|
"საქართველო "
საჭიროა პალესტინაში მოგვარების გეგმა!
ასეთი სათაურით აქვეყნებს The Economist ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვას. მაგრამ სადაა ასეთი გეგმა? იგი დღეს არსებულ ერთადერთ შესაძლებელ რეალურ არბიტრს - ამერიკის პრეზიდენტს - ჯერჯერბით არ გამოუტანია და შესაძლოა არც მოეპოვება. მას ასარჩევი აქვს, ჯერჯერობით, ერთი ორთაგანი: ან ცოტა მიაწყნაროს ვითარება და დიპლომატიურად გაეცალოს მას, ან მისი ძირეული მოგვარება სცადოს. რეალური დღეს არც ერთი არ ჩანს, ვინაიდან ამერიკელებს ისლამური ქვეყნების კეთილგანწყობა სურთ. ისინი იძულებულნი არიან, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას და, თუმცა არაფატისადმი "უკმაყოფილებას" გამოხატავენ, არ შეუძლიათ მას "ტერორისტი" უწოდონ (როგორც საქართველოს ხელისუფალნი უწოდებენ თავისსავე თანამემამულე პარტიზანებს. რედ.). ამავე დროს კონგრესის ორივე პალატა იღებს რეზოლუციას, რომლითაც აღიარებს იზრაელის უფლებას, თავი დაიცვას. შექმნილ ვითარებაში ბუში, ერთის მხრივ, ცდილობს გადაარჩინოს პალესტინაში არსებული დიდი ხნის შეთანხმებული სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია და სადაზვერვო სამმართველოს მეთაურს ტენეტს ავალებს, არაფატს ამაში ორგანიზაციულად დაეხმაროს, მეორეს მხრივ, მან იცის, რომ არაფატი არასანდოა და რომ უკვე უკიდურესად გამწვავებული სისხლისღვრის დაცხრობა ამით ვერ მოხდება. ამიტომ ბუში იძულებულია უფრო მეტი იმედი დაამყაროს მეგობრულ არაბულ რეჟიმებზე (საუდის არაბეთი, იორდანია და ეგვიპტე) და პალესტინის მოსახლეობის ზომიერი ნაწილის გულისკენ გზა მათი საშუალებით ეძებოს. მაგრამ ამავე დროს მან იცის, რომ იზრაელი, რომელიც ერთხანს თანხმდებოდა იორდანეს მარცხენა ნაპირის მთლიანად დაცლაზე, დღეს იქ არც ერთი ებრაული დასახლების გაუქმების მომხრე აღარ არის და, გამწარებული, ბრძოლის გაგრძელებას ფიქრობს. რაც შეეხება ზომიერად განწყობილ პალესტინელებს - იმ ერთადერთ საყრდნეს, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება ჰქონდეს მშვიდი დარეგულირების გეგმას - მათ, ჟურნალის სიტყვით, სძულთ ბუში, მაგრამ მაინც იმედით შეჰყურებენ, ვინაიდან სხვა იმედი არ გააჩნიათ. სულ ახლო წარსულში ჯერ კიდევ იყო ლაპარაკი გეგმაზე "ისრაელი ცლის მთელ პალესტინას, მას ურიგდება ყველა არაბული ქვეყანა". დღეს ეს ლაპარაკი აღარ გაისმის. იზრაელის ძალები ყოველ პალესტინურ ქალაქთან დგას და თავისუფლად ძალუძს შესვლა-გამოსვლა. არაფატის მელაკუდობა, რომელიც მის არასანდოობაზე მეტყველებს, ხელს აძლევს შარონს, რადგან რაც უფრო მეტად ფოკუსირდება ამერიკელების ყურადღება მისი პირადი მოქმედების ნაკლოვანებებზე, მით უფრო ჩრდილში ექცევა ის კითხვები, რომლებიც მათი მხრიდან შესაძლებელია დაესვას. დღეს ე. წ. "საპროპაგანდო ომში" შარონი შეტევით პოზიციაშია და ტერორისტთა დახმარებას, მეტ-ნაკლებად ღია ფორმით, ბრალად სდებს არა მხოლოდ იზრაელის ტრადიციულად მტერ არაბულ სახელმწიფოებს, არამედ თვით საუდის არაბეთსაც. ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტის საკითხი, რომელიც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აღარ განიხილება და ეს იზრაელს ხელს აძლევს ("დღეს იგი პრიორიტეტს არ წარმოადგენსო", თქვა 5 მაისს პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლეცა რაისმა, რომელიც ვიზიტისას პრეზიდენტს თან ახლდა). ფრთხილად ხმოვანდება სხვა თემებიც: ერთია არაფატისთვის მხოლოდ სიმბოლური ფუნქციების დატოვება პალესტინის სათავეში და რეალური ფუნქციების სხვა, უფრო ქმედუნარიან პირთათვის დათმობა. მეორეა არაბი ლიდერების დაყოლიება იმ აზრზე, რომ ცუდი არ იქნებოდა ამ სიტუაციაში დამსახურებული დარტყმის მიყენება სადამ ჰუსეინისათვის მისი საბოლოო მოცილების მიზნით. არაბულ ქვეყნებს უჩვეულო ერთსულოვნება აქვთ დღეს იმის თაობაზე, რომ საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯი, და ამ ნაბიჯად მათ წარმოუდგენიათ მხოლოდ ომის დამთავრება შეთანხმებით "პალესტინის დაცლა მშვიდობის ფასად", რომელიც ზემოთ ვახსენეთ. არაბებს, მიუხედავად ძალთა შეფარდებისა დღეს, ამის იმედი აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ დრო მაინც მათთვის მუშაობს, ებრაელებისთვის ეს შეთანხმება მიუღებელია. აქედან - არაბთა უკმაყოფილება ამერიკელებით, რომელთაც "წელი არა აქვთ", რომ იზრაელს "სილა გააწნან" და თავის პირობებზე დაითანხმონ. სწორედ ეს ჩიხური სიტუაციაა, დღეს რომ გამოსავალი არ უჩანს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |