"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

"პუტინი კარგად თამაშობს ცუდი კარტით"

("ფაინენშელ ტაიმსის" მიმომხილველის კ. პილის აზრით)

პუტინს მისი რუსი მოწინააღმდეგენი ხედავენ როგორც "ყოფილი სუპერძალის ნანგრევებზე მჯდომი რუს ბიუროკრატს", რომელმაც, ეროვნული ღირსების დაცვის მცდელობის მიუხედავად, რამდენიმე დამცირება განიცადა დასავლელთა მხრიდან. ესენია: აშშ-ს ცალმხრივი გამოსვლა ანტიბალისტიკური შეთანხმებიდან, ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ, აშშ ბაზების გაჩენა შუა აზიაში და ამერიკელთა შესვლა საქართველოში, რასაც რუსეთმა წინააღმეგობა ვერ გაუწია. მომხრენი პირიქით, მასში ხედავენ წარმატებულ პოკერისტს, რომელსაც ხელთ საძაგელი კარტები აქვს: დანგრეული ეკონომიკა, დემორალიზებული სამხედრო სისტემა, დიდი ბირთვული არსენალი, რომელიც იჟანგება. ამ პირობებში მან მაინც იპოვაო გზა მსოფლიო დიპლომატიის უმაღლესი მაგიდისკენ.

პუტინი და მისიანები არ არიან თანახმანი, რომ რუსეთი "ჩამოწერილ" იქნას. ისინი თავის როლს უფრო დიდად ხედავენ, ვიდრე ამის ეკონომიკური და სამხედრო უნარი აქვთ. მაგრამ ზოგი საკითხისთვის მათ ძალუძთ "ღერძული" როლი ითამაშონ. ესენია ტერორიზმთან ომი, ევროპის უშიშროება და ნატოს მომავალი, ახლო აღმოსავლეთის მშვიდობა (ერაყშიც და ისრაელშიც). ორი საკითხი მათ ძალის გარეთაა: პირველი. როგორ მოიქცევა ბუში, რომელსაც დღეს "ყველა ტუზი ხელთა აქვს?". მეორე. როგორ წავა რუსეთის ეკონომიკა? პუტინის "მაბალანსებელი" პოლიტიკის ნათელ ილუსტრაციად ავტორი თვლის შემდეგს. "ცუდი იყო (რუსებისთვის), თავისთავად, ამერიკელი ჯარების ჩაჯდომა ყოფილ საბჭოთა შუა აზიაში, ავღანეთის კამპანიის კოორდინირების საბაბით. აშშ შვეულმფრენებისა და სპეცძალების ინსტრუქტორთა ჩასვლა საქართველოში, ომში ჩაბმული ჩეჩნეთის ზედ საზღვარზე, თვალში საცემი პროვოკაცია იყო. მაგრამ პუტინმა უარი თქვა იმაზე, რომ ეს საგანგაშოდ მიეჩნია. უფრო მეტიც, იგი მიესალმა ამას".

ახსნა, ავტორის აზრით, მარტივია: "საქართველოში შესვლით, როგორც ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილით, ბუში იწყნარებს მოსკოვის არგუმენტაციის ძირითად ნაწილს, რომ იგი მიღებულ უნდა იქნეს საერთო კოალიციაში. იგი ამით ცნობს, რომ ჩეჩნეთის ომში მონაწილეობენ საერთაშორისო ტერორისტები და არა პოტენციური სეპარატისტები". "სუკელი" დეპუტატის მარგელოვის ციტატის შემდეგ, რომელიც "ჩათრევის ნაცვლად ჩაყოლის" ნიმუშია, მიმომხილველი გამოთქვამს ძალიან მნიშვნელოვან დაკვირვებასა და ვარაუდს: რუსეთი დასავლეთს სთავაზობს თავის თავს, როგორც ნავთობის მიმწოდებელს, OPEჩ-ის (ძირითადად, არაბული) ქვეყნების ნაცვლად, რაც მით უფრო ბუნებრივად უნდა ჟღერდეს, რომ, რუსების აზრით, "ამერიკელები მოელიან არაერთი არაბული რეჟიმის დაცემას".

რუსეთის ნაწილობრივ "შეტრიალებას" ისრაელისკენ, ავტორის სიტყვით, განაპირობებს არა მხოლოდ ამერიკელთა გავლენა, არამედ ისიც, რომ იზრაელში დღეს მილიონამდე ყოფილი სსრკ-სა და რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. ავტორი ფიქრობს, რომ რუსები მონდომებულნი არიან, რუსეთსა, აშშ-სა და იზრაელს შორის "საერთო" დაინახონ იმ მხრივ, რომ სამივენი ერთგვაროვნად ეკიდებიან ტერორიზმს, სახელდობრ, ძალუძთ განასხვავონ საერთაშორისო ტერორისტები ოდენ-ეროვნულისაგან.

მაგრამ როგორ ხდება, რომ პუტინს "არ აცოფებს" ნატოს გაფართოება მაინც, რომელშიც, როგორც ჩანს, ბუშს ბალტიის ქვეყნების ჩართვაც სურს? ავტორის აზრით, ყველა ასე არ ფიქრობს თუნდაც იმიტომ, რომ "ნატო ის აღარაა, რაც იყო". ავტორი წერს: "თვით ნატოში იდენტობის კრიზისს აქვს ადგილი. იგი იმიტომ არ იქნა გამოყენებული ავღანეთში, რომ მისი მექანიზმები კონსერვატიულია. რუსები ოპერაციის პირველ ეტაპზე უფრო გამოსადეგნი აღმოჩნდნენ".

საბოლოო ჯამში პუტინს, ავტორის აზრით, სურს, მიუხედავად თავისი ცუდი კარტისა, "საშუალო (დაბალანსებული) პოკერი ითამაშოს. მას ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს, აშშ-ს პარტნიორი იყოს ევროპისა. რა თქმა უნდა, მისთვის უცხო არაა ის აზრი, რომ ისინი ერთიმეორეს დაუპირისპიროს".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com