"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

"ბაში-აჩუკმა" კახა ცისკარიძეს საყურის მოხსნა სთხოვა: ოთარ კობერიძე ქუჩაში ხელებგაკრული დადის

- ბატონო ოთარ, განსაკუთრებულად ეროვნული, ქართველი გმირის პროტოტიპი ხართ კინოფილმებში. ყველაზე საყვარელი და მახლობელი, ალბათ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე მაინც "ბაში-აჩუკი" გახლავთ მაყურებლისთვის. თქვენთვის თუ არის რაიმეთი აღსანიშნავი ეს როლი ან რა მოგცათ ამ ფილმმა?

- სიძნელეები "ბაში-აჩუკის" გადაღებებს არ ახლდა. თამაში ნამდვილად არ გამჭირვებია. 17 წლიდან ომში ვიყავი და კარგად ვიცოდი, რა ფსიქოლოგია სჭირდება მეომარს. მე ბუქარესტის, ბუდაპეშტის, ვენის, პრაღის, ბერლინის გათავისუფლების მომსწრე ვარ...

ამ ფილმზე მუშაობისას ბევრ საინტერესო მსახიობს შევხვდი. დოდო აბაშიძემ, ლია ელიავამ, დოდო ჭიჭინაძემ და ბევრმა სხვამ, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს. ზოგი მსახიობი ჩემზე უფროსი იყო. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ამ ფილმმა ძლიერი და დიდი სიყვარული მომცა ჩემი ლიასი. ომში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ლიტერატურული თვალსაზრისით ჩემს თანატოლებს დროებით ჩამოვრჩი. ლია ისეთი განათლებული იყო... სასწრაფოდ წიგნებს ჩავუჯექი, მინდოდა დავწეოდი.

- ფილმის ეკრანზე გასვლის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- ეს ჩემი პირველი ფილმი იყო და ძალიან მიყვარს. უფრო ძლიერ ფსიქოლოგიურ ფილმებშიც მითამაშია, მაგალითად "მამლუქი", მაგრამ "ბაში-აჩუკმა" პირველმა მომიტანა აღიარება. იგი ხალხმა შეიყვარა. "ბაში-აჩუკმა" ვალდებულება დამაკისრა, რომ ეროვნული და სუფთა სულის ადამიანი ვყოფილიყავი. ამ სურათმა შემახვედრა ჩემი ცხოვრების უდიდეს მოვლენასთან, ჩემს ლიასთან. ვიცოდი, რომ ვიღაც ლია ელიავა თამაშობდა ტყუპებს - პირიმზისას და პირიმთვარისას. მსახიობმა ცოტა დაიგვიანა გადაღების დროს. როცა მე მას თვალი ვკიდე, ის მოფრინავდა. მე დავინახე ოცნება ანგელოსური ნაკვთების სახით. მართალია, ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მარად თან დამაქვს მისი დიდი სიყვარული. მეტს მე ვერაფერს გეტყვით, რადგან ის ჩემი ტკივილია. ჩემში ისე ღრმადაა ყველაფერი, რომ საიდუმლოდ იქცა, რომელსაც ვერ გავამხელ.

- "ბაში-აჩუკამდე" სად მოღვაწეობდით?

- სოხუმში, თეატრში ვმუშაობდი. ვითამაშე საუკეთესო როლები სპექტაკლებში: "რომეო", "დონ სეზარი", "ძალადობა და სიყვარული", "გლახის ნაამბობი". წამყვანი მსახიობიც გახლდით. 2 წლის შემდეგ აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება მივიღე.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე ადრეული წარსულიდან ხომ არაფერს გაიხსენებთ?

- პირველი ქორწინებიდან მყავს ვაჟიშვილი. მისი დედა იყო ქალი, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა. ის სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა, მე სოხუმში ვმუშაობდი. მერე გამომიძახეს "ბაში-აჩუკში" გადასაღებად, იქ შევხვდი ლია ელიავას. ჩვენ ერთმანეთს გული გადავუშალეთ და მე შემიყვარდა იგი, რადგან ჩემი კარგად ესმოდა.

- როდის ამბობს როლზე უარს ოთარ კობერიძე?

- მე გმირ მსახიობად ჩამოვყალიბდი და ამიტომ უარყოფით როლებზე უარს ვამბობ. მსახიობი ყველანაირ როლს უნდა ასრულებდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ასე არ გახლავთ. როლების მიხედვით, მე ვარ გმირი, შაჰი, მომთვინიერებელი. მე ვასრულებ მუსულმანის როლს ფილმში "რაბი". გამახსენდა ერთი შემთხვევა. როცა ამ ფილმზე დავთანხმდი და უცხო პირები ჩემს როლზე დასამტკიცებლად ბჭობდნენ, მე უნდა გამესახიერებინა მუსულმანი ლოცვის დროს. მოვირთხე ფეხები ხალიჩაზე და დავიწყე ლოცვა "მამაო ჩვენო", ღმერთს პატიებას ვთხოვდი, ტირილით, ცრემლებით ვლოცულობდი. უცხოელებს ჩემი ქართული არ ესმოდათ და ჩათვალეს, რომ როლში გასაოცრად ვჯდებოდი, ასე დამამტკიცეს "რაბიში" მთავარ როლზე.

- ბატონო ოთარ, დუბლიორი თუ გყავთ?

- არავითარი დუბლიორი არ მყავს. ომი ჩემზე კარგად ვინ უნდა განასახიეროს. მომთვინიერებელის კურსებიც სპეციალურად გავიარე. რადგან როლისთვის იყო საჭირო, დიპლომიც მაქვს. 3 ვეფხვსა და ერთ ლომთან დუბლიორის გარეშე ვიყავი.

