"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

ძნელაძე, ნოღაიდელი... ვინ იქნება შემდეგი?!

ამ ყბადაღებულმა ბიუჯეტმა მერამდენე მინისტრი "გადაყლაპა", ვინ იცის. დანიშნული არ არის კაცი თანამდებობაზე, რბილი სავარძლის გემო ჯერ ბოლომდე დაჭაშნიკებულიც კი არა აქვს და ბრახ! უძირო ქვევრივით ხახადაღებული ბიუჯეტი ახალ მსხვერპლს მოითხოვს. "სეკვესტრების დიდოსტატი" ზურაბ ნოღაიდელი თავადაც თუ მოჰყვებოდა სეკვესტრში, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელი ეჭვებიც გვიხდება. ისე აგვიხდეს ყველა სიკეთე, როგორც ორიოდე დღის წინ მთავრობის სხდომის შემდეგ აკვიატებული ავი წინათგრძნობა აუხდა ფინანსთა მინისტრს. ზურაბ ნოღაიდელს შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძეც ზედ მიაყოლა ბატონმა პრეზიდენტმა და ახალგაზრდების გამინისტრების, მალევე "გაფუჭების", პოლიტიკურ გვამებად ქცევის სქემა ისევ აამოქმედა. ვინ იქნება შემდეგი? - ბუნებრივია, უნებლიედ გვებადება კითხვა. ტრადიციადქცეული მინისტრების ცვლის ცეცხლოვან პროცესს, ალბათ, ვერც გაერთიანებული ფინანსთა და შემოსავლების მინისტრი გაუძლებს, ვინც არ უნდა იყოს იგი.

აი, რას წერდა გაზეთი "საქართველო" ეშერის ლაბორატორიაზე ხუთი წლის წინ

"რუსეთის ამ სამხედრო ობიექტს ცალკე ბატალიონის სტატუსი გააჩნია და იგი რუსეთის გენ. შტაბის მე-12 სამმართველოს კუთვნილ სამხედრო სეისმოლოგიურ ლაბორატორიას წარმოადგენს. აღნიშნული ლაბორატორია შეისწავლის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ერთ-ერთია იმ ათი ლაბორატორიიდან, რომელიც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზეა განლაგებული. ეშერის სამხედრო ლაბორატორიის ტერიტორიაზე დაახლოებით 80 სართულიანი სახლის სიღრმეზე, მოთავსებულია უნიკალური ურანის შემცველი ელექტრონული აპარატურა, რომელთა დანიშნულებაა ატომური იარაღის გამოცდილების ფიქსაცია და აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთისათვის საინტერესო წერტილში მიწისძვრების პროვოცირება".

მიუხედავად ზემოთქმულისა, გასულ თვეში თბილისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა ხელოვნურად არ მიიჩნია გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, თამაზ ჭელიძემ. იგი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სეისმოლოგიური იარაღი მსოფლიოში არ არსებობს. მწვანეთა პარტიის ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე, კი, მიწისძვრას ხელოვნურად მიიჩნევს და საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებით ხსნის. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ "დაისვა საკითხი შესაბამისი ორგანიზაციების წინაშე, რათა შეიქმნას საერთაშორისო კომპეტენტური კომისია, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩასატარებლად, რადგან ობიექტის არსებობა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო კავკასიის რეგიონისთვის, არამედ თურქეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოებისათვის" (გაზ. "საქართველო" #86, 1997 წ.).

მიუხედავად ამისა, გაჩეჩილაძის სიტყვები წლების მანძილზე რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". აფხაზეთის კონფლიქტის ძაღლის თავიც იქნებ მართლა ეშერის ლაბორატორიაშია დამარხული?! როგორც მწვანეთა ლიდერი აცხადებს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com