|
"საქართველო "
შოტლანდიისა და უელსის