|
"საქართველო "
ვინ გაავრცელა ჭორი, აბსანძე ხელისუფლებას გაურიგდაო? მაცაცო იაშვილი
- როგორც ამბობენ, გურამ აბსანძე ე.წ. შევარდნაძის პატიმარი იყო. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში დააღწევდით თავს ტყვეობას. მაინც რა მოხდა ისეთი, რამაც თავისუფლება მოგანიჭათ? - პატიმრობის პერიოდშიც არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც გავიმეორებ, რომ მე უკანონოდ ვიყავი დაპატიმრებული. ბრალდებები ხელისუფლების დაკვეთით შეითითხნა. ზემოხსენებულ ხელისუფლებას კი, მოგეხსენებათ, ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი ადამიანი თვლიდა, რომ მე შევარდნაძის პატიმარი ვიყავი. პატიმრობიდან თავის დაღწევა ადვილი არ იყო, მაგრამ სიმართლე ზოგჯერ მაინც აღწევს თავის მიზანს. ჩემს გათავისუფლებაში უდიდესი წვლილი 20 აპრილის დადგენილებამ, ადამიანის უფლელათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა ცენტრის, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების ძალისხმევამ შეიტანა. - ვაკის არჩევნების დროს გავრცელდა ხმა, თითქოს ხელისუფლება გურამ აბსანძეს გაურიგდა. თუ იგი თავის კანდიდატურას მოხსნიდა და კენჭს არ იყრიდა, სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. ვაკის არჩევნების დროს თქვენი კანდიდატურა მართლა მოხსენით, რამდენიმე თვეში კი თავისუფლება მოიპოვეთ. ამ ორ ფაქტს შორის კავშირი მართლა არსებობს? - ჩემსა და ხელისუფლებას შორის არავითარი გარიგება არ არსებობდა, ეს გამორიცხულია. მე პარლამენტში მოხვედრის სურვილი კი არ მქონდა, როცა ჩემი კანდიდატურა დავაყენე, არამედ იმ უფლებების გამოყენება მჭირდებოდა, რაც პარლამენტის წევრობის კანდიდატს საარჩევნო კანონის მიხედვით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ეს პრესასთან ურთიერთობას ეხებოდა. მე პრაქტიკულად ჩემს მიზანს მივაღწიე. საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლება ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა. მე მათ სიმართლე შევატყობინე, საზოგადოებას დავანახე, რომ მართალი ვიყავი. - კანდიდატურა რატომღა მოხსენით, იქნებ, მოგეპოვებინათ კიდეც პარლამენტარობისთვის საჭირო ხმები, გაგემარჯვათ იმ არჩევნებში? - ეს სხვა საკითხია. მე მგონია, კანდიდატურის მოხსნა აუცილებელიც კი იყო, რადგან არანაირი საშუალება არ მქონდა, არჩევნების ჩატარების ობიექტურობა გამეკონტროლებინა. სხვაგვარად კი კენჭისყრას აზრი არ ჰქონდა. - პატიმრობის პერიოდში აბსანძემ 33 კგ დაიკლო წონაშიო, გავრცელდა ხმა. შიმშილით გკლავდნენ ბატონო გურამ, თუ დიეტას იცავდით? - წონაში მართლა დავიკელი, მაგრამ ამაში ხელისუფლების ხელი ნამდვილად არ ურევია. ციხის ცუდი პირობები არაფერ შუაშია, დიეტას ვიცავდი, უბრალოდ. - თქვენი გათავისუფლებისთანავე გაჟღერდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას ზვიადისტური ძალების გაერთიანებით იწყებთ. როგორ აპირებთ იმ მისიის შესრულებას, რომელსაც წლების მანძილზე ვერავინ მოაბა თავი? - ვიცი, რომ ეს ადვილი საქმე არ გახლავთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია ამ ქვეყანაზე. ჩვენ გავაერთიანებთ არა მარტო ზვიადისტურ ძალებს, არამედ ყველას, ვინც საქართველოს გადარჩენისთვის მართლა იბრძვის, ვინც რეალურად აკეთებს საქმეს. შედეგებზე წინასწარ საუბარი აბსურდია. როგორ მოვახერხებთ ამ მისიის შესრულებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |