|
"საქართველო "
ქართული სიმღერით მოხიბლული კარერასი რესტორანში უნებლიედ გაჩუმებულა...
ქართველი კაცის დაუდგრომელი ბუნება ქართული სიმღერით თაობიდან თაობას ღირსეულად გადმოეცა... ხმათა დიდებული ჰარმონია ოდითგანვე შესანიშნავად გამოხატავდა ტკივილის, სევდა-მწუხარებას და ჩვენს ისტორიაში იშვიათად არსებულ სულის სიმშვიდესაც. სიმღერის ამ მომაჯადოებელ გავლენას უჩვეულო სულისკვეთებით გადმოგვცემენ "ქართული ხმები". ტრადიცია გრძელდება და ამ საქმეს ღირსეულად ართმევენ თავს შვილები - ეს ანსამბლი "უნივერსიტეტია", რომლის თავკაცი რობერტ გოგოლაშვილი 15 უნიჭიერეს ახალგაზრდასთან ერთად ძვირფას საგანძურს ერთგულ გუშაგად დასდგომია. - სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, - ამბობს ბატონი რობერტი, - სუნთქვა, სიცოცხლე და ქართული სულის ზეიმი, რომელსაც ვერაფერი შეედრება. მოხარული ვარ, რომ წილად მერგო, ამ ნიჭიერ თაობას ჩავდგომოდი სათავეში. მათ დიდი შრომითა და ძალისხმევით მიაღწიეს წარმატებას. ბედმა იმითაც გაუღიმათ, რომ საზოგადოებაში არსებული მძიმე პირობების მიუხედავად, საკმაოდ კომფორტულ გარემოში უწევთ მუშაობა. არც მხარდაჭერა და თანადგომა აკლიათ. ამ მხრივ ჩვენ ძალიან გვიჭირდა. იყო დრო, როცა ანსამბლი "თბილისი" პოლიკლინიკის შენობაში მღეროდა. საუბედუროდ, იქიდანაც გამოგვაგდეს - ავადმყოფებს არჩენთ თუ მღერითო?! პირობები არ გვქონდა, მაგრამ სიმღერის მსურველი ბევრი იყო. დღეს სხვა დროა. საქართველოში მიმდინარე პროგრესმა და გლობალიზაციამ გარკვეულწილად მოახდინა ღირებულებათა გადაფასება. ამ პროცესმა "უნივერსიტეტელების" არსებობა, სამწუხაროდ, გამონაკლისი გახადა. გარდა იმისა, რომ ისინი ნიჭიერი მომღერლებია, თითოეული საოცრად კარგი ადამიანია. ერთმანეთი უყვართ და ვატყობ, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. ბიჭები სიმღერით გადმოსულმა ტრადიციამ შეადუღაბა. მეგობრობის ასეთი მტკიცე საძირკველი კი ცხოვრებაში იშვიათად ინგრევა... ამ ბიჭებს დღეს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს: დათო კიკაბიძე, გიგა აბესაძე, დათო არჯევანიძე, დათო ჭკუასელი, დათო გოგოლაშვილი, კახა გრიგალაშვილი, დათო თამაზაშვილი, მამუკა ჭკუასელი, ნუკრი ომიანიძე, დათო არჩვაძე, გიორგი ლომაია, იასონ მეუნარგია, დათო უგრეხელიძე, გიორგი გოგოლაშვილი და ლევან ვეშაპიძე. სამ მათგანს - დათო კიკაბიძეს, დათო თამაზაშვილსა და კახა გრიგალაშვილს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში შევხვდი. ახალგაზრდებმა სიამაყით ისაუბრეს "მამებზე", სულმნათ გოგი დოლიძეზე, ქართული ტრადიციებზე და სიყვარულზეც... "მამებისა" და "შვილების" ყოველი გამოჩენა ეკრანსა თუ სცენაზე მსენელისათვის აღმაფრენაა და ორი თაობის ხმათა დიდებული შეწყობა გვაფიქრებინეს, რომ ამქვეყნად ვერც რა წალეკავს ქართულ სიმღერას... ჩემი რესპოდენტები საუბარს დიდ სცენაზე პირველი ნაბიჯების მოგონებით იწყებენ. დათო თამარაშვილი: "ქართულ სცენაზე მამების გვერდით გამოსვლა ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა. ძალიან ძნელია, სიტყვებით გადმოვცე ეს განცდა. პატარები ვიყავით, 13-14 წლისანი, როდესაც პირველად აღმოვჩნდით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეს მამების დამსახურებაა. შემდეგ, როცა სტუდენტები გავხდით, ჩვენს საქმიანობას სერიოზულად მოვკიდეთ ხელი და დღემდე ერთად მოვდივართ. სიმღერა ჩემი ნაწილია. არც მილიციის უფროსობაა და არც მინისტრობა, ვინმემ რომ დაგაძალოს". დათო კიკაბიძე: "უნივერსიტეტში" სიმღერა ჩემი ოცნების ფრთაშესხმაა. ღვთის მადლით, მოხდა ისე, რომ მამების შესანიშნავი პლეადის გვერდით მოგვიწია სცენაზე დგომა. ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება. თავდაპირველად აქ დათო არჯევანიძემ მომიყვანა. მანამდე ჩემთვის, შინაურ წრეში ვმღეროდი. ჯერ "კავეენში" გავბედე სიმღერა, მერე - გოგი დოლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. მახსოვს, იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ ემოციების განსამუხტად იმ საღამოზე ნასვამი მივედი. ნამდვილად, ღვთის საჩუქარს უდრიდა ჩემთვის დიდ სცენაზე გამოსვლა. მღელვარებას ვერც მაშინ დავაღწიე თავი, როცა ანსამბლ "უნივერსიტეტში" მომიწვიეს. გზიდან მობრუნებაც კი გადავწყვიტე. საბოლოოდ, ღმერთმა ინება, რომ მემღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების გვერდით". კახა გრიგალაშვილი: "თავდაპირველად სულ სხვა გუნდი იყო შეკრებილი. ერთმანეთსაც იმდენად არ ვიცნობდით. სიამაყის გრძნობაა, როდესაც აკეთებ იმას, რაშიც წინა თაობამ ჩადო თავისი სული და ენერგია. უფროსების გადმოცემით ვიცი, რომ "ქართული ხმები" უძვირფასესი საუნჯე გახლდათ სულმნათი გოგი დოლიძისათვის. ამბობენ, მაშინ მასზე ბედნიერი კაცი არ არსებობდა, ამით ხარობდაო, იმდენად ყოფილა მოხიბლული ანსამბლის საქმიანობით. ამის გაფიქრება მოვალეობის შეგრძნებას გვიდუღაბებს". "უნივერსიტეტის" ბიჭებისათვის ქართული ტრადიციები, ძველი თბილისის ხიბლი და კოლორიტი ის მაცოცხცლებელი ჰაერია, ურომლისოდაც სიმღერა ძალიან გაუჭირდებოდათ. დათო თამაზაშვილი: "ჩვენ ქართული ტრადიციებით ვცოცხლობთ. დღეს, როცა ელვის სისწრაფით იჭრება უცხოური ელემენტები და მრავალ ღირებულებასთან ერთად, საფრთხე ემუქრებათ ჩვენს ტრადიციებს, მაინც ვახერხებთ მის შენარჩუნებას. ეს ის ფესვია, რომლისგანაც მოწყვეტა სასიკეთოს ვერაფერს მოგვიტანს. ეს დამღუპველ გავლენას ახდენს სიმღერაზეც. თუ გავითვალისწინებთ ამ საფრთხეს და ტრადიციის რაღაც ნიუანსებს მაინც არ უგულებელვყოფთ, ჭეშმარიტი ქართული სიმღერა დიდხანს იარსებებს". დათო კიკაბიძე: "ძალიან ტრადიციული ვარ. ამჟამად ჩემი სტიქია ძველი თბილისია. მის ხიბლსა და მადლს უფროს თაობაში ვპოულობ და ვცდილობ, განუშორებლად ვიყო ამ ადამიანების გვერდით. ამას ყველაზე ცხოვლად ვგრძნობ ქართულ ქეიფზე, რაც ქართულ სუფრას არაჩვეულებრივად თავისებურს ხდის. იგივე შემიძლია ჩემს მეგობრებზეც გავიმეორო. დღემდე ძველ თბილისთან ერთად მოვდივართ და სხვაგვარად არც შეგვიძლია". ანსამბლის წევრებისათვის მათ მიერ შესრულებული ყველა სიმღერა ერთნაირად ძვირფასია. შესრულების მანერა კი თავისი განუმეორებელი ეშხითა და ლაზათით, ტკბილხმოვანებითა და ძალდაუტანებელი ზემოქმედებით საოცარი ნეტარებით განგვანცდევინებს სიმღერაში არსებული ქართველობის უდიდეს ნეტარებას. ისინი საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერას მღერიან, მაგრამ კახური მათ რეპერტუარში ძალიან იშვიათია. ამ გამონაკლისს ახალგაზრდა მომღერლები კახური სიმღერის განსაკუთრებული პრეტენზიულობით ხსნიან. - გარდა იმისა, რომ ეს ბიჭები შესანიშნავად მღერიან, ერთმანეთის მიმართ უბადლო მეგობრობასაც იჩენენო, - აღნიშნა თავის საუბარში ბატონმა რობერტმა და ეს ნადვილად ასეა. მათი ყოველი სიმღერაც ხომ ამის დასტურია. დათო თამაზაშვილი: "ჩვენს შორის მეგობრობა რომ არ არსებობდეს, არც ამ სიმღერას ექნებოდა ფასი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში შესანიშნავი მეგობრები ვართ და მხოლოდ ამის შემდეგაა სიმღერა მადლიანი. სხვანაირად არც არაფერი გამოგვივა". კახა გრიგალაშვილი: "აი, ახლა "დავერევით" ერთმანეთს: ზოგს შვილი ჰყავს მოსანათლი, ზოგ-ზოგი მეჯვარეობას გავუწევთ ერთმანეთს. არა, ნამდვილად არ დავიკარგებით".
მარი ჩიტაია
P. S. ალბათ ბევრს გახსოვთ ანსამბლ "უნივერსიტეტის" მიერ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი, სადაც ისინი დახვეწილი პროგრამით წარსდგნენ მსმენელის წინაშე. მათმა ერთად გამოჩენამ კიდევ დაგვარწმუნა იმ უდავო ჭეშმარიტებაში, რომ ქართულ სიმღერას გადაშენება არ უწერია. თითოეული იმდენად ნიჭიერია, რომ თამამად შეძლებენ სოლო კარიერის მოწყობასაც, მაგრამ ამაზე მათ ფიქრიც კი არ გასჩენიათ და თვლიან, რომ ეს არც ეკადრებათ! ჰო, ერთიც. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ერთ-ერთ მათგანს კახა გრიგალაშვილს წილად ხვდომია ბედნიერება, მოსკოვში მსოფლიოში ცნობილ კარერასთან ემღერა. რესტორანში ქეიფისას ქართული სიმღერით მოხიბლული კარერასი თურმე უნებლიედ გაჩუმებულა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |