"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

"სირცხვილი საფრანგეთს": "ფაშიზაცია" ევროპაში.რა მიზეზით? რა მიზნით? რა პერსპექტივით?

ბევრი დაფარული თანდათან ცხადდება. "უკიდურესი მემარჯვენეობა" ევროპაში უკვე ძალაა. რაც მთავარია, მას მყარი მკვებავი წყარო აქვს გადაუჭრელი სოციალური და იმიგრაციული პრობლემების სახით.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკვე მრავალი წელია, მწიფდება უკმაყოფილება საყოველთაოდ მიღებული პოლიტიკით, რომელსაც ბრალად ედება, დემოკრატიის პრინციპთა მეტისმეტად ცალმხრივი გატარება, რითაც მოპროტესტეთა აზრით, მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესი ილახება. უკმაყოფილების მოტივი ორია: ერთია უნდობლობა საპარლამენტო დემოკრატიისადმი და მის ნაცვლად უფრო პირდაპირი მოქმედებებისკენ, მათ შორის - ძალადობისკენ მისწრაფება. მეორეა უკმაყოფილება საიმიგრაციო პოლიტიკისადმი, რომელმაც ევროპის ქვეყნებში არათეთრკანიანი ახალი მოსახლეობა კატასტროფულად გაზარდა.

დემოკრატიული პოლიტიკით (როგორც ფიქრობენ) განპირობებული ეს უსიამოვნო მოვლენები ზოგადდება, ზვიადდება და უფრო და უფრო მზარდ წინააღმდეგობას იწვევს. ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში დემოკრატისტული "გადახრების" წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს სახელად "უკიდურესი მემარჯვენეობა" და "ფაშიზმი" აქვს შერქმეული. ევროპელთა მეტ-ნაკლებად დაფარულმა შიშებმა და წინააღმდეგობებმა, რაც ამ ახალი მოვლენების მოზღვავებას ახლავს, განსაკუთრებით მძლავრად გადმოხეთქა ა.წ. 21 აპრილის შემდეგ, როცა ადრიდანვე ცნობილმა ფრანგმა "უკიდურესმა" ლე პენმა (დღეს იგი 72 წლისაა) საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 16,9% ხმებისა მიიღო და დღევანდელ მოქმედ პრეზიდენტს ჟაკ შირაკს მხოლოდ 0,7%-ით ჩამორჩა. ჟ. "თჰე Eცონომისტ" აქვეყნებს რამდენსამე წერილს, სადაც იგი ამ მოვლენის ახსნას და მისი მოსალოდნელი მომავალის განჭრეტას ცდილობს.

ევროპაში "ფაშიზმი" ძლიერდება... უკვე არის მითქმა-მოთქმა, რომ ევროპაში ჰიტლერისა და მუსოლინის სულები დაბორიალებენ. თუ არა, მაშინ როგორაა, რომ ამ კონტინენტის ორ მოწინავე ქვეყანაში - ავსტრიასა და იტალიაში - მმართველ კოალიციაში ქსენოფობიური (უცხოთ მოძულე) პარტიები არიან? დანიაში ანტიიმიგრანტული პარტია თითქმის აკონტროლებს ვითარებას პარლამენტში; შვეიცარიასა და ნორვეგიაში ამ მიმართულების პარტიები მნიშვნელოვან საარჩევნო შედეგებს აღწევენ; როტერდამში (ჰოლანდია) და ანტვერპენში (ბელგია) ამგვარ პარტიებს ძალა აქვთ იმის წყალობით, რომ იქ "ფერად" იმიგრანტთა პროცენტი მაღალია და მათ წინააღმდეგ დაგროვილი გაღიზიანების მუხტიც შესაბამისად, მაღალი. ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაშიც მომძლავრებულნი არიან ამ სულისკვეთებაზე მდგომი პარტიები, რომელთაც, ამასთანავე, ანტისემიტიზმი დაჰკრავთ და ბოშებიც სძულთ; თურქეთს, სულაც, მემარჯვენეები მართავენ. ინგლისში ასეთი პოლიტიკური მიმართულება სუსტია, მაგრამ არის, რუსეთში მის ნიმუშს ჟირინოვსკი წარმოადგენს. ყველა ამათში პირველი ადგილი, უდავოდ, ავსტრიელ იორგ ჰაიდერს უჭირავს, რომელმაც შთამბეჭდავად მოიგო არჩევნები ამ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ საზოგადოებრივმა აზრმა აიძულა, მიუხედავად ამისა, ცოტა უკან დაეხია პოლიტიკური "ჩრდილისკენ".

...მაგრამ მისი შეკავება შეიძლება. ამავე დროს ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ "უკიდურეს მემარჯვენეთა" ეს წარმატება არ უნდა გვეჩვენოს მათი მიახლოებული გამარჯვების მომასწავებლად. ჯერ ერთი, მათი ძალის ზრდა დიდი არ არის. მეორეც, მათი წარმატება მათი მოგება კი არაა, არამედ მხოლოდ მათ მოწინააღმდეგეთა წაგებაა (მაგ. შირაკისა), რომლებსაც კონსტრუქციულობა უჭირთ (შირაკივით) და ამავე დროს (იმავე შირაკივით) არც თუ უმწიკვლო და უსკანდალო ცხოვრების გზა აქვთ. უკიდურეს მემარჯვენეთა წარმატების კიდევ ერთი წყაროა ის, რომ მათი მოპირისპირე პარტიები, რომლებიც დღეს, ასეა თუ ისე, მმართველნი არიან, საკმაოდ დაშორებულნი არიან პირდაპირ კონტაქტს ფართო მასებთან.

პრობლემებმა ხათრი არ იცის. და მაინც, იმ სურათში, რომელსაც ჟურნალი ხატავს, გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ პრობლემები მართლაც დიდია და მათი პროპაგანდისტული გამოყენება პოლიტიკოსთა მიერ, როგორც ამას, მაგალითად, ლე პენი სჩადის, არაა ერთკვირიანი შემთხვევითი კონიუნქტურის მიერ მოტანილი ვითარება. უმძიმესი ამ პრობლემათა შორის, რასაკვირველია, იმიგრაციის (ძირითადად - აფრიკულისა და აზიურის) პრობლემაა. საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ევროპას 15 მილიონი ასეთი ემიგრანტი შეემატა, ხოლო საფრანგეთში უკვე 5-6 მილიონი მუსლიმანი იმიგრანტი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 12 პროცენტს უდრის. მათ საწინააღმდეგოდ შემოთავაზებული "ექსტრემისტულად" მონათლული ზომები ეხება, ძირითადად, იმიგრაციის გაძნელებას და იშვიათად - მათ "რეპატრაციას" ანუ თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებას. მათი ევროპელებში ინტეგრაციის ამოცანისადმი ორი სხვადასხვა მიდგომა არსებობს: ერთი - ე.წ. "გადასადნობი ქვაბის" კონცეფცია - იმას გულისხმობს, რომ ამ იმიგრანტთა "მონელება" და ევროპულ თარგზე გარდაქმნა უნდა მოხდეს, მაგრამ ასეთი "ათვისების" მომხრენი ევროპელები, შესაძლოა, ერთადერთ სფეროში არიან - საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების დაკომპლექტების სფეროში. მეორეა "მოზაიკის" კონცეფცია - და იგი თვით ახალი ემიგარნტებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე პირველი: იმიგრანტები დარჩებიან კუნძულებად მათი ახალი დასახლების ქვეყანათა გეოგრაფიულსა და სოციალურ სივრცეში და სახელმწიფოს ჩარევა მათ საქმეებში და ცხოვრების წესში მინიმალური იქნება.

ის, რაზეც არ ლაპარაკობენ. დისკუსიებში არ ფიგურირებს (და ამაზე არც "ეკონომისტი" წერს) იმის ახსნა, თუ რატომ (რისთვის) უშვებენ ევროპელები იმას, რომ მოსახლეობის ესოდენ გამარტივებული გადმოადგილება აზია-აფრიკიდან ევროპაში ასე ადვილი იყოს? პასუხი ასეთია: არა იმიტომ, რომ არ იციან, რა უპირატესობა აქვს ტერიტორიის პატრონ ფუძე-ქვეყანასა და ფუძე-ერს ახალმოსულებთან შედარებით, არამედ იმიტომ, რომ იმიგრაციის გზით ხდება აზია-აფრიკის ქვეყნებიდან მოსახლეობის ყველაზე უფრო აქტიური ნამატის გაწოვა და მეტ-ნაკლებად (თუმცა მხოლოდ მეტ-ნაკლებად) მისი დაქვემდებარება ევროპული კონტროლისადმი. თორემ თვით ამ არაევროპელებმა რომ იგივე განათლება და იგივე გამოცდილება დამოუკიდებლად მოიპოვონ, თავ-თავის სუვერენულ ქვეყნებში, მაშინ მათი აქტივობის მიმართულებაც და ნაყოფიც სულ სხვა იქნებოდა.

"სირცხვილი ჩვენ!" მაინც რა უნდა ლე პენს, რომელიც დღეს საფრანგეთის მოსახლეობის 83%-ის თვალში ყველაზე ოდიოზურ "პრეტენდენტად" ჩამოყალიბდა? ბევრი არაფერი. მისი მუშა ლოზუნგია ემიგრაციის შეზღუდვა და კრიმინალური სიტუაციის მტკიცე ხელით ალაგმვა (თუმცა თვითონ "მტკიცე ხელის" ხიბლის ნასახიც კი არა აქვს). უკანონო ემიგრანტთა გასახლების მოთხოვნაც კი იშვიათად თუ წამოსცდება.

მიუხედავად "რადიკალის" ამ არც თუ უზომო მადისა, მისი წარმატების ამბის გამოჟონისთანავე პარიზში დემონსტრაციამ იფეთქა. მისი ფსიქოლოგიური "ზამბარების" გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფრანგები თავისი ეროვნული სიამაყის ერთ-ერთ საფუძვლად დღეს ევროპასა და მსოფლიოში თავისუფლების მედროშის როლს მიიჩნევენ (და თავის სახელმწიფო ჰიმნადაც რევოლუციური "მარსელიეზა" ამიტომ აქვთ). ასე რომ პარიზის ქუჩაში საჭიდაოდ დღეს გამოსული ორივე ძალა კარგა მძიმე წონისაა. ერთია ძლიერი მოყირჭება ამერიკული "გლობალიზმითა" და ევროპული "ინტეგრაციით", რომელშიც ყველაზე დიდ ძალას გერმანია წარმოადგენს და არა საფრანგეთი, მეორე კი დემოკრატიის (და, მაშასადამე, თავისუფლების) თითქმის ორსაუკუნენახევრიანი ეროვნული ტრადიცია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com