"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

"ფაინენშელ ტაიმსი" რუსულ ეკონომიკაზე (პუტინზე ზეწოლა ეკონომიკის შეფერხების გამო)

გაზეთი აღნიშნავს, რომ პუტინის ამასწინანდელ მსჯელობას ეკონომიკის საკითხებზე, როცა მან მთავრობას უსაყვედურა საკმარისად დიდი ეკონომიკური მიზნების ვერდასახვა, საბჭოური სტილის გეგმიური ეკონომიკის შარავანდი მოსდევდა. მაგრამ ზოგ დამკვირვებელს, გაზეთის სიტყვით, საპირისპირო შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს პუტინს უფრო მკვეთრი რეფორმირება აქვს განზრახული და ამ გამოსვლით ფონს ამზადებს ასეთი სიმკვეთრისათვის. პუტინი, გაზეთის აზრით, სამგვარი პრესის ქვეშ იმყოფება. ჯერ ერთი, ეკონომიკური ზრდა შენელებულია. მეორეც, მიღებული საკანონმდებლო რეფორმა თავისი რეალიზაციის მძიმე სტადიაში შედის. მესამეც, ახლოვდება არჩევნები. ვორონეჟში მომხდარი დემონსტრაცია საბინაო სუბსიდიების მომავალი გაუქმების წინააღმდეგ პუტინის ეკონომიკური პოლიტიკისთვის გაფრთხილებას შეიცავს.

პუტინის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 8% წლიური, და არა 3,5%, ზოგ ანალიტიკოსს აფიქრებინებს, რომ მოხდება ეკონომიკურ მაჩვენებელთა ხელოვნური საპროპაგანდო გაბერვა, ხოლო გამოცხადებული განზრახვა ბავშვთა უფასო მკურნალობის ღონისძიებების შესახებ ახალ მოსალოდნელ სახელმწიფო ხარჯებზე მეტყველებს. "ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისთვის ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი - ამბობს მსოფლიო ბანკის მოსკოვის განყოფილების მთავარი ეკონომისტი კრისტოვ რული, - მაგრამ ეკონომიკური ზრდის ბრძანების გაცემა ამ ნაბიჯთა რიცხვში არ შედის". თავისი კოლეგებივით, რომლებიც სავალუტო ფონდში არიან დასაქმებულნი, რულიც ფიქრობს, რომ საჭიროა მოიხსნას საბინაო საჭიროების მუდმივი სუბსიდირება მოსახლეობისათვის და საბანკო რეფორმების გატარება მცირე ბიზნესის დასახმარებლად. მაგრამ, ამ ექსპერტთა აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ხმათა მოპოვების ამოცანის გამო, შეანელებს ამ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com