"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

როგორ ძარცვავს ზოდელავა "თბილბიზნესბანკის" წყალობით თბილისის ბიუჯეტს?!

ლია რეხვიაშვილი

კორუფციაზე და კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე საუბარი მოძველებულ თემად იქცა. ეს პრობლემა მეტ-ნაკლები სიმწვავით იფეთქებს ხოლმე. ხან არჩევნების წინ, ხანაც კლანებს შორის "წილების" ხელახალი გადანაწილების დროს. პოპულიზმის სენით შეპყრობილი პოლიტიკოსები ააგორებენ ტალღას, "ჩაიწერენ ქულებს" და მერე არხეინად ელიან მორიგი ტალღის აგორების დროს. მოსახლეობა კი "წამლად" ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკის პასუხისგებასაც ვერ მოესწრო.

"ის, რომ ვანო ზოდელავა "თბილბიზნესბანკის" მფლობელია, დღემდე გაუხმაურებელი იყო, რადგან გამდიდრებისთვის ჩუმად ფულის კეთება უფრო მომგებიანია, ვიდრე რეკლამით. მერიის სამსახურების კაპიტალი აღნიშნულ ბანკშია ჩადებული. ზოდელავა და მასთან შეკრული ორგანიზაციები ქალაქში შესასრულებელი სამუშაოების დასაფინანსებლად მაღალპროცენტიან (36 პროცენტი) სესხებს იღებენ საკუთარი თავისაგან, რასაც შემდეგ თბილისის ბიუჯეტიდან ისტუმრებენ. ყოველი ერთი მილიონიდან ნახევარი მაგათია" - ჯონდი ბაღათურიას ეს სიტყვები მორიგი სიახლეა მოსახლეობისათვის.

კორუფცია ყველა უწყებაში მძვინვარებს, მაგრამ მერია კორუმპირებული გარყვნილების დოზით ყველა უწყებას უსწრებსო - როგორც ჩანს, საკმაოდ მშვიდად მოისმინა ქალაქის მერმა. ერთადერთი პასუხი - "არ ვაპირებ ჯონდი ბაღათურიას და ჩემი სხვა ოპონენტების საარჩევნო სახე ვიყო, საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენისა ვარ" - გახლდათ. საოცარია, რატომ მაინც და მაინც ვანო ზოდელავა გახდა ყველა პოლიტიკური პარტიის "საარჩევნო სახე"? "ახალი მემარჯვენეებიც" ხამამაღლა აცხადებენ 2002 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი კორუფცირებულია, ეს არა ფინანსური, არამედ კორუფციული დოკუმენტი გახლავთო.

მოკლედ, ასეა თუ ისეა, ამ შემთხვევაში ბაღათურია მარტო არა დგას. მის პოზიციას პირდაპირ თუ არაპირდაპირ სხვა პოლიტიკური ძალაც იზიარებს.

კორუფციული პირამიდის სათავეში, ბაღათურიას თქმით, მართალია, ქალაქის მერი, ვანო ზოდელავა დგას, მაგრამ მას არც სხვა ორგანიზაციები ჩამორჩებიან: სააქციო საზოგადოება "იჟმშენი", საგზაო კომპანია "თბილისი", თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო, "თბილწყალკანალი", მერიის კეთილმოწყობის სამმართველო. ბატონმა ჯონდიმ ქალაქის მერის დანაშაულის საილუსტრაციოდ წარმოდგენილი (ხელში არაოფიციალურად ჩაგდებული) დოკუმენტიც სათანადო კომენტარით შეამკო: "ეს სარევიზიო კომისიის მიერ გამოკვლეული, დამტკიცებული დოკუმენტია, რომელსაც ძიება აღარ სჭირდება. ეს მასალები დამადასტურებელი ფაქტია ორგანიზებული, კორუმპირებული დანაშაულისა, შეთქმულებისა, რომელიც თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა. ამ კორუმპირებული პირამიდის სათავეში ვანო ზოდელავა დგას". იგი თბილისის მარცხენა სანაპიროზე ბუნებრივი აირის შეწყვეტასაც ქალაქის მერს უკავშირებს: ინკასატორების მიერ მოსახლეობაში აკრეფილი ბუნებრივი აირის გადასახადი სამეთვალყურეო საბჭოს გავლით, "თბილბიზნესბანკში", იქიდან კი ზოდელავას ჯიბეში ჩადის, "იტერას" დავალიანებას კი არავინ იხდისო.

"თბილგაზის" დირექტორს, ნუგზარ ცაავას, ნაკლებად ვადანაშაულებ. რამდენიმე დღის წინ, აქციაზე, მოლაპარაკება შედგა, რომ ქალაქს ბუნებრივი აირის მოწოდება აღუდგებოდა. პრემიერმა იმ დღესვე უზრუნველყო თანხის გადახდა. ზოდელავამ კი დაუძახა ცაავას და გააფრთხილა, არ გადაიხადოთო. ეს იმიტომ, რომ ჩინოვნიკებმა კარგად ვერ გაძარცვეს მოსახლეობა. ცოტა ხანში გაავრცელებენ ხმებს - ვერ ვინახავთ, ვერ ვაწარმოებთ, ინვესტორებს უნდა მივყიდოთ, როგორც ეს "თელასსა" და სხვა ორგანიზაციებზე გააკეთეს. გამოაჩენენ ვითომ ინვესტორს, სინამდვილეში ინვესტორებიც თვითონ არიან და ფულსაც თავად იდებენ ჯიბეში" - ამბობს ბაღათურია. მისი განცხადებით, არჩევნების შემდგომ ყველა ის დოკუმენტი, რაც მან ზოდელავას კორუმპირებულობის დასტურად წარადგინა, ანტიკორუფციულ ბიუროში გადაიგზავნება. თუკი პრეზიდენტი ზომებს არ მიიღებს და ზოდელავას თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს, მაშინ "აღორძინება" პიკეტს მოაწყობს და ზომების მიღებასაც თავად მოახერხებს.

ალბათ, ეს სიტყვები გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ფრაზა, როელიც ისევ ბატონ ჯონდის ეკუთვნის: "ზოდელავას ურჩევნია მანამდე გადადგეს და წავიდეს სახლში. ჩვენ არც ისეთი ბოროტი ხალხი ვართ და მათ დაჭერას ჯერჯერობით არ მოვითხოვთო". დამნაშავის დასჯას თუ არ მოითხოვს, საინტერესოა, ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლას კიდევ რა ხერხებით აპირებს ბატონი ჯონდი. გარიგებას უფრო ჰგავს ეს მოთხოვნა, ვიდრე დამნაშავის დასჯის მცდელობას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com