"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

"ევროპა იბრძვის, რათა გაუგონონ"

ავტორი ფ. სტივენსი ზემოხსენებულ ავტორებზე უფრო მკვეთრ ფერებში ხედავს იმ, მისი აზრით, სახიფათო პერსპექტივას, რომელიც ამერიკულ-ევროპულ ურთიერთობებში ისახება. მაგრამ მისი არგუმენტები მეტ-ნაკლებად ტიპიურია (თუმცა, შესაძლოა, ცალმხრივიც). მთავარი საწუხარი ერთია: ევროპის როლის შემცირება იმ ძალიან აქტიურ პოლიტიკაში, რომელსაც დღეს აშშ მსოფლიოში ეწევა.

ავტორი წერს: "ამერიკელთა თავდაჯერებულობა ევროპელთა იმედგაცრუებაა". ევროპელები გაღიზიანებითა და წუხილით ხედავენ, რომ ამერიკელები არაფრად აგდებენ ევროპელთა გრძნობებს: შეშფოთებას იმის გამო, რომ ევროპა თვით იზიარებს პასუხისმგებლობას თავისი გავლენის კლებაზე მსოფლიოში.

ბრიუსელში მყოფ პოლიტიკოსთა და დიპლომატთა განწყობილება არასოდეს ყოფილა ისეთი მოღუშული, როგორც ახლაა. ევროპული კავშირის გაკაშკაშებული შტაბბინა კარგად ხედავს, როგორ დის მის გარეთ ანტიამერიკანიზმის ნაცნობი ნაკადი. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე საუბარს განუხრელად ახლავს ოკეანისგაღმელ მოკავშირეთა ქედმაღლობის და მათი პოლიტიკის ცალმხრივობის თემა.

მართალია, ნატოს ცენტრში, რომელიც ბრიუსელის ცენტრის ცოტა იქითაა განლაგებული, ოფიციალური მოხელეები ცდილობენ თავი უფრო მხნედ დაიჭირონ, - სახელდობრ, ისინი შეგვახსენებენ, რომ ნატო მთელი კავშირის ბურჯია და რომ დღეს ავღანეთის ომში მისი 12 წევრის შეიარაღებული ძალებია ჩართული, განა ეს სოლიდარობა არ არისო? - მაგრამ აქაც კი, გაზეთის აზრით, ოფიციალური ნდობის ატმოსფერო ვერ ფარავს იმ შთაბეჭდილებას, რომ რაღაცაზე, რაც, ევროპისთვის ძვირფასია, ხელის აღება ხდება.

სწორი რომ ვთქვათ, - ასე ფიქრობს ავტორი, - ევროპელების გაღიზიანება (ფრანგების გარდა) ეხება არა ამერიკას, როგორც ასეთს, არამედ მხოლოდ ბუშის ადმინისტრაციას. მაგრამ ამის მიუხედავად დიდი ამერიკელი კონსერვატული ფიგურები მაინც უფრო არიან მოქცეულნი გაღიზიანებულ ევროპელთა მხედველობის არეში, ვიდრე პრეზიდენტი. ბუშმა, ავტორის აზრით, დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ნება მისცა ამ მემარჯვენე აუტსაიდერებს ამერიკელთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ტონალობა განესაზღვრათ.

ევროპაში მყოფი ამერიკელი მოხელეები, - ასე ჩანს, - იქაურებთან დამეგობრებულნი არიან. "ნუ მიაქცევთო ყურადღებას რიჩარდ პერლს. იგი უკვე ფუნქციას მოკლებული მრჩეველიაო". "პენტაგონელი ვოლფოვიცი ეგებ ჭკვიანი კაციცაა, მაგრამ მისი კომპეტენცია მხოლოდ აზიაზე ვრცელდებაო", "რამსფელდი მხოლოდ ერთი ხმაა პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილთა შორის. ჯობია პრეზიდენტს უსმინოთ, ან სახელმწიფო მდივნის ფრთხილად შერჩეულ სიტყვებს მიაპყროთ თქვენი ყურადღებაო" - ასე ჩურჩულებენ, ავტორის აზრით, ეს მოხელეები და ყოველივე ეს მართლაც კარგად ჟღერს, ოღონდ უბედურება ისაა, რომ "მყარი ხაზის" მომხრენი, როგორც წესი, ყველაზე უფრო დიდი ხმით ყვირიან ხოლმე.

