩენი საზოგადოებრიობა, რაც მისი ქვეყნისათვის განსაკუთრებით საჭირო იყო იმის გამო, რომ იაპონია, სამხრეთ კორეასთან ერთად, ფეხბურთის მომავალი მსოფლიო პირველობის თანამასპინძელია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com