|
"საქართველო "
ნადარეიშვილ-შაშიაშვილის "დუეტი" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს
"მე დავბრუნდები აფხაზეთში!" - ამ ლოზუნგით იმერეთის გუბერნატორმა ჯერ კიდევ ამ რამდენიმე ხნის წინ ენგურის ხიდთან პარტიზანების მიერ გამართული საპროტესტო აქციებისას გამოკვეთა თავისი მწვავე პოზიცია. გრძელდება შეხვედრა-დიალოგები თემურ შაშიაშვილსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას შორის. აფხაზეთის თემაც შიგადაშიგ ახალი პარადოქსებითა და ულტიმატუმებით მოგვევლინება ხოლმე. თუმცა არც ერთ მხარეს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღონისძიება დღემდე არ გაუტარებია. ამ ეტაპზე ძალიან ადრეა მტკიცება, ვინ დაბრუნდება აფხაზეთში? 1 აგვისტომდეც არცთუ დიდი დროა დარჩენილი... ყოველ შემთხვევაში, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ულტიმატუმის სახით დათქმულ ვადას. ამასწინათაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თამაზ ნადარეიშვილსა და იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ თემურ შაშიაშვილს შორის კონსულტაციური ხასიათის შეხვედრა შედგა. საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ორივე მხარემ კიდევ ერთხელ, საკმაოდ "ხმაშეწყობილად" გამოკვეთა საკუთარი პოზიციები. ნადარეიშვილმა მოითხოვა, რომ სამშვიდობო პროცესი გადაიდოს 31 ივლისამდე. - სასურველია, რომ საქართველოს რეგიონების გუბერნატორებმა გაითვალისწინონ ბატონი თემურის მაგალითი და გვერდით დაგვიდგნენ ამ საერთო ეროვნულ საქმეში, - აღნიშნა ბატონმა თამაზმა, - ეს საკითხი საქართველოს მთელი მოსახლეობის ერთიანობის გარეშე არ გადაწყდება. ეს არ არის მხოლოდ დევნილების გადასაწყვეტი პრობლემა. სანამ დევნილების დაბრუნება არ მოხერხდება, საქართველოში ცხოვრების ნორმალურ პირობებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დროა, მშვიდობიანი დაბრუნების ილუზიებს თავი დავანებოთ. 1 აგვისტომდე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიციები რეალურად გავატაროთ. უპირველესად, დავიწყებთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოებისა და თვითონ ჩვენი მოსახლეობის ჩართვას. - ფაქტობრივად, ჩვენ ამ ნაბიჯით მხარს ვუჭერთ გაეროს. წინ გვიდევს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენები. ბატონმა შევარდნაძემ უნდა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, რომ მის მიერ მრავალჯერ წარმოთქმული ფრაზა - "აფხაზეთი საქართველოს საშინაო საქმეა", - პატიოსნად შეასრულოს. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. ამიტომ ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა მივხედოთ საკუთარ თავს! - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. საუბარი შეეხო აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის საჯარისო ნაწილებს. იმერეთის გუბერნატორის თქმით, ჯარი, რომელიც აფხაზეთში დგას, საქართველოს შეურაცხმყოფელია, დამამცირებელია, რომ საქართველოს მოქალაქემ ზუგდიდში ჩასვლის ნებართვა რუსისგან აიღოს. ამ ჯარს არავითარი მშვიდობა არ მოუტანია და მხოლოდ რუსეთის რეაქციული ძალების შეკვეთას ასრულებს საქართველოში. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა გაივსო აფხაზეთიდან შემოსული უაქციზო საქონლით ანუ ეკონომიკურ ბლოკადაშია არა მარტო აფხაზეთი, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკადაშია მთლიანად საქართველო. ფაქტია, რომ რისკის გარეშე შეუძლებელია პოზიტიური ძვრების მოხდენა. ნადარეიშვილ-შაშიაშვილის "დუეტი" ხელისუფლებას კვლავ უყენებს ულტიმატუმს, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელის პასიურობის შემთხვევაში, გადაიდგმება კატეგორიული ნაბიჯი. 12-20 ივნისამდე წყალტუბოში დაგეგმილია დიდი ეკლექტიკური შეხვედრა. მოწვეული იქნებიან ინტელიგენციის, მასმედიის, პოლიტიკური ფრაქციებისა და პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უნდა გამოცხადნენ საკუთარი პროგრამით - აფხაზეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ შეგროვდება 2 მილიონამდე ხელმოწერა, რაც საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია. - ეს უკვე საქართველოს ნახევარი მოსახლეობაა და არ შეიძლება ამას ანგარიში არ გაეწიოს. ამიტომ, მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, იქნება არა ნადარეიშვილი-შაშიაშვილის პოზიცია, არამედ სახალხო პოზიცია. ამ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს საქართველოში ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის კეთილი ნება. ეს არ არის ვიღაცის კაპრიზები. ეს აუცილებელი რეალობაა, რომელიც უნდა განხორციელდეს - აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |