|
"საქართველო "
დეპუტატის იმუნიტეტი პრეზიდენტის მფარველობასთან რას მოვა?! კოტე კემულარია: "30-40 მილიონიანი გრანტები სულ პრეზიდენტის გარემოცვას აქვს წაღებული"
- ბატონო კოტე, პრეზიდენტი გრანტების სიმბოლურად დაბეგვრას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რამ აუშალა ბატონ ედუარდს გრანტების დაბეგვრის საღერღელი? - პრეზიდენტს ამჯერად ძირითადად თავისუფლების ინსტიტუტი უშლის ნერვებს. საერთოდ, როდესაც ადამიანები რაღაც საქმიანობას ეწევიან და გრანტებს იღებენ, მათი საქმიანობის მიმართულების განმსაზღვრელი და მსაჯული მხოლოდ ინტელექტია. მათ უფროსი არ ჰყავთ. ეს კი საბჭოური ნომენკლატურისა და ამ მენტალიტეტის ადამიანებს უშლის ნერვებს. მათთვის უბედურებაა, როცა ვიღაც აკეთებს მაღალანაზღაურებად საქმეს, თუნდაც საზოგადოებრივად სასარგებლოს და მას უფროსი არ ჰყავს. - სადაც არის ტერორისტული ორგანიზაციებიც დაფინანსდებიან ამ გრანტებითო, ბრძანა შევარდნაძემ. რას "უნამიოკებდა" პრეზიდენტი? - გრანტს, როგორც წესი, დონორი განაგებს. მე ვთვლი, რომ ასეთი განცხადება არასამთავრობო საქმიანობის არსში გაურკვევლობაა. საერთოდ, გრანტების სისტემა მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის კეთებისთვისაა შექმნილი. ტერორიზმს გრანტის სახით არავინ არ დააფინანსებს. გარკვეული სპეცსამსახურები და ორგანიზაციები ტერორს ამის გარეშეც წარმატებით ახორციელებენ. გრანტი ფიქსირდება, გადის საბჭოზე, იბეგრება კიდევაც და ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია, რატომ უნდა შეშფოთდეს პრეზიდენტი ან მთავრობა?! საქართველოში ამის მეტი სხვა საქმე არ არის შემაშფოთებელი? 30-40 მილიონიანი გრანტები სულ პრეზიდენტის გარემოცვას აქვს წაღებული, ამას არავინ ეძებს. კონტროლის პალატამაც ვერ მიაგნო გრანტების ხარჯვის საბუღალტრო მონაცემებს ენერგეტიკის, სოციალურ და სხვა სფეროებში. ვერ გამოვლინდა გრანტების მისამართები, მთელი ამბავი ატყდა 2-3 ათასიან გრანტებზე, რომლებიც პატარა ორგანიზაციებმა სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას მოახმარეს, აქაა მთელი უბედურება. - პატარა გრანტებით დაინტერესება ვის აწყობს? - ამის ამოხსნა მარტივია. პატარა გრანტებით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ჩვენი კანცელარიის დიდი გრანტები მოხსნეს. ამას შეეწირნენ დიდი გრანტები და არის საშიშროება, რომ თან მიჰყვნენ პრეზიდენტის ფავორიტებიც. წარმოუდგენელია რაღაც, 6000 დოლარი გრანტი აიღო ვიღაცამ, პროგრამები შეასრულა. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ თანამდებობიდან იხსნებიან ადამიანები, რომლებიც ხელშეუხებელნი იყვნენ, რადგან პრეზიდენტი მფარველობდა. პარლამენტარის კონსტიტუციით გათვალისწინებულ იმუნიტეტზე დიდია იმუნიტეტი, როცა პრეზიდენტი გყავს კმაყოფილი. ეს იმუნიტეტი - პრეზიდენტის მფარველობა გრანტების სისტემით მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა დაანგრიეს. ამიტომ იწყება მათი შევიწროება. დარწმუნებული ვარ საზოგადოება ამ ორგანიზაციებს დაიცავს. - ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტს მოახსენა "ისინი კანონით გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისგანო". პრეზიდენტმა ეს არ იცოდა? - შევარდნაძის მრჩევლების ინსტიტუტი უსუსური და შიშით ზომბირებულია. პრეზიდენტს მრჩეველი იმისთვის სჭირდება, რომ სიმართლე უთხრას და არა იმისთვის, რომ თავი უქნიოს ან კუდი უქიცინოს. ამით ისინი პრეზიდენტს ღუპავენ. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ მრჩევლებს ყველას გავყრიდი. როცა პრეზიდენტს ელემენტარული ცნობები არა აქვს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში და არა აქვს წარმოდგენა, რომ გრანტების შესახებ კანონი დარეგულირებულია, რაზე შეიძლება ამ დროს ილაპარაკო? ეს ქვეყნისთვის სახიფათოა. - მაინც ვის შესახებ მოუნდა ზუსტი ინფორმაციის მიღება პრეზიდენტს? - ეს ადამიანის უფლებების დამცველი პატარა ორგანიზაციებია. ისეთი ადამიანები, რომლებიც მოუსყიდველნი, პირუთვნელნი არიან და ჩვენი პატივცემული "გვამების" მაამებლობაზე არ ფიქრობენ, უნდათ საკანონმდებლო გზით მოთოკონ. გაიცემა ბრძანებები - შემოიღეთ რაღაც კონტროლი ამ გრანტებზე! ერთხელ თქვა პრეზიდენტმა, ორჯერ. ბრძანებაც დაწერა, გრანტებზე კონტროლი დაწესებულიყო. ისე გრანტსაც გააჩნია. მათ, ვინც პრეზიდენტის ჭკუაზე დადის და 30000-ს იღებს, შემოწმება არ სჭირდებათ. ხოლო ვინც 3000-ს იღებს და ჩვენს ჭკუაზე არ დადის, უნდა შემოწმდესო. ეს იმიტომ ხდება, რომ მან კანცელარიის მაღალჩინოსანზე შეიძლება ისეთი რამ თქვას, რომ შერცხვეთ. გრანტების სისტემა მთელს მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი იყო და ჩვენთან პრეზიდენტს თუ უბედურებად მიაჩნია, მისი პრობლემაა და არა საზოგადოების.
ლია რეხვიაშვილი
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |