"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

"პატრიარქი ალექსი, ძალმოსილი რუსი"

ჟ. "The Economist"-ის ამ პუბლიკაციას ქვესათაურად აქვს ფრაზა "ეტყვის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მღვდელმთავარს, უფრო კეთილად მოექცეს სხვა ეკლესიებს"? და მისი ძირითადი აზრია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის არასაკმარისი ტოლერანტობის (რჯულშემწყნარებლობის) მხილება. რუსეთის ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, იგი "სსრკ-ს ჩამოყალიბებულად" რაცხს და მიაჩნია, რომ თავის "საკმაოდ ნებიერ" ურთიერთობებს ხელისუფლებასთან ეს ეკლესია იყენებს "საეჭვო პრივილეგიათა" მოპოვებისათვის სხვა რელიგიურ ორგანიზაციათა წინაშე. რაც მას ამ სფეროში "თითქმის მონოპოლიურ" მდგომარეობას ანიჭებს. ამ მიმართულებით სადღაც "ზედა სართულში" კარგა უსიამოვნო სუნი ტრიალებს. პუტინი გმობს ამ ვითარებას, მაგრამ პრაქტიკულად ხელს არ ანძრევს. ამჯერად რუსული ცხოვრების ხსენებული ნაკლი (არასაკმარისი ტოლერანტობა) გამოწვეულია არა ბიუროკრატიული ფაქტორითა და არაკომპეტენტურობით, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მეთაურის პოზიციით.

თუმცა რუსეთის კონსტიტუციით ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილნი არიან, პრაქტიკაში, ჟურნალის აზრით, ეს არ ხორციელდება, არამედ ეკლესია და მოხელეები ერთობლივად იღწვიან, რათა სხვა დენომინაციებს ("ახალ მომსვლელებს") რუსეთში "მუშაობა" გაუძნელონ. ეს ეხება როგორც "რესპექტაბელურ" აღმსარებლობებს, ისე ამ მახასიათებელს მოკლებულებსაც. ჟურნალს მაგალითად მოჰყავს "ხსნის არმია", რომელსაც რუსეთში წლების მანძილზე წინააღმდეგობა ეწეოდა იმ მოტივით, რომ იგი "პარამილიტარულ" ორგანიზაციად მიიჩნეოდა.

უკანასკნელი "გახმაურებული დაპირისპირება", ჟურნალის სიტყვით, კათოლიკურ ეკლესიას შეეხო, რომელსაც, ჟურნალისვე სიტყვით, "ზოგი მართლმადიდებელი იდეური ხელმძღვანელის (ცჰეერლეადერს) თვალში უკეთ არ გამოიყურება, ვიდრე ექსტრემისტული ისლამი". ამ ბრალდების დასაბუთებისთვის ჟურნალი იმოწმებს რუსეთში კათოლიკური საქმიანობის შეზღუდვის (მათ შორის - საყდართა მშენებლობისთვის დაბრკოლებათა შექმნას) და მილიციის მხრიდან ანტიპათიის გამოჩენის ფაქტებს. სიტუაციის ზოგად ფონს, ჟურნალის სიტყვით, წარმოადგენს "ცივი ურთიერთობა მოსკოვსა და ვატიკანს შორის".

ჟურნალი წერს: "(რუსეთის) საპატრიარქოს წუხილი კონკურენციის თაობაზე გასაგებია. ის, რაც (თავისუფლების) მძლავრ მექანიზმად გამოიყურება, შესაძლებელია პრაქტიკაში ფრიად გაურკვეველ რადმე გვევლინებოდეს. (რუსულ) ეკლესიას აუარებელი ფული აქვს როგორც კომერციული წამოწყებებისგან, ისე მორწმუნეებისაგან, და იგი ბევრ ტაძრებს აშენებს, მაგრამ მას უჭირს ამ ტაძართა შევსება. რუსების 60% ამბობს, ეკლესიას მხარს ვუჭერთო, მაგრამ მხოლოდ 6% ამბობს, ღვთისმსახურებას თვეში ერთხელ მაინც ვესწრებითო. ამის მთავარი მიზეზია ის ჯერ კიდევ გამოუსწორებელი ვნება, რაც ეკლესიას 70 წლის დევნამ და სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულმა ათეიზმმა მიაყენა. რუსების უმრავლესობა გულგრილია რელიგიისადმი. მართლმადიდებელ მღვდელთა მომზადება ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე სასურველი იქნებოდა. ზოგი წმინდანის ცნობიერებითაა, ზოგი ზარმაცია და კორუმპირებულია. ბევრი უფროსთაგანი მათ შორის სუკთან თანამშრომლობდა".

ამათგან განსხვავებით ჟურნალის სიტყვით, უცხოელი მისიონერები კარგად მომზადებულნი არიან და ენერგიულნი. ამიტომ მათი მოწოდება ხშირად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე რუსი სამღვდელოებისა, და მათი სარწმუნოებრივი კრებული (კონგრეგაცია) - უფრო ცხოველი. ისინი უფრო მზად არიან მუდამ სოციალურ საქმეში ჩასაბმელად. ამიტომ ბოლო 10 წლის მანძილზე გამოკითხვები გვიჩვენებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგის მკვეთრ დაცემას. სხვა ეკლესიები კი, განსაკუთრებით კათოლიკური ეკლესია, ჰყვავიან.

რუსეთის საპატრიარქო, ჟურნალის სიტყვით, ამას განიხილავს როგორც არამეგობრულ ქცევას ეკლესიის მხრიდან, რომელსაც, მისი აზრით, არ ჰმართებს რუსული სისუსტის გამოყენება თავის სასარგებლოდ. ამ მდგომარეობის შედეგია მკვეთრად კონვულსიური რეაგირება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან. ასე, მაგალითად, ამას წინათ ვატიკანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომ თავისი სტრუქტურული რეორგანიზაცია მოახდინოს რუსეთში, სახელდობრ, იგი სრულ ეპარქიებად მოაწყოს, რუსეთის სამღვდელოების დიდი აღშფოთება მოჰყვა.

პატრიარქი ალექსი, ჟურნალის სიტყვით, პირად ურთიერთობაში უფრო რბილი დამოკიდებულებისა ჩანს, ვიდრე ზოგი კლერიკოკრატნი მის გარშემო. ის, რომ მან ღიად არ დაგმო ორი კათოლიკე მღვდელმთავრის შევიწროება (მათთვის ვიზების ჩამორთმევა), რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, და მისი ანალოგიური პოზიცია სხვა შემთხვევებში, იმაზე მეტყველებს, რომ იგი ერიდება თავისი ეკლესიის მძლავრი ობსკურანტისტული ფრთის წყენას. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ მას დღემდე არ დაუგმია ანტისემიტური განცხადებები და არ გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი, თუნდ მცირე, სხვა ეკლესიებისკენ. იგი მძაფრად ეწინააღმდეგება პაპის ჩასვლას რუსეთში და არის იმის ნიშნები, რომ პუტინს, რომელიც რეგულარულად დადის ეკლესიაში, ეს სულისკვეთება შეთვისებული აქვს. პუტინი მნიშვნელობას ანიჭებს მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი და ტრადიციისადმი მოწიწების გამოთქმას, მაგრამ ამ მხრივ ჩრდილში მოქცეული ჰყავს სამღვდელოება. ვატიკანთან სავსებით მეგობრული ურთიერთობა აქვს და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგი არაა პაპის ვიზიტისა, თუკი პატრიარქის ნება იქნება.

ჟურნალი თვლის, რომ პაპის ვიზიტისადმი წინააღმდეგობაში ობსკურანტისტებს, შესაძლოა, "მეტი მოუვიდათ". პაპის არშემოშვება ამჯერად საგრძნობ დიპლომატიურ პროტესტს იწვევს. თავის კონსტიტუციითაც და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობითაც, როგორიცაა, მაგალითად, ეუთო, რუსეთი, ცალკე, გადაადგილების თავისუფლების და, ცალკე, რელიგიის თავისუფლების მომხრეა. დღეს, როცა პოლონეთმა, ვატიკანმა და ზოგმა სხვამ მკვეთრი პროტესტი გამოთქვეს და როცა პუტინი ცდილობს, დასავლეთის თვალში შექმნას რუსეთის, როგორც სანდო და წინასწარმეტყველებადი პარტნერის, იმეჯი, მისთვის ამგვარი პროტესტები უაღრესად არასასურველია: გამოდის, რუსეთი ქცევის ისეთსავე გასაიდუმლოებულსა და თვითნებურ სტილს ირჩევს, როგორიც სსრკ-ს ჰქონდა.

ჟურნალის სიტყვით, "ზოგნი ფიქრობენ", რომ პუტინი გამოიყენებს შესაძლებლობას, რათა კათოლიკების გამოსარჩლებით თავისი იმეჯი გააუმჯობესოს, და ეგებ პატრიარქსაც კი ურჩევს, გადადგომაზე იფიქროს, ამ შემთხვევაშიც - ისევე, როგორც მრავალი სხვა საკითხის შემთხვევაში, რომელზეც პუტინი ფრიად ტკბილი ხმით ლაპარაკობს ხოლმე, - პრობლემა ისაა, რომ ბევრი იმათგანი, ვინც დღეს რუსეთს მართავს, სხვაგვარად ფიქრობს. რუსეთის ბიუროკრატიაში ღრმად ზის ქსენოფობია (უცხოთმოძულეობა), კანონისადმი უპატივცემლობა და მავანთა საამებელი გადაწყვეტილებების მიღების ჩვევა. რელიგიურ თავისუფლებას რუსეთში ლობი არ ჰყავს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com