"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

"ნაშთი ძველი დიდებისა" - გიბრალტარი

წერილს გიბრალტარის შესახებ ნაღვლიანი ჰუმორით შემოსილი ორიოდე შენიშვნა უძღვის. თანამედროვე ბრიტანეთში, თურმე, პატრიოტიზმი ერთობ "სარისკო მრწამსია", რადგან იგი შეიძლება ქსენოფობიისგან (უცხოელთა სიძულვილისაგან) ან კიდევ უარესი რაიმესგან ვერ გაარჩიონ. "პოსტ-იმპერიული" ბრიტანელები, თურმე, დაბნეულნი არიან იმის თაობაზე, თუ რის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ პატრიოტული გრძნობა და რის შესახებ - არა. პატრიოტული გზნება საკუთარი ბრიტანელობის მიმართ, თურმე, უფრო თვალსაჩინოა რამდენსამე ჯერ კიდევ შემორჩენილ სატელიტურ კოლონიაში, ვიდრე სხვაგან: ოლსტერში, ფოლკლენდის კუნძულებზე და, განსაკუთრებით, გიბრალტარში, ამ ერთ ციცქნა კოლონიაში იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ კიდესთან, რომელიც კირქვის უზარმაზარ კლდეს მიჰკვრია.

აქ 30 ათასი მოსახლეა და დიდი მაიმუნების მრავალრიცხოვანი ტომი. ესპანეთმა ინგლისს გიბრალტარი დაუთმო 1713 წელს და მას აქეთ სულ მის დაბრუნებას ლამობს. დღეს, რაკი ორივენი ნატოში არიან, მათი უთანხმოება დიპლომატიურ უხერხულობას იწვევს. ორივე მხარე ერთად ეძებს "სუვერენიტეტის გაყოფის იმგვარ ფორმულას, რომელიც ესპანელთა თავმოყვარეობას დააკმაყოფილებს". პრობლემა, ჟურნალის სიტყვით, იმაში მდგომარეობს, რომ გიბრალტარელებს ბრიტანელებად დარჩენა უნდათ. თუმცა მისი მოსახლეობა გენუელების, მალტელების, ებრაელების და მრავალი სხვა იმიგრანტების ჩამომავალია, გიბრალტარის მთავარი მინისტრი კარუანა ამაყად აცხადებს, "არა, ინგლისს ფეხი არ უბიჯია ჩვენს ყელზეო". "ბრიტანელობა ჩვენს გულშიაო", ამბობენ ისინი, რაც უნდა უცნაური ჩანდეს ინგლისის გვირგვინის ესოდენი ერთგულება მათი მხრიდან.

უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს ესპანელთა ცოტა არ იყოს ზედმეტად გამომწვევი ქედმაღლობა იმ დროს ინგლისელებთან ომის მდგომარეობაში მყოფი მადრიდის მხრიდან ფრანკოს დროს, ამიტომაც (მაგრამ არა მხოლოდ ამიტომ) თვით სიმბოლურად ესპანეთის შემადგენლობაში ყოფნაც კი მათთვის ანათემის ტოლფასია. ესპანელებს რას არ სწამებენ: ავადმყოფობას, კრიმინალობას თუ ავხორცობას. მაგრამ ამ ნეგატიურ (უარმყოფელ) მხარესთან ერთად გიბრალტარელთა ბრიტანულ პატრიოტიზმს თავის "ჰომყოფელი", პოზიტიური მხარეც აქვს. მათ უყვართ "ტორიული ხერხემალმაგარი ბრიტანელობა", "რომელიც დიდწილად ისეთი მოძველებული ღირებულებებისაგან შედგება, როგორიცაა ერთგულება და თანასწორი თამაში". ახალგაზრდა გიბრალტარელებსაც, რომლებიც, თითქოს, ყოყმანობენ ესპანეთსა და ბრიტანეთს შორის, იგივე განწყობა აქვთ (მაგ. მსოფლიო ჩემპიონატში მხარს ინგლისელებს უჭერენ), რასაც მათ ინტერნეტის და ტელევიზიის ფაქტორი უადვილებს.

დღეს აქაური ხარჯის 7% ინგლისის თავდაცვის სამინისტროსია, 1989 წელს 60% იყო. ესპანეთიდან ყოველ წელს რამდენიმე მილიონი მნახველი მოდის, მათ შორის - უამრავი ინგლისელი. ზოგს იაფი სასმელი და სიგარეტიც იზიდავს, ზოგს - დეკორატიული ზუჩიანი პოლიციელები და სამიკიტნოთა სიმრავლე.

"გარდა ნოსტალგიისა და იმპერიალიზმისა", მნახველებს იზიდავს "ალყაში ყოფნის განცდაც", რომელიც მათ სიამოვნებას ანიჭებს. გიბრალტარის კონსტიტუციით, ამ ტერიტოსტატუსის ცვლა მხოლოდ აქაურთა რეფერენდუმით შეიძლება მოხდეს. 1967 წელს ასეთი რეფერენდუმის დროს მხოლოდ 44-მა სულმა ისურვა ესპანელებთან გარიგებაში შესვლა.

"მიუხედავად ამისა, - ისევე, როგორც ეს მოხდა ევროპის კონტინენტზე ევრორეფერენდუმის დროს - მრავალ ადამიანს ეშინია, რომ მათ კაპიტულაციაში ჩაიტყუებენ". ასე რომ, ზოგი მნახველი იმასაც კი ამბობს, "მოვედი ამ კლდის სანახავად მანამდე, სანამ მასაც ჰონკონგის გზას გაუყენებდნენო".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com