"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

ერთადერთი ადამიანი, ვინც სამსჯავროს გარეშე მოხვდა სასუფეველში, ღვთისმშობელი დედაა

- ამბობენ, რომ თუ ადამიანი ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდებაო, რადგან ამ დროს სასუფევლის კარი ღიააო.

- ქრისტე აღსდგა! პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს მკითხველებს ბრწყინვალე აღდგომას იესო ქრისტესი, რაც შეეხება კითხვას და სასუფეველში მოხვედრას, ერთადერთი ადამიანი, ვინც სამსჯავროს გარეშე გაიარა სასუფევლის კარი, ღვთისმშობელი დედაა. დანარჩენ ყველა ადამიანს მოუწევს სამსჯავრზე წარდგომა და შესაბამისად გამოცდის ჩაბარება, იმ გამოცდისა, რომელსაც ცოცხლები ამ ქვეყანაზე გავდივართ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარვსდგებით. ასე რომ, ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილი ადამიანი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მაინც გაივლის იმას, რის გავლაც აუცილებელია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის.

- არსებობს ამგვარი რწმენა თუ ცრურწმენა, რომ როცა მიცვალებული ლამაზია ან იღიმება, უბედურება იცის, ვინმე ახლობელს წაიყვანსო. შეიძლება ამაში სიმართლე ერიოს?

- არცერთ შემთხვევაში. ეგ არის ცრურწმენა და მეტი არაფერი. არავის წაყვანა და არც აქ დატოვება მიცვალებულზე არაა დამოკიდებული.

- რატომღაც დიდი ყურადღება ექცევა, თუ რამდენ ყვავილს მიიტანენ გასვენების დროს მიცვალებულის ოჯახში. ითვლება, რომ ყვავილი აუცილებლად კენტი უნდა იყოს, თორემ ლუწმა "სიკვდილში დაწყვილება" იცის. სინამდვილეში ამას არსებითი მნიშვნელობა თუ აქვს?

- არავითარ შემთხვევაში. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც გასვენების დროს და არც ქორწილში რამდენ ყვავილს მიიტან. ამას არანაირი სულიერი დატვირთვა არ გააჩნია.

- აღდგომას საფლავზე გასვლა დაუშვებელიაო, აცხადებს ეკლესია. კომუნისტების დროს ამგვარი რამ ცნობილი არ იყო. ხალხი მიჩვეულია და ამ დღეს გადის საფლავზე. როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მიცვალებულს და რა უნდა გავაკეთოთ, თუ საფლავზე გასვლა არ შეიძლება ამ დღესასწაულზე?

- აღდგომა, პირველ რიგში, არის უფლის დღესასწაული, ცოცხალთა დღესასწაული და, რა თქმა უნდა, მიცვალებულთათვისაც. მაგრამ არა მიცვალებულთა ხსენების დღე. მიცვალებულთა ხსენების დღე არის აღდგომიდან მეცხრე დღეს, ე.ი. შემდეგი კვირის, თომას კვირის სამშაბათს და საჭიროა ამ დროს საფლავზე გასვლა, საფლავის კურთხევის ლოცვის შესრულება და არა კვერცხების გორაობა და პურმარილის გატანა. წელს ორშაბათი დღე დაემთხვა გიორგობის დღესასწაულს და ამან ცოტა გამოაფხიზლა ხალხი, რომ მიხვდეს, გაიგოს, სწორედ აღიქვას და გააკეთოს ის, რაც ეკლესიური წესია. რა თქმა უნდა, კომუნისტების დროს სხვა მდგომარეობა იყო, მაგრამ ისეთი ვითარება უკვე აღარ არის და თუ გვინდა, რომ ჩვენს თავსაც, უფალსაც და მიცვალებულსაც პატივი ვცეთ, მოვიქცეთ ისე, როგორც ეკლესია გვასწავლის და გვთხოვს და არა ისე, როგორც გვაწყობს.

- მიცვალებულის გასვენების დროს ბევრი უცნაური ჩვევა არსებობს. გამოსვენების დროს დახურულ კარს სამჯერ უნდა დააჯახონ სასვენებელი. გამოსვენების დროს სკამებზე დადგან, შემდეგ ამ სკამებს გადააბრუნებენ ხოლმე.

- ეს ყველაფერი ზედმეტია. ეკლესიურ რიტუალებში არ შედის. დაკრძალვის წინა დღეს მიცვალებულს გადაასვენებენ ხოლმე ეკლესიაში. ამიტომ სასაფლაოებზე თითქმის ყველგან არის ხოლმე ეკლესიები. იქ ტარდება საღამოს ლოცვა, დილის წირვა. უნდა შესრულდეს საეკლესიო რიტუალები. კარზე ჯახუნი და სკამების ამოტრიალება საჭირო არ არის.

- ეკლესიაში ვისი დასვენება შეიძლება, გამორჩეული, ღვაწლმოსილი ადამიანის, თუ...

- მონათლული, მართლმადიდებელი ადამიანის. მაგაზე კარგი რა უნდა გაუკეთოს მიცვალებულს პატრონმა? აფრიკიდან სპილო რომ ჩამოუყვანო და ქელეხზე დაუკლა, მაგაზე უკეთესია, ერთი საათით ეკლესიაში დაასვენო.

- ახლადგარდაცვლილის საწოლი 40 დღე ხელშეუხებლად უნდა იყოსო, მართალია?

- არავითარ შემთხვევაში. ჩვეულებრივად შეიძლება მასზე დაწოლა, საწოლის გამოყენება. ისიც იციან, მიცვალებულს ყოველი სადილ-ვახშმის დროს თეფშს და ღვინოს დაუდგამენ სუფრაზე, თითქოს მოდიოდეს სუფრასთან პურ-მარილზე და ჭამდეს რამეს. ეს ქრისტიანული რიტუალი არ გახლავთ. მისი სული უფალთანაა და არა სახლში.

თათია ძინძიბაძე



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com