"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

ქართული სიტყვის მადლს ნაზიარებ მომავალ თაობას საშიშროება არ ემუქრება...

წელიწადის ამ დროს სავარდო და სამაისო ქალაქის მცხოვრებლები ქუთაისის დღეებს საზეიმოდ აღნიშნავენ. ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები. გარდა იმისა, რომ განწყობა ამ დროს საზეიმო და ამაღლებულია, ამ დღეებს უამრავი სხვა დატვირთვაც აქვს. მოგეხსენებათ, საქართველოში მწვავედ დგას ქართული ენისა და მეტყველების კულტურის საკითხები, განსაკუთრებით ახალი თაობისათვის.

მხატვრული კითხვის კონკურსში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განათლების განყოფილების ინიციატივით მოეწყო, დასავლეთ საქართველოს 11 რეგიონის 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიება სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც განსაკუთრებით ქართული განწყობილება სუფევდა. ღია ცის ქვეშ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცქრიალა გოგო-ბიჭები. ჟიურის წევრებს: თამაზ ცხადაძეს (რეგიონალური განათლების განყოფილების ხელმძღვანელი), ბიკენტი ტურაბელიძეს (მეცნიერებათა კანდიდატი) და მაგული ქავჟანაძეს (ქუთაისის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი) საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ამორჩევა გაუძნელდათ კიდეც. გამარჯვებული მაინც გამოვლინდა. ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლის მოწაფეს ანა ფხაკაძეს ჟიურის თითოეულმა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

იმედი ჩნდება, ქართული სიტყვის მადლს ნაზიარებ მომავალ თაობას საშიშროება არ ემუქრება. "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს...".

ნინო ხაჟალია

სპეციალური კორესპონდენტი ქუთაისიდან



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com