შუა აღმოსავლეთი, ავტორის სიტყვით, ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ევროპელთა ყურადღება ყველაზე მეტადაა კონცენტრირებული. ევროპელებისათვის უეჭველი ფაქტია ის, რომ შესაძლოა პალესტინელ თავისმკვლელ მებომბეთა დაუნდობლობა გაშფოთებდეთ, მაგრამ ამავე დროს არიელ შარონის საპასუხო დარტყმებს კრიტიკულად ეკიდებოდეთ. იმის თქმა, რომ სისტემატური შეჭრა პალესტინელთა ტერიტორიაზე და ებრაულ დასახლებათა მშენებლობის პოლიტიკა შეცდომაა, იგივე არაა, რაც იზრაელის სახელმწიფო უფლების უარყოფა, რომ იარსებოს და თავი დაიცვას. ბოლოს და ბოლოს, ეს არაერთი იზრაელელი პოლიტიკოსის აზრიცაა. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაციის განაპირა დონეებიდან და ამერიკული მედიას ცენტრალური ნაკადიდან მაინც მოდის ბრალდებები, რომ შარონის პოლიტიკის მხარის არდაჭერა ანტისემიტიზმის გაღვივებას ნიშნავს. "ეს ბრალდება იმდენადვე საწყენია, რამდენადაც აბსურდული. ევროპის დიდ ნაწილს ჰრცხვენია თავისი ისტორიისა და მისი ლიდერები წუხან, რომ რასისტ მემარჯვენეთა აღბორგებამ, შესაძლოა, ანტისეტიზმის მინავლული ნაკვერჩხლებიც გააცოცხლა. მაგრამ ბატონ შარონის პოლიტიკის კრიტიკა არაა იგივე, რაც ებრაელთა დევნის მხარდაჭერა".

ევროპელებს ეჭვი აქვთ, რომ მათი სახით ამერიკელებს უნდათ მხოლოდ მათი პოლიტიკის სიტყვაშეუბრუნებელი მხარდამჭერები, და არა მართლაც მოკავშირეები. ავტორი თვლის, რომ თუმცა შემოდგომაზე ნატოს გაფართოება ელის (6-7 ახალი წევრის შემომატებით), ევროპელებს მაინც ისეთი განცდა აქვთ, რომ ნატო კი არ ძლიერდება, არამედ სუსტდება. მისი საჭიროება და როლი მცირდება. 11.IX ტერაქტის შემდეგ ამერიკელებმა დაიმოწმეს ნატოს დებულების ის პუნქტი, რომლითაც ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ნატოზე თავდასხმაა. ამგვარად, თითქოს ნატოს ერთობლივი ამოქმედების ისტორიული მომენტი დადგა. მაგრამ მაშინ ევროპაში ჩასულმა აშშ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვოლფოვიცმა თქვა: გმადლობთ, ნუ მოგვმართავთ და არც ჩვენ მოგმართავთო.

გაფართოება, ავტორის თქმით, ასუსტებს ნატოს სამხედრო ვინაობის ("იდენტობის") ხარისხს. ეს ერთმხრივი მოქმედებაც კი არაა. ესაა მრავალმხრივი მოქმედება იმგვარი შერჩევით, როგორც კერძს ვირჩევთ არსებული მენიუდან. უფრო მეტიც: ამას წინათ ამერიკელებმა საერთაშორისო ტრიბუნალიც კი უარყვეს (თავისი ხელმოწერა მასზე გააუქმეს) იმ აზრით, რომ საერთაშორისო სისტემაში სამართლის დამყარება სახელმწიფოთა საქმეა და არა მრავალმხრივი ინსტიტუტებისა ანუ სახელმწიფოთა ერთობლივი ინსტიტუტებისა.

ეს, ავტორის სიტყვით, ევროპელებისთვის ფრიად საწყენია, მაგრამ მათ იციან, ეს რას დააბრალონ. ეს იმის ბრალია, რომ მათ, თანამედროვე პირობებში, თავის დაცვის ძალა არა აქვთ. მთლიანად ამერიკელებზე დამოკიდებულნი არიან. მართალია, გადაწყვიტეს 60 ათასიანი ერთობლივი შეიარაღებული ძალის შექმნა, მაგრამ "დაავიწყდათ, რომ თქმა სხვაა და შესრულება - სხვა".

მიუხედავად ყოველივე თქმულისა, ავტორი თვლის, რომ "ევროპა-ამერიკის ურთიერთობებში დიდ კრიზისს ადგილი არა აქვს. ეს, უფრო, ნდობის გამოფიტვაა". მაგრამ ეს, თავისებურად, არანაკლებ სახიფათო მოვლენაა. უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს ის, რომ სადღაც ჰორიზონტზე ერაყთან სამხედრო დაპირისპირების აჩრდილი დარიალებს.

"ფაინენშელ ტაიმსი"



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com