- გასტროლებისა და კურიოზების ნაკლებობას, ალბათ, არ განიცდით.

- უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ გასტროლებზე. ეს იყო: სომალი, იემენი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აფრიკის ქვეყნები და სხვა. თითქმის ყველა სტუდიაში მითამაშია. კურიოზებს რა დალევს. ერთხელ, ვეფხვმა თავზე ამლოკა და სამი დღე თმა არ მევარცხნებოდა. მაგრამ ყველაზე დიდი კურიოზი დღევანდელი ყოფაა. უყურებ რომელიმე საინფორმაციო გამოშვებას, ხედავ როგორ ტირის და ითხოვს პენსიონერი 14 ლარს, ამ დროს კი, "გადაცემაში რეკლამის დროა", - აცხადებს დიქტორი.

- რამდენ ფილმში მიგიღიათ მონაწილეობა და რომელ მათგანში არ იყავით მსახიობი, ანუ განასახიერეთ საკუთარი თავი?

- ახლა დამთავრდება გადაღება 68-ე ფილმისა "რაბი". 1956 წლიდან იწყება ჩემი კარიერა. ე.ი. წელიწადში 2-3 ფილმზე ვმუშობდი. საკუთარი მე "ბაში-აჩუკსა" და "მამლუქში" განვასახიერე, ანუ ეს ფილმები ჩემს ხასიათსა და პიროვნებაში ბოლომდე იჯდა.

- როგორი თვისებები აქვს, ქართული ფილმის ლეგენდას, ოთარ კობერიძეს?

- მეომარი სული მაქვს. ჩემი ქვეყნის გადასარჩენად ყოველთვის მზად ვარ ვიბრძოლო. ჩემი იდეალი ჩვენი ისტორიიდან დავით აღმაშენებელია. კაცი, რომელიც 16 წლიდან ხმალამოღებული იბრძოდა საქართველოს ძლიერებისათვის. ძალიან მწყინს, რომ ჩვენი ერი დღეს უნიათოთა ხელშია. დღეს ფარისეველთა საუკუნეა. კოსმოპოლიტიზმი და მასონიზმი მოდებულია მთელს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ისინი თბილისშიც არიან. მინდა ყველაში გაიღვიძოს მეომარმა და ეს თვისებად, ჩვევად გადაექცეთ. ჩემი წინაპრები მეომრები იყვნენ და მეც, ალბათ, გენში მაქვს ეს ყველაფერი.

- თქვენ ქართველი მამაკაცის პროტოტიპი ხართ, როგორც დამოძღვრავდით ქართველ მამაკაცს, როგორი უნდა იყოს ის?

- შინაგანად უნდა იყოს ზნე-ჩვეულებით სავსე, მართლმადიდებელი, განსწავლული, ზრდილი, გონიერი. ასევე კარგი მამა, მეუღლე და მეომარი. არ უნდა უღალატოს მეგობარს, სამშობლოს. მათი გარეგნობის დამახინჯებას გოგონები უწყობენ ხელს. თქვენ არ უნდა გაიკაროთ სიახლოვეს საყურეებიანი, ნაზი ქცევების მქონე ბიჭები. ბათუმელ კახა ცისკარიძესთან საყურეზე მქონდა საუბარი, ვუთხარი, თვალი, ხელი, ფეხი, კაცურობა არ გაკლია, რად გინდა ეგ რაღაც, მოიშორე-თქო. ასე მიპასუხა, ახლა ყველა ასე მღერის და მოსწონთო.

- მებრძოლი "ბაში-აჩუკი" რამდენად პოლიტიკურია, ან პირიქით. ჩვენში თითქოს მოდაშია ხელოვანების პოლიტიკაში გადაჭრა?

- საკითხავია, რამდენად ესმით მათ პოლიტიკა. მე რომ ომში წავედი, სპეციალურად მოვიმატე წლები. სხვებმა კი, წლები დაიკლეს და ბრძოლას გაექცნენ. მე პოლიტიკაში ანუ ამ ჭუჭყში არ გავერევი. როცა მოვა ახალი მთავრობა და ახალი ერა საქართველოში, მაშინ იმ გამოცდილი ადამიანების, "ჭყონდიდელების" გვერდით დავდგები, რომლებიც მომავალი მთავრობის ზე პალატის წარმომადგენლები იქნებიან. მგონია, ჩემი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამო ამის ნებას დამრთავენ. მომთვინიერებლის დიპლომი მაქვს და ლომების გარდა, მგონი ადამიანებსაც შევასმენ რამეს.

იმდენი ცოდვა ტრიალებს თუნდაც ინტელიგენციისგან, რომ არ ვიცი. ადრე არსებობდა საბჭოთა, ახლა კი საქართველოს ინტელიგენცია. ისინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სწორედ მათ გააგდეს ღვთისნიერი, ხალხისგან აღიარებული, არჩეული პიროვნება. პირველი პრეზიდენტი მშიერ-მწყურვალი დადიოდა ტყე-ღრე და მშიერი გარდაიცვალა. ასეთი სასტიკეს არ იმსახურებდა. ის სხვასავით იარაღით ხომ არ მოსულა? ამაზე დიდი ცოდვა რაღა უნდა დავიდოთ? სასწრაფოდ განწმენდა გვჭირდება.

იმიტომ არ ვჩნდები მიტინგებზე, რომ 50-მდე ისეთი ძლიერი მამაკაცი მყავს, მღებრიშვილის ხალხს დაჭმუჭნიან. მე კი ხელგაკრული დავიარები, რათა ხმალზე არ წამიცდეს. ქართველი როგორ მოვკლა? არ შემიძლია. მე უფრო იმ საუკუნეებისა ვარ, სადაც ხმალი და გონება ფასობდა.

მაცაცო წინამძღვრიშვილი



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com