"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

90 წლის მოხუცი კოდორში საბრძოლველად აპირებს წასვლას, რადგან კუბოს ფული არა აქვს

ჩვენმა ვაიხელისუფლებამ რაც დამართა მოსახლეობას, იმისთანა ჩვენს მტერს. ლუკმა-პურს მონატრებული მოხუცები ნაგავსაყრელებზე ეძებენ საზრდოს, რომ დარჩენილი ორი დღის გაძაღლებული სიცოცხლე როგორმე გაატარონ. ყველაფრის შემსწრე და მნახველი ხდება თვალი, მაგრამ ყოველივე უჩვეულოს თითქოს თანდათან ვეჩვევით, ვეგუებით... როგორღაც ყოველდღიურობად გვექცა ეს და არ ძალგვიძს რამე შევცვალოთ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 14 ლარიანი პენსიით საშიმშილოდ და სასიკვდილოდ გასწირა ისინი, ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს, თუმცა... არც სიკვდილი ყოფილა ხსნა. შეძრწუნებული ვუსმენდით ამ ცოტა ხნის წინ რედაქციაში სტუმრად მოსული 90 წლის მოხუცი პაპას საუბარს და გადავწყვიტეთ ჩვენი ნანახ-განცდილი მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა. მოხუცმა გაზეთები გვთხოვა. რატომღაც გვეგონა, 90 წლის ასაკში გაზეთებს აღარ კითხულობდნენ.

- სულიერი საზრდო ხომ მინდა, ბაბუ. რა ვქნა, გაზეთს კი არა, პურს ძლივს ვყიდულობ ჩემი პენსიით. ამ ხნის კაცი ვარ, რას არ მოვესწარი, სამი ომის მონაწილე ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს. სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, ბაბუ. ხელისუფლების ორგანოებში ვიყავი, კოდორში გამგზავნეთ-მეთქი, იქაც არ მიშვებენ. რა ხალხია ეს?!

- რაღა დროს თქვენი კოდორში წასვლაა-თქო, ღიმილით ვკითხეთ. გვეგონა, საუკუნეს მიტანებულ მოხუცს გულმავიწყობა დასჩემდა და ასაკობრივი ახირებით მოსდიოდა ეს.

პასუხმა შეგვზარა.

- ჩემი ლოგინში სიკვდილი არ შეიძლება, ბაბუ, "კუბოს" ფული არა მაქვს. იქ თუ მოვკვდები, წესიერად მაინც დამმარხავენ სადმე. რა ვქნა, ბაბუ, სადაცაა წავალ იმქვეყნად. ცას კი ვერ გამოვეკერები. ყველა მიდის თავის დროზე იქ...

მობილური ტელეფონი რომ მქონდესო, ყურზე მიიდო ხელი. რა უცნაური მოხუციაო, გავიფიქრეთ. ეტყობა, ეს სიტყვები სახეზეც გვეწერა. ხუმრობა ხომ იცითო, ჩაგვეკითხა. თბილად გავუღიმეთ. მობილური ტელეფონი რომ მქონდეს, ამათ (ხელი მთავრობის სახლისკენ გაიშვირა), გამოვიძახებდი, როცა საიქიოს წავიდოდი და ყველა დაისვენებდითო - მშვიდად, ღიმილით დაამთავრა სათქმელი. სიცილის ნაცვლად ცრემლი მოგვგვარა მისმა სიტყვებმა. კაცმა არ იცის, ვის როგორი მწარე სიბერე გველის.

იმქვეყნად, ერთადერთს, სასვენებელს გვატანენ და ღმერთმა არ ქნას, ვინმეს ისიც სანატრელ ჰქონდეს!



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com