|
"საქართველო "
ჩერნობილის ავარიის მსხვერპლნი: რა ვითარებაა საქართველოში?
ჩერნობილის ავარიამ საშინელი პანიკა გამოიწვია აფხაზეთში. თანამშრომელი სოხუმში ჩასულა და მინდვრის რადიომეტრი წაუღია. ეს აპარატი მომატებული რადიაციის დროს ხმაურს იწყებს. საკოლმეურნეო ბაზარში მწვანილის შემოწმებისას რადიომეტრი ახმაურებულა. ყველას მიუტოვებია გასაყიდი პროდუქტი და ბაზრიდან გაქცეულა. ქალაქი პანიკაში ჩავარდნილა. მთავრობამ სასწრაფოდ გამოიძახა სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ამჟამად ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი, პროფესორი რევაზ ხაზარაძე და ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის აწ გარდაცვლილი დირექტორი რევაზ ვეფხვაძე, სასწრაფოდ სოხუმში ჩადით, მდგომარეობა შეამოწმეთო. როგორც ბატონი რევაზ ხაზარაძე ამბობს, რადიაციის დონე სოხუმში ძალიან მაღალი იყო. ხელისუფლება საიდუმლოდ ინახავდა ამ ინფორმაციას. საერთოდ, გამოკვლევებმა ბევრი რამ აჩვენა, მაგრამ საქართველო ყურადღების მიღმა დარჩა. ბევრი საკითხი გასაიდუმლოვდა. სწორედ ამ ინფორმაციის დამალვის და არასათანადო ყურადღების გამოჩენის შედეგებს იმკის დღეს ჩვენი მოსახლეობა. არანაკლებ აქტუალურია ჩერნობილის აეს-ის ავარიასთან დაკავშირებული მოსახლეობის შინაგანი დასხივების (საკვები პროდუქტების მიღების გზით) საკითხი. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ საშიშროებას საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის წარმოადგენდა "ავარიული" ოლქებიდან შემოტანილი ხორცი და ხორცის პროდუქტები. სსრკ-ს ოფიციალური გამოცემების ცნობით, 1986-1988 წლებში ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულ 5 ოლქში აწარმოეს ხორცი იმ საქონლისაგან, რომელიც მოხვდა ჩერნობილიდან 30 კმ-იან ზოლში. 1702500 ტონა ხორცი რადიოაქტიური დაბინძურების დროებით დასაშვები დონით და 46400 ტონა ამ ნორმაზე გაცილებით მაღალი დონით გაიგზავნა სსრკ-ის სხვადასხვა რეგიონში. რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები ნორმების მიხედვით, კატეგორიულად იკრძალება ამ ხორცის გამოყენება სპეციალური თერმული დამუშავების გარეშე, აგრეთვე შებოლილი პროდუქციის და ძეხვეულის დასამზადებლად. მაგრამ ხელისუფლებამ დუმილი გადაწყვიტა. 2 წელი მიირთმევდა დაბინძურებულ ხორცს და ხორცის პროდუქტებს სსრკ-ს მოსახლეობა ისე, რომ ეჭვიც კი არ ჰქონდათ, რას შეიცავდა იგი. შეჭმას შემთხვევით გადაურჩა გორის ხორცკომბინატში შემოტანილი 317,8 ტონა რადიონუკლიდებით დაბინძურებული ხორცი, რომელიც 3 წელი და 8 თვე იდო ხორცკომბინატის მაცივარში. მხოლოდ ეროვნული ძალების დიდი ძალისხმევით იქნა იგი გამოვლენილი და გატანილი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1990 წლის გაზაფხულზე. რა ბედი ეწია თბილისის და ბათუმის ხორცკომბინატში შემოტანილ "რადიაციულ" ხორცებს? პასუხი ნათელია, პატივცემული მკითხველო... შინაგანი დასხივებისათვის მთავარ საშიშროებას დასავლეთ საქართველოში წარმოადგენდა აგრეთვე ადგილობრივი წარმოების რძე და რძის პროდუქტები. მათი რადიონუკლიდური დაჭუჭყიანება 1986 წლის ზაფხულში გამოწვეული იყო ძირითადად რადიოაქტიური იოდით, ხოლო მომდევნო 2-3 წლის ზაფხულის პერიოდებში - ცეზიუმის იზოტოპებით. გარდა რძისა, ჩერნობილური წარმოშობის რადიონუკლიდებით დაბინძურებული იყო სიმინდი, ჩაი, კაკალი, მურაბა, ღვინო და ა.შ. "სამწუხაროდ და საუბედუროდ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთველობის მდგომარეობა არასახარბიელოა", - წერდა გაზეთი "საქართველო" (#4, 2002 წ. აპრილი), ჩერნობილის აეს-ის აფეთქების შედეგად მიღებული ზიანის შესახებ. მართლაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, მონაცემთა ხილვა, რომელსაც დღეს ჩვენ გთავაზობთ, რბილად თქმის და რბილად ფიქრის საშუალებას არ გვიტოვებს, იმას, რასაც ყველაზე იოლ ფორმებში ჩვენ "არასახარბიელოს" ვუწოდებთ, მოსახლეობა საკუთარ თავსა და კისერზე განიცდის, გამკითხავი კი არავინ ჰყავს, თუმცა იმ ავადსახსენებელი ავარიის შემდეგ აგერ უკვე 16 წელი გავიდა. საქართველოში კი ზუსტად არავინ იცის, რა ზიანი მოგვიტანა ჩერნობილის აეს-ის ავარიამ. თავის დროზე ჩერნობილის კატასტროფის შედეგების გავლენის შესასწავლად საქართველოში შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც 1991 წლის დასკვნაში წერს: "1986-1990 წლების სამედიცინო სტატისტიკის მონაცემები მოწმობენ, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ადგილი აქვს შემდეგი დაავადებების მნიშვნელოვან გაზრდას წინა წლებთან შედარებით: - ანემია ორსულებში 47,4%-ით, ახალშობილებში - 21,7%-ით; - ენდოკრინული სისტემის პირველადი დაავადებები 24,6%-ით ზრდასრულ მოსახლეობაში, 21,5%-ით - ბავშვებში; - შაქრიანი დიაბეტი 42,3%-ით ზრდასრულებში, 101,2%-ით - ბავშვებში; - ავთვისებიანი წარმონაქმნები წინა ხუთწლედთან შედარებით - 20,5%-ით; - ონკოდაავადებების საშუალოწლიურმა ნამატმა 1986 წლის შემდეგ შეადგინა 4,1%, მაშინ, როცა გასულ ხუთწლედში იგი მერყეობდა 1,5-დან 2%-მდე; - აღინიშნა სისხლის დაავადებათა ზრდა 1986 წლიდან 1990 წლის ჩათვლით 23,7%-ით". ზემოთ აღნიშნული სამთავრობო კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: "მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა რესპუბლიკის ეკონომიკას. დასავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რადიოაქტიური დაბინძურების შედეგად რესპუბლიკამ დაკარგა ჩაის, ნაყოფიანი, ტექნიკური და ბოსტნეული კულტურების მოსავალი, მეცხოველეობის პროდუქტები. მხოლოდ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის უკან დაბრუნებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა ასობით მილიონი მანეთი უცხოური ვალიუტის სახით". ქართველ მეცნიერთა პუბლიკაციების თანახმად, სამედიცინო სტატისტიკის მონაცემებით იმ დაავადებათა შესახებ, რომლებზეც იმზირება რადიაციული რისკ-ფაქტორების უტყუარი გავლენა, აჭარაში ასეთია: 1986 წელთან შედარებით მომდევნო 2-3 წელიწადში ბავშვთა სიმახინჯე გაიზარდა თითქმის 3-ჯერ, ორსულთა ანემია - 2,7-ჯერ, ახალშობილთა ანემია - 1,6-ჯერ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ცალსახად ითქვას, რა გავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობაის ჯანმრთელობაზე ჩერნობილის კატასტროფამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოს ჰიგიენისა და პროფდაავადებათა კათედრის პროფესორმა, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ქალბატონმა კლარა გელაშვილმა გვიპასუხა: "ბოლო წლებში აღინიშნა ონკოდაავადებათა მატება, მომატებულია აგრეთვე ლეიკოზების რაოდენობაც, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში, ბარშიც და მთაშიც, იქ, სადაც რადიაციულმა ფონმა აიწია, კატასტროფულად გავრცელდა ჩიყვიც. თუმცა ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რომელიც რადიაციულ დაბინძურებებს უკავშირდება, არ შეგხვედრია. თანაც ბუნებრივადაც აიწია რადიაციულმა ფონმა. მიუხედავად ამისა, პირდაპირი კავშირი ვერ ვნახეთ ჩერნობილის კატასტროფასთან, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი სათანადოდ არ შესწავლილა. სტატისტიკა მოიშალა 1990 წლიდან. იმ პერიოდში დაბადებული ბავშვები რომ შევისწავლოთ, შეიძლება რაიმე გამოვლინდეს. საჭიროა დადგენილ იქნას მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ დაავადებათა სიხშირის ზრდასა და რადიაციული ფონის სიდიდეს შორის. 1996 წელს შევიმუშავეთ 10 წლიანი სახელმწიფო პროგრამა, სახელწოდებით "რადიაცია", რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და მისი რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა პროგრამა, მაგრამ დაფინანსებისთვის სერიოზული მოცულობით თანხები ვერ მოიძებნა. მხოლოდ ჩიყვის პრობლემასთან დაკავშირებით გამოიყო მცირე თანხა. შემოტანილ იქნა იოდიზირებული მარილი, შემოწმდა მოსახლეობის ნაწილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს ძალიან მცირეა". - თუ 1980-1986 წლებში აღინიშნებოდა შედარებითი სტაბილურობა ლეიკოზით ავადობაზე მთელს საქართველოში, 1990-იანი წლებიდან გამოვლინდა ავადობის მკვეთრი მატება დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც 1995-1997 წლებში დიდი ნახტომით პირველ ადგილს იკავებს ლეიკემიით დაავადებულთა რეგიონთაშორის განაწილების რიგში. როგორც ამტკიცებენ ქართველი მეცნიერები, დღეისათვის რადიაციული ფონი ამ რეგიონში ნორმალურთან ახლოსაა, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ლეიკოზების პათოგენეზში განსაზღვრული როლი აქვს დროის ფაქტორს. გლობალური რადიოაქტიური დაბინძურების პრაქტიკიდან ცნობილია, რომ რადიაციული დასხივების შედეგების გამოვლენა (გენეტიკური ანომალიები, ავთვისებიანი სიმსივნეები, მათ შორის ლეიკემიები) 12-15 წლის შემდეგ აღწევს პიკს. ამიტომ ლეიკემიებით დაავადების დონის აწევა აჭარაში 10-12 წლის შემდეგ ჩერნობილის აეს-ის ავარიიდან უნდა აიხსნას, როგორც ამ რადიაციული კატასტროფის შედეგი, - ამბობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ნინო ჩხაიძე. - ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ გეგმა, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით 10000 ლარია გათვალისწინებული აჭარის რეგიონზე. აჭარა პირველ რიგშია შესასწავლი. ჯანდაცვას უსახსრობის გამო არაფერი გადმოურიცხავს. დღევანდელ პირობებში მარტო რადიაცია არ არის დაავადებათა მატების მიზეზი. სამწუხაროდ, საერთო ტოქსიკოლოგიური მონაცემები ჩვენ არ გაგვაჩნია. არადა, როგორ შევისწავლოთ? ინსტიტუტს მხოლოდ ხელფასს აძლევენ და ისიც სიმბოლურია. ამ საკითხების შესწავლას ხომ სხვა ხარჯებიც სჭირდება - გვითხრა ბატონმა რევაზ ხაზარაძემ. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე არ ზრუნავდა სსრკ-ს ხელისუფლება (მათ შორისაა საქართველოს სსრ-ს ხელისუფლებაც), ასევე არ უზრუნია მასზე დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებასაც. კორუფცია, საშინაო და საგარეო ვალები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი ფსიქიკა, გაუსაძლისი სოციალური პირობები მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის - აი, საქართველოს ხელისუფლების ბოლო 10 წლიანი "მოღვაწეობის" შედეგი. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩერნობილის კატასტროფის სავალალო შედეგები თანდათან გაღრმავდეს და ახალი უბედურებები მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. გამკითხავი კი ისევ არავინ იქნება?!
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |