|
"საქართველო "
ლებედის "ფენომენის" გარშემო
ლებედი რომ პირველად გამოჩნდა ეკრანზე "კაციჭამიას" ამპლუაში (მაშინ იგი დნესტრისპირეთში მოქმედი მე-14 არმიის სარდალი იყო), მან მაშინათვე ყურადღება მიიქცია არასტანდარტულობით, რომელიც, დაკვირვებული კაცის თვალში, მომავალი "ხიბლის" ჩანასახებს შეიცავდა. გარდა ხმის კარგა სასაცილო მოდულაციებისა, რომელსაც, ეტყობა, ლომის ბუხუნისთვის უნდა მიებაძა, ამ "დერჟიმორდა" გენერალს კოლეგა-თანამებრძოლებისაგან ასხვავებდა ისიც, რომ აზრი უმუშავებდა, და ისიც, რომ გულწრფელობას ავლენდა თავისი დიქტატორული "პოზიციის" დასაბუთებაში. "ბუხუნი" იმიჯმეიკერებმა მოაშლევინეს, "პოზიციები" მიუსწორ-მოუსწორეს და ცოტა ხანში "დედა-რუსეთის" ხსნისთვის მოწოდებულ თვითნაბად სამხედრო-სამოქალაქო გენიად მოუვლინეს მასას. თანამდებობებზეც ატარეს (უმაღლესთა ჩათვლით), ჰუმანისტისა და "მშვიდობისმყოფლის" როლშიც მოსინჯეს ჩეჩნებთან "მოლაპარაკებების" პროცესში, დასავლეთშიც ჰყავდათ "ტესტირებისათვის", მაგრამ, როგორც ჩანს, იქ საბოლოდ დადებითი დასკვნა ვერ მიიღო და იძულებული გახდა გზა რაღაცით უფრო მოსაწონი ფიგურისთვის - პუტინისთვის - დაეთმო. რუსეთსა და მსოფლიოს იგი კვლავ გაახსენდა მაშინ, როცა ავარიას ემსხვერპლა და არაინფორმირებულ მაყურებელს გამოცანა დაუტოვა: ვის და რაში დასჭირდა მისი "გასაღება" და რატომ მაინცდამაინც "დღეს", 2002 წლის 28 აპრილს? მისი მანამდელი ბიოგრაფია ნაკლებ ცნობილია და ამერიკელი მკითხველისთვის ამ ხარვეზს ჟურნალ "EIღ" (ეხეცუტივე ინტელლიგენცე რევიეწ) ავსებს. იგი ჯერ ავიასადესანტო ბატალიონს მეთაურობს ავღანეთში, შემდეგ ამთავრებს ფრუნზეს აკადემიას, სარდლობს კოსტრომის, ფსკოვის და ბოლოს ტულის ავიასადესანტო დივიზიებს, თან რუსეთის კომპარტიის ცეკას წევრია. არის ავიასადესანტო ჯარების სარდლის მოადგილე და ????-ს ამბოხებისას სისხლისღვრისგან თავის ქვეყნის ერთ-ერთი გადამრჩენი. მისი "ჰუმანისტური" როლი ჩეჩნებთან მოლაპარაკებაში, რომელსაც ეს ჟურნალიც აღნიშნავს, ყალბია: იგი მშვიდობის მომხრე კი არ იყო, არამედ აუჩქარებლობისა მანამდე, სანამ რუსეთი კარგად არ მოემზადებოდა და საქმეში ნამდვილად გაწვრთნილ ნაწილებს (მისი სიტყვით - ????????-ებს) არ გამოიყვანდა. მისი შემდგომი კარიერა უკვე პოლიტიკურია და ცნობილია. ჟურნალი მხოლოდ იმას გვაცნობს დამატებით, რომ მას მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ეკონომისტ გლაზიევთან და აქტიურ ველიკოდერჟავნიკ ოფიცერ სკოკოვთან და რომ მათ რუსეთის გადარჩენისათვის კონკრეტული პროგრამა შეადგინეს. ვის დასჭირდა (თუკი დასჭირდა) დღეს მისი, რუსეთის მასშტაბით, არც თუ ქეციანი თავი? ჟურნალი ამის თაობაზე მხოლოდ ერთ ეჭვს გამოთქვამს (შორეული მინიშნების სახით) და მეორეზე დუმს. ჟურნალის სიტყვით, იგი არ უყვარდათ "ოლიგარქებს", რომელთა მაგალითებადაც დასახელებულნი არიან ჩერნომორდინი და ჩუბაისი, თუმცა ამათი "რეკორდები", მასშტაბებისა და გავლენის მხრივ, დიდი ხანია მოხსნილია მათ კოლეგათა არა თუ ერთი ახალი ეშელონის, არამედ ეშელონების მიერ. რაც შეეხება მეორე ვარაუდს - რომ, შესაძლოა, დადგა დრო, როცა ეს ხარიზმატულად "ხელმტკიცე" გენერალი, მიუხედავად მისი მკაფიოდ გაცხადებული ზრახვისა, რომ შეწყვიტოს რუსეთიდან საზღვაგარეთ ვალუტის გადენის "კატასტროფული" პროცესი და ა. შ., დღეს საჭირო გახდა პოლიტიკურად, როგორც ალტერნატივა იმ ხარიზმაგახუნებული ან, პირიქით, ზედმეტად გათამამებული გუნდისა, რომელიც ქვეყანას სათავეში უდგას - მასზე ზრდილობიანი ჟურნალი არაფერს გვეუბნება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |