"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

სრებრენიცას აჩრდილი ნიდერლანდების ხელისუფლებას უკან დასდევდა პოლიტიკა, პასუხისმგებლობა, მორალი

ნიდერლანდების მთავრობა გადადგა იმის გამო, რომ დარწმუნდა: 7 წლის წინ მას შეეძლო მეტი ეღონა, ვიდრე იღონა, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო 8000 ბოსნიელი მუსლიმანის დახოცვა იუგოსლავიის ქალაქ სრებრენიცაში. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ამ ქვეყნის სამშვიდობო ძალებს, რომელნიც თავისი მანდატის შესაბამისად იმყოფებოდნენ იუგოსლავიაში, და, რა თქმა უნდა, კაბინეტს, რომელიც პასუხისმგებელია, პრინციპულად, ყველაფერზე, რაც ქვეყანას ეხება. ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობამ უფრო კონკრეტული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა "ომის დოკუმენტაციის ნიდერლანდების ინსტიტუტის" მოხსენება, რომელიც პოლიტიკოსებს ამტყუნებდა და არა მხოლოდ სამხედროებს. პრემიერ-მინისტრი ვიმ კოკი იმ დროს, როცა დანაშაული მოხდა, იყო ფინანსთა მინისტრი. ნიდერლანდელთა ბრალი გამოიხატა შემდეგში: მსუბუქად შეირაღებული ბატალიონი 110 კაცის შემადგენლობით იცავდა 30 ათას ლტოლვილს, რიცხობრივად და საცეცხლე ძალით აღმატებული სერბული შეიარაღებული ძალის შემოტევისას ბატალიონმა უბრძოლველად დატოვა ქალაქი, რაზეც დასტური მისცა კაბინეტმაც. სერბებმა გენერალ მლადიჩის მეთაურობით 8000-მდე ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. ინსტიტუტის მოხსენება, რომელიც 7 წლის გამოძიების შედეგია, ასკვნის, რომ კაბინეტმა პრესტიჟი დაგეგმვაზე წინ დააყენა და ცუდად მომზადებული ნაწილი გაგზავნა ცუდად განსაზღვრული "შეუძლებელი მისიის" შესასრულებლად. იმ დანაშაულის მონაწილეთაგანი დღეს გასამართლებულია მხოლოდ ერთი - სერბი გენერალი რადისლავ სკრშტიჩი, რომელსაც გაეროს ჰააგის ტრიბუნალმა 46 წლით პატიმრობა მიუსაჯა. (ტჰე გრანდიარ, 17.IV.2002).

ზოგი ცნობით (მაგ. "ფაინენშელ ტაიმსისა") იმ ბატალიონში, რომელმაც თავისი ვალი ვერ მოიხადა, იყო 200 კაცი. პარლამენტის სხდომაზე, სადაც კოკმა თავის ხუთწუთიან სიტყვაში მთავრობის გადადგომა გამოაცხადა, თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, მისი ამორფული ხასიათის გამო, არ ძალუძს მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება. "მე კი ეს შემიძლია" - განაცხადა მან.

ნიდერლანდების გადამდგარი მთავრობა განაგრძობს ფუნქციობას ახალი კაბინეტის შექმნამდე 15 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

კოკის რვაწლიანი პრემიერობის მანძილზე ნიდერლანდებს განუხრელი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, ევროკავშირის საშუალო დონის ზემოთ. მაგრამ სრებრენიცას აჩრდილი ხელისუფლებას უკან სდევდა და, "ფაინენშელ ტაიმსის" სიტყვით, იგი მოქალაქეებს არაერთხელ უნახავთ ტელეეკრანზე აცრემლებული ამ თემის გამო.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com