"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

არჩევნები გაყალბდება, მაგრამ... ინტერვიუ ნ. ნათაძესთან

ლია რეხვიაშვილი

- ბატონო ნოდარ, როგორია 2 ივნისის არჩევნების თქვენეული პროგნოზი?

- არჩევნები ტოტალურად ანუ სრულად გაყალბდება. ამისთვის საკანონმდებლო ბაზაც არსებობს და პრაქტიკული გამოცდილებაც შევარდნაძის ხროვის ხელში.

- განა შევარდნაძის გუნდი გაყოფილი არაა?

- არა, არაა. ეს გაყოფა სიმულირებულია. შევარდნაძის პირველი სიმულაცია იყო ასლან აბაშიძესთან კონფლიქტის შეთხზვა, მეორე - თავისი ფინია რჩეულიშვილის გამოყოფა "ოპოზიციურ" პარტიად, მესამე - "მონათა კავშირთან", ე.წ. "მოქკავშირთან" განხეთქილების თამაში. ამ უკანასკნელის დამატებითი ელემენტია "მემარჯვენეების" გამოყოფა და მამალაძე-ჟვანიას მიერ ურთიერთდაპირისპირების თამაში. საარჩევნო გაყალბების ტექნიკას ესენი ყველანი ფლობენ. დღეს შევარდნაძეს ისღა აქვს პრობლემად ამ საქმეში, ადგილები ისე დაანაწილოს ამ "განდგომილ" ვირთხებში, რომ რომელიმე მათგანს რიცხობრივი უპირატესობა და, მაშასადამე, უპირატესობის ილუზია არ შეექმნას.

- მაგრამ მოკამათეთა გზნება ამ დაპირისპირებაში გულწრფელი ჩანს!

- რაც შეეხება ურთიერთსიძულვილს - დიახ. ვირთხებს რომ საკვები ბაზის გაფართოება შეუწყდებათ, მათი ურთიერთმტრობა გულწრფელია. რაც შეეხება მათი მოქმედების ურთიერთდაპირისპირებას, იგი მოჩვენებითია. იგი ისევე მართულია ერთი ცენტრიდან, მოსკოვიდან, როგორც მართული იყო შევარდნაძის მთელი ხროვის მოქმედება გადატრიალების დღიდან დღემდე. მათი მიზანია მომავალ პარლამენტში, რაგინდარა ნიღბით, მოიპოვონ ჯამური უმრავლესობა, რათა თავისი დათვლილი დღეების მანძილზე მოასწრონ საქართველოსათვის სასიკვდილო მთელი რიგი კაპიტულაციების დაკანონება.

- რომლის?

- აფხაზეთის, ცხინვალის ზონის, ფედერალიზაციის, უცხოელებზე მიწის გაყიდვის, ორმაგი მოქალაქეობის, 1944 წელს საქართველოდან და სომხეთიდან გასახლებულთა შთამომავლობის განუკითხავი შემოსახლების, როგორც დღეს ირკვევა - აგრეთვე ქართული ენის ექსკლუზიურ უფლებათა გაუქმების და კიდევ სხვა მრავალის.

- თქვენც და სახალხო ფრონტიც ხვალინდელ არჩევნებში არ მონაწილეობთ, მაგრამ თქვენი უახლოესი პოლიტიკური მეგობრები - "ეროვნულ ძალთა გაერთიანებაში" შემავალი სხვა პარტიები - მონაწილეობენ მ. სააკაშვილისა და სხვათა გუნდთან ერთად. იცით ამ უკანასკნელთა პოზიცია თქვენს მიერ წეღან ნახსენებ საკითხებზე?

- ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში პრინციპულად, რადგან არსებული საარჩევნო კანონი მხოლოდ არჩევნების ტოტალური გაყალბების იარაღია. ამ არჩევნების შედეგებსაც, ბუნებრივია, ლეგიტიმურად ვერ ჩავთვლით. რაც შეეხება ჩვენს უახლოეს მეგობრებს, ზოგი მათგანი მართლაც მონაწილეობს არჩევნებში ტაქტიკური მოსაზრებით, ზოგი - არა. მაგალითად, ჭავჭავაძის საზოგადოება ისევე არ მონაწილეობს ამ არჩევნებში, როგორც მასზე უარს ვამბობთ ჩვენ. რაც შეეხება მ. სააკაშვილსა და მის თანამოგუნდეებს, ჩვენ გულით გვინდა მათი წარმატება ამ არჩევნებში და "ტექნიკურადაც" ვეხმარებით, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა შემდეგს: პირველი. ჩვენ მათი მომხრენი ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე ეხება ადგილობრივი ხელისუფლების არჩევას. კერძოდ, თბილისის საკრებულოსას და რეალური ამოცანაა, ფაქტობრივად, თბილისის დაახლოებით 200 მილიონიანი ბიუჯეტის დაცვა "მონკავშირელთა" ხროვის მიერ დატაცებისაგან. ეს ამ ახალგაზრდებს, დღეს რომ მ. სააკაშვილის გუნდი ჰქვიათ, შეუძლიათ. მეორეც. ჩვენ ამ გუნდს, "მრეწველებთან" ერთად (გ. თოფაძე და სხვანი), ოპტიმალურად ვთვლით ამ არჩევნებში დღეს მონაწილე სპექტრის ფონზე, და არა საქართველოში არსებული მთელი პოლიტიკური სპექტრის ფონზე. მე მიმაჩნია, რომ საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული მ. სააკაშვილის გუნდი (კარგი იქნება, რომ ასე მოხდეს, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს) სრულებით გამოუსადეგარი იქნება არაადგილობრივი, ზოგადსახელმწიფოებრივი ამოცანების კონტექსტში.

- მიზეზი?

- მიზეზი ამ შეფასებისა და პროგნოზისა ის გახლავთ, რომ მათ არ გააჩნიათ ერთი მილიგრამიც კი იმ აუცილებელი თვისებისა, რომელსაც ნაციონალიზმი ჰქვია და რომლის გარეშეც სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია. სახელმწიფო საჭესთან მათი თითის მიკარებაც კი დაუშვებელია. ისინი არ არიან და ვერ არიან მისულნი იმის ცნობიერებამდე, რომ ერი, როგორც ადამიანთა ერთობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ფორმა, რეალობაა. და ასეთად დარჩება მთელ განჭვრეტად მომავალში; რომ საქართველო, როგორც დედამიწის ერთ-ერთი ნაწილი, ქართველი ერის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ნაწილის, ქვეყანაა და ეს არ უშლის ხელს ადამიანთა თანასწორობას კანონის წინაშე. ისინი ვერ მისულან თავის განვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გრძნობის იმ ხარისხამდე, რომ დღევანდელი საქართველოს ვითარება განიხილონ არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ელემენტი დღევანდელი მსოფლიო სისტემისა, არამედ აგრეთვე როგორც ერთ-ერთი მომენტი საქართველოს წარსული და მომავალი ისტორიისა. აზროვნების მათებური წესი, თავისი დამოუკიდებლობის უუნარობით, უსუსურია და ამავე დროს, საბედნიეროდ, დღეს უკვე ანაქრონისტულია სერიოზული პოლიტიკის თვალში.

- თქვენ შედარებითობაზე ლაპარაკობდით. დღეს წარმოდგენილ საარჩევნო სპეკტრში ვინაა, თქვენი აზრით, ყველაზე უარესი?

- ღია კომუნისტების შემდეგ (პატიაშვილი-ჭაჭია და სხვანი) და უკვე მხილებული ("გაშიფრული") "მონკავშირის" შემდეგ (ჟვანია და მამალაძე), აგრეთვე რჩეულიშვილის რუსულ-აგენტურული ბრბოს შემდეგ, მე მგონი, "ახალი მემარჯვენეები" უნდა დავასახელოთ. რამდენადაც მსმენია, დღეს შევარდნაძის პარტია ესენი არიან პირველ ყოვლისა. ჯერ, შეიძლება ითქვას, მიწას არ ასცილებიან, თავისი უსუფთაო მილიონების მიუხედავად, და უკვე ეროვნულ ინტერესთა დამცველებს ლაფს ესვრიან. ჩემთვის აღმოჩენა იყო - ამ კამპანიაში რომ რამდენჯერმე თვალი მოვკარი მათ გამოსვლებს - მათი ძალიან დაბალი ინტელექტუალური დონე, ლიტერატურულად მეტყველებაც რომ უჭირთ! შევარდნაძის კადრი ესაა, მხოლოდ ესაა და კანონზომიერად ესაა. სხვა მე პრაქტიკულად შეუძლებელი მგონია.

(ინტერვიუ ჩაწერილია, 1 ივნისს. იბეჭდება უცვლელად)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com