"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

ხელოვნურად გაკოტრებული "ოქროს საწმისის" მეანაბრეები "განაჩენს" დღესაც ელიან

ბანკების გაკოტრების ტალღამ საქართველოს ტორნადოსავით გადაუარა რამდენიმე წლის წინ. ის, რაც ხელისუფლებას დარჩა წაურთმეველ-წაუგლეჯელი შემნახველი სალაროების გარეთ, კერძო ბიზნესმენებმა და გამდიდრების წყურვილით შეპყრობილმა არამზადებმა გაუყენეს "დავიწყების" გზას. მოსახლეობა ყველგან დაზარალებული და დაუცველი რჩებოდა. განმკითხავი არავინ იყო. ათასობით მეანაბრე დღესაც ამაოდ ელის კუთვნილ თანხას. წერილი, რომელსაც ერთ-ერთი გაკოტრებული ორგანიზაციის "ოქროს საწმისის" მეანაბრეები გვწერენ, რეალურად ასახავს სურათს, რაც მაშინ ხდებოდა და რაც ერთი "ჩვეულებრივი" რიგითი მოვლენა იყო ჩვენი ჩვეულებრივი რიგითი ყოფისა.

1991 წლის 14 მარტს ქუთაისში თემურ და ნანა ლომთაძეებმა კოტე ტრაპაიძესთან ერთად დააარსეს შპს "ოქროს საწმისი". ფირმის საქმიანობა აგებული იყო "შემოწირულობებზე". მეანაბრეებს ფირმაში შეჰქონდათ თანხები ამერიკულ დოლარებში და ყოველთვიურად იღებდნენ შეტანილი თანხის 7%-ს პროდუქტებით, სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით და ვალუტით. სურვილისამებრ შეეძლოთ ფირმასთან ურთიერთობა ნებისმიერ დროს გაეწყვიტათ და თანხა გაეტანათ. ფირმის საქმიანობას ხელი სამოქალაქო ომმაც ვერ შეუშალა, რაც ნდობის დიდი საფუძველი გახდა. ბევრმა ბინა, მანქანა, სხვადასხვა ქონება გაყიდა და თანხა "ოქროს საწმისში" შეიტანა.

ქუთაისელ ხელისუფალთა, მერიის წარმომადგენელთა და დანარჩენ ავისმსურველთა "წყალობით" 7 წლიან შეუფერხებელ მუშაობას საფრთხე დაემუქრა. ფირმას "ტელედარბევა" მოუწყვეს. ტელეარხ "რიონის" ეკრანიდან საჯაროდ აცხადებდნენ "ოქროს საწმისის" მოსალოდნელი გაკოტრების შესახებ. ხალხი ერთბაშად მიაწყდა სალაროებს. შეტევის ასეთ ინტენსივობას შვეიცარიის ბანკიც ვერ გაუძლებდა. შედეგი სავალალო აღმოჩნდა. ბევრმა სულიერი და ფიზიკური ტრავმა მიიღო.

2000 წლის 29 ივნისს ქუთაისის პოლიციის სამმართველოს სააქტო დარბაზში მეანაბრეთა საერთო კრება გაიმართა. ნ. ლომთაძემ და ნ. ყანჩაველმა იურიდიული მტკიცებულებების მოშველიებით აჩვენეს კრებას, როგორ განადგურდა ფირმა, რამდენი ქონება და კაპიტალი მიიტაცეს ქუთაისელმა ძალოვნებმა და მერიის წარმომადგენლებმა.

ფირმის დირექტორი ნ. ლომთაძე 2001 წლის 31 დეკემბერს დააპატიმრეს 1996-97 წლებში ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის ბრალდებით. მას მეანაბრეების მიერ სასამართლოს დარბევისკენ მოწოდებაც დაბრალდა, თუმცა რეალური მიზეზი სასამართლოს დარბევისა თავად მოსამართლე ყვავაძე გახლდათ, რომელმაც მეანაბრეთაგან მალულად გამოიტანა ფირმის გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება. მოგვიანებით საოლქო სასამართლომ გაკოტრების საქმე გააუქმა.

1998 წელს თბილისელ მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა და მისმა წევრებმა თვითნებურად დაიკავეს ფირმის ოფისი. ყადაღადადებული და ძვირად ღირებული ქონების ნაწილი მიითვისეს, დანარჩენი ა. მიქელაძის, აღმასრულებლების: პ. კაპანაძის, ა. ინასარიძის, შ. რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც თანამდებობებზე 1999 წლის 25-27 მაისს დაინიშნენ, 14 და 20 მაისს გაიტანეს აუქციონზე და თვითონვე შეიძინეს ღირებულების მეასედ ფასში.

ამრიგად, სახეზეა ე.წ. საინიციატივო ჯგუფისა და აღმასრულებლების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული: არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ. არ არსებობს სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, ქონების აუქციონზე გატანის შესახებ. არ მომხდარა ქონების შეფასება, აუქციონის შესახებ არ შეატყობინეს ფირმის დამფუძნებლებს და მეანაბრეებს, აღებული თანხა არ გაანაწილეს მეანაბრეებზე, არ შეიტანეს დეპოზიტზე. ფირმის ოფისში შეასახლეს გადამყიდველები და ოფისი გადააქციეს სავაჭრო ბაზად. მიღებულ შემოსავალს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი ითვისებს. ასე გრძელდება მეხუთე წელია.

1995 წლის 5 აპრილს მეანაბრეთა საერთო კრებაზე, რომელსაც 300-ზე მეტი მეანაბრე ესწრებოდა, აღნიშნულ დანაშაულში ვამხილეთ ე.წ. საინიციატივო ჯგუფი, რაც მათ ვერ უარყვეს. გ. ნემსიწვერიძემ აღიარა, რომ მოძრავი ქონება, რომელიც ინახებოდა საინიციატივო ჯგუფის წევრ ჯემალ ფანჩულიძესთან, დატაცებული აღმოჩნდა. შედგა აქტი. შემდეგ, საინიციატივო ჯგუფის სახელით ბელა მახარაშვილმა ითხოვა გარკვეული ვადა და კრებას პირობა მისცა, რომ ქონებას დააბრუნებდნენ. მაგრამ მოგვატყუეს.

ე.წ. საინიციატივო ჯგუფს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს ფირმის ოფისის გაყიდვა. თავის დროზე ოფისს 700000 დოლარს აფასებდნენ. დღეს მისი ფასი 100000-სს არ აღემატება, რადგან მისგან მხოლოდ გატყაული კედლებიღა დარჩა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მეანაბრეთა უმრავლესობას გადაწყვეტილი გვაქვს, ოფისი, რომლითაც მეხუთე წელია ე.წ. საინიციატივო ჯგუფი სარგებლობს, გავაქირავოთ. ამ გზით თითოეული ჩვენთაგანი თვეში მინიმუმ 20 ლარს მიიღებს. სულ არაობას, 14 ლარიანი პენსიონერებისთვის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლტოლვილებისთვის და ინვალიდებისთვის, ესეც დიდი მადლი იქნება.

ე.წ. საინიციატივო ჯგუფი კი (გვარებს ამჯერად არ ვასახელებთ), 20 ლარით საერთოდ გვისტუმრებს. მათ ჯერ საერთო ქონება მიიტაცეს, შემდეგ კი ფარულად (საერთო კრების გარეშე) "მეანაბრეთა უფლებების დაცვის კავშირი" შექმნეს. ამჟამად აგიტაციას ეწევიან მეანაბრეთა მასში გასაწევრიანებლად. მათი მიზანი დარჩენილი ქონების ხელში ჩაგდებაა.

სხვათა შორის, საინიციატივო ჯგუფს ბევრი მფარველი და დამცველი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მივაღწევთ.

შ.პ.ს. "ოქროს საწმისის" ქუთაისელ და თბილისელ მეანაბრეთა უმრავლესობის წარმომადგენლები.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com