"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

"აი, ჩვენისაც მომავლისა ნამდვილი ხატი" (თუ თავს დროზე არ ვუშველეთ)

"ქვეყნის ეკონომიკა დანგრეულია, ნახევარი თაობა განათლების გარეთ დარჩა. მოსახლეობის ნახევარს შიდსი სჭირს. სამიდან ერთი ბავშვი ბავშვობაში კვდება. დედაქალაქის დიდი ნაწილი დიდხნობით ჩაბნელებულია, თუმცა ქვეყანას ნავთობის დიდი მარაგი აქვს. ინფლაცია 50%-ს აჭარბებს. არმიას ხელფასს უხდიან ნარკოტიკებით და არა ფულით". მიანმარს (ყოფ. ბირმა), სადაც ყოველივე ეს ხდება, საქართველოსთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს: მას დასაპყრობად დღეს არავინ ეტანება და, შესაბამისად, მის მმარველ ხუნტასაც არ მოეპოვება გარედან მიღებული დაკვეთა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად, სტრატეგიულად და მორალურად დაანგრიოს, რათა ძველი კოლონიალიზმი მოანატროს. დღევანდელი სამხედრო ხუნტა იქ უკვე 40 წელია, რაც სათავეშია. ხალხი დაშინებულია და ენაჩაყლაპული. 1990 წლის პარლამენტის არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ" მისს სუუ-კინის ხელმძღვანელობით, მაგრამ ხუნტამ ძალაუფლების გადაცემა "შეაჩერა" და სუუ-კინი ჯერ ციხეში, შემდეგ კი შინაურ პატიმრობაში მოათავსა. დღეს იგი განთავისუფლებულია, რადგან ხუნტას დასავლეთის "უფლებადაცვითი" პოლიტიკის შედეგად მთელი რიგი ნაკლებწონიანი (ძირითადად, ეკონომიკური) პრობლემები აქვს. მაგრამ რეჟიმის ცვლის ან სხვა პოლიტიკური პროგრესის ნიშანი ჯერჯერობით არაფერი ჩანს.

სად შეუძლია მიანმარელ ხალხს, რომელიც მთლიანად ან თითქმის მთლიანად არსებული მდგომარეობის მოწინააღმდეგეა, თავის დახსნის ძალა პოვოს? მხოლოდ საკუთარ თავში. ნუ დაგვავიწყდება: ის სპეციფიკური ჭირი, რაც მიანმარს აქვს (მაგ. შიდსი) მხოლოდ აზია-აფრიკის მონოპოლია არაა. ჩვენს ძირითად ჩრდილოელ მოწინააღმდეგეს (და არა მხოლოდ მას) ამ ჭირის ორგანიზებული გავრცელება, თავისი მრავალრიცხოვანი აგენტურის საშუალებით, ჩვენთანაც ძალუძს. ვიყოთ ფრთხილად და დროულად ვუშველოთ ჩვენს თავს!



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com