|
"საქართველო "
სიამის ტყუპების განცალკევება შესაძლებელია?!
მედიკოსების აზრით, სიამის ტყუპები "ორმაგი სიმახინჯის" წარმომადგენლები არიან. მათი უჩვეულო და უცნაური არსებობა ღრმა ადამიანური ტრაგიზმითაა სავსე როგორც თვით მათთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც. ისინი ყოველთვის ერთი სქესისანი არიან და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამასთან, როგორც წესი, მათი ორგანიზმი სიცოცხლის უნარს მოკლებულია. ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი შეზრდილი ტყუპებისა და საზარელი ორმაგი წარმონაქმნების დაბადების შემთხვევები. თეძოებით შეზრდილი ტყუპი წყვილი გამოსახულია თიხის ნატეხზე, რომელიც 9 ათასი წლისაა. იგი 1965 წელს იპოვეს პერუში გათხრების დროს. შემორჩენილია აგრეთვე XV საუკუნის გრავიურა ხეზე, რომელზეც თავებით შეზრდილი ორი ტყუპია გამოსახული. მემატიანე გვამცნობს: "ქრისტეს დაბადებიდან 1495 წელს ბირშტატინში ქალმა გააჩინა ორი ბავშვი, რომელთა თავები შუბლით იყვნენ შეზრდილი. როცა ერთი წინ მიდიოდა, მეორე იძულებული იყო უკუსვლით ევლო. მათ მხოლოდ გვერდით შეეძლოთ ეცქირათ. 1601 წელს ისინი 6-6 წლისანი იყვნენ. 10 წელზე მეტ ხანს არ უცოცხლიათ. როცა ერთ-ერთი მათგანი მოკვდა, საჭირო გახდა ცოცხლის მკვდარი სხეულიდან განცალკევება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ისიც მალე გარდაიცვალა". არანაკლებ ცნობისმოყვარეობას იწვევდნენ 1701 წელს უნგრეთში დაბადებული დები. ისინი ხერხემლის ქვედა ნაწილით იყვნენ შეზრდილნი. ეპისკოპოსის განკარგულებით 12 წლის დები მონასტერში გაგზავნეს, სადაც 21 წლის ასაკში ერთდროულად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: XVII საუკუნის დასავლეთ ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიელი გრაფი ლაცარო კოლორედო. მას დაახლოებით 90 სანტიმეტრის სიგრძის რუდიმენტული ტყუპისცალი ჰყავდა ჩამოკიდებული მკერდზე. თავი და ტანი კარგად იყო ჩამოყალიბებული, არ ჰქონდა ერთი ფეხი, ხოლო დამახინჯებული ხელის მტევნები სამ-სამი თითით ბოლოვდებოდა. ადამიანის მსგავსი ეს არსება ხელებს და ტუჩებს ამოძრავებდა, სუნთქავდა და მისი გულისცემის მოსმენა შეიძლებოდა. გრაფი მთელს ევროპაში მოგზაურობდა და თავისი სიმახინჯის დემონსტრირებით დიდი შემოსავალიც ჰქონდა. მსოფლიოში ცნობილი გახდნენ სიამში (ახლანდელი ტაილანდი) 1811 წელს დაბადებული ტყუპი ძმები - ენგი და ჩარგი. სწორედ მათ შემდეგ ეწოდათ სხეულის რომელიმე ნაწილით შეზრდილ ტყუპებს სიამის ტყუპების სახელი. გულმკერდით შეზრდილნი ენგი და ჩანგი ერთმანეთს პირისპირ უცქერდნენ, მოგვიანებით კი მათ შეძლეს თითქმის ერთმანეთის გვერდიგვერდ დგომა. სიცოცხლის პირველ წლებში ენგისა და ჩანგის დედა იძულებული იყო დაემალა თავისი ბიჭები, რადგან სიამის მეფე მახინჯ ბავშვებს დევნიდა ცრურწმენის გამო, - სიმახინჯეს უბედურება მოაქვსო. შემდეგ მათი არსებობა ცნობილი გახდა. ძმები ჩაებნენ მეურნეობაში, ისწავლეს ნიჩბით ნავის მართვა, თევზის ჭერა და ცურვა. როდესაც 16 წლისანი გახდნენ, ერთმა ინგლისელმა კაპიტანმა სიღატაკეში მცხოვრები მარტოხელა დედისაგან იყიდა ტყუპები, წაიყვანა ამერიკაში და მათი ჩვენებით ფულს აკეთებდა. შემდგომში ენგი და ჩანგი დამოუკიდებელნი გახდნენ, თვითონ დაიწყეს მოგზაურობა ამერიკასა და ევროპაში, გამოდიოდნენ საცირკო წარმოდგენებში, ვარიეტებში. ძალზე საინტერესოა მათი შემდგომი ცხოვრებაც. 32 წლის ასაკში ტყუპებმა იყიდეს ფერმა და ამერიკელი მღვდლის ქალიშვილებზე დაქორწინდნენ. ენგს 10, ხოლო ჩანგს 12 შვილი ეყოლათ. ცოლები თავ-თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ და ძმები რიგრიგობით სტუმრობდნენ მათ. თითოეული მათგანი იძულებული იყო ძმის ოჯახური და ინტიმური ცხოვრების მოწმე ყოფილიყო. გავიდა ხანი და ასაკთან ერთად მათ შორის მტრობამ იმატა, ვინაიდან ხასიათით ისინი ძალზე განსხვავებულნი იყვნენ. ენგი, თვითმხილველთა მტკიცებით, კეთილი და ჭკვიანი იყო, ჩანგი კი პირიქით - გულფიცხი, ბუზღუნა და ალკოჰოლის მოყვარული. ენგს საშინლად სძულდა სასმელი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძმასთან სისხლის მიმოქცევის ერთიანი სისტემით იყო დაკავშირებული, ამბობდა, რომ ალკოჰოლის არავითარ მოქმედებას არ ვგრძნობო. ძმები ხშირად კინკლაობდნენ და ხელითაც ეხებოდნენ ერთმანეთს. იყო შემთხვევა, როცა ერთმა მეორეს სასამართლოშიც კი უჩივლა. ტყუპებმა მრავალგზის მიმართეს ცნობილ ქირურგებს, რათა განეცალკევებინათ ისინი, მაგრამ ასეთი ოპერაციის გაკეთება ვერავინ გაბედა. იმდროინდელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ენგი და ჩანგი ფსიქიკურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ინდივიდები იყვნენ. 1874 წელი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა - ჩანგი გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, ორი საათის შემდეგ კი იგივე ბედი ეწვია ენგსაც. ჩანგი და ენგი პირველი ცნობილი შეზრდილი ტყუპები იყვნენ, რომლებმაც მოხუცებულობამდე მიაღწიეს. ბუნებრივია, იბადება კითხვა - ნუთუ შესაძლებელია სიამის ტყუპების განცალკევება? ქირურგიული ჩარევის პირველ ცდებს ამ რამდენიმე ათეული წლის წინ მიმართეს, ხოლო დღეისათვის ასზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული, რომელთაგან რამდენიმე წარმატებით დასრულდა. მაგრამ, წმინდა სამედიცინო პრობლემების გარდა, ექიმების წინაშე ხშირად მორალური ხასიათის პრობლემები დგება, ვინაიდან ოპერაციის გადატანა ტყუპებიდან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთს შეუძლია, ორივეს გადარჩენის შანსი ნაკლებია. თუმცა, ბოლო წლებში მსოფლიო მედიცინამ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში სიამის ტყუპების პრობლემაც წარმატებით გადაიჭრება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |