|
"საქართველო "
შეიძლება საქართველო ფართომასშტაბიანი ომის პირისპირ ისევ აღმოჩნდეს?! მარი ჩიტაია
უკანასკნელ პერიოდში კოდორში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ, ბუნებრივია, არსებობს საშიშროება, რომ ანალოგიური ქმედებები ისევ განმეორდება. მოსახლეობას შიში ჯერაც არ გაქარწყლებია. კითხვა, შეიძლება თუ არა საქართველო ფართომასშტაბიანი ომის პირისპირ აღმოჩნდეს, ბევრს ისევ აწუხებს. ვესაუბრებით პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეს, ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გაფართოებული სხდომიდან ახლახანს დაბრუნდა.
- ბატონო ვახტანგ, კოდორის მოსახლეობა ჯერაც პანიკაშია იქ დატრიალებული ცნობილი მოვლენების გამო. არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო ისევ აღმოჩნდეს ფართომასშტაბიანი ომის პირისპირ? - არა მგონია, მოვლენები ასე საბედისწეროდ განვითარდეს. ის, რაც გაკეთდა და რა რეაგირებაც პრეზიდენტის ხეობაში ჩასვლით მოხდა, პოლიტიკური ნაბიჯია და ამით მსოფლიოს ყურადღება მივიცქიეთ. თუ რუსეთი ამ შეცდომას ისევ გაიმეორებს, ეს უკვე ღია დაპირისპირება იქნება და შესაბამისი სანქციებიც მოჰყვება. საგულისხმოა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებს შორის აფხაზეთის პრობლემისადმი ერთიანი მიდგომა არსებობს. საერთოდ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ყოველდღიურად უნდა აკონტროლებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსფოლიო თანამეგობრობას ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებული ჰქონდეს. - ყოველივე იმას, რაც კოდორში მოხდა, თქვენ რუსების შეცდომას უწოდებთ. საინტერესოა, თავად ისინი როგორ აფასებენ ამ ნაბიჯს? - რუსულმა მხარემაც აღიარა, რომ ეს შეცდომა და ჩვენს საქმეებში უხეში ჩარევა იყო. ამ ფონზე განგაშს იწვევდა სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ხეობას აიღებდნენ. ამ განცხადებას ჰაერზე არ გააკეთებდნენ, მათ უკან რომ არ იდგნენ რუსეთის გარკვეული პოლიტიკური და სამხედრო წრეები. დანიაში ვიზიტის დროს რუსულ მხარესთან საუბარში აშკარად იგრძნობოდა შეწუხება არსებული მდგომარეობით. მათ გამოხატეს, რომ მზად იყვნენ სიტუაციის განსამუხტად. - ბოლოს და ბოლოს, გაირკვა თუ არა, სად გაიცა რუსი დესანტების ხეობაში ჩამოსმის ბრძანება?! - ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ყოველივე ამის უკან რეალური პიროვნება დგას. საგულისხმოა, რომ საკითხი ვერ გადაწყდა, ვიდრე პრეზიდენტები არ ჩაერიენ საქმეში. დავუშვათ, "შეცდომა" გენერალ ევტეევის დონეზე მოხდა, მას შეეძლო თავად გამოესწორებინა იგი. სიტუაციის განმუხტვას 48 საათი დასჭირდა. ბუნებრივია, ეს სერიოზულ ძალებთან იყო შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, მაინც მოიძებნა მეისრე. მიმიხვდით, ვისაც ვგულისხმობ. - საინტერესოა, დადგება თუ არა პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ქართული შენაერთის კოდორიდან გაყვანას მოაწერეს ხელი? ამ საკითხზე სერიოზულად იმსჯელა პარლამენტმა. ამჯერად რა დონეზეა საუბარი? - ხელმომწერებს შორის თუ ქართულ მხარეს გულისხმობთ, ვერ დაგეთანხმებით. თუ საუბარია პასუხისმგებლობაზე, ის ერთთავად უნდა აიღოს ყველამ, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა (რუსები, გაერო). ჩვენმა კომისიამ წერილით მიმართა საგარეო საქმეთა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროებს, რომ შესაბამისად დაესვათ სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი. რუსი სარდალი ამ თანამდებობაზე ჩვენთან შეთანხმებით მტკიცდება, ამდენად მისი პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენს ხელთაა. ორი აპრილის ცნობილი დოკუმენტით რუსი სამხედროების ზრახვა და ზოგიერთი პოლიტიკური წრის რეალური მიზანი გამოაშკარავდა. ფაქტობრივად, ამ დოკუმენტმა ლაკმუსის ქაღალდის ფუნქცია შეასრულა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ჩვენ ახლა სრული მორალური და პოლიტიკური უფლება გვაქვს, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობა ამოწურულია და მათ არავითარი სარგებლობის მოტანა არ შეუძლიათ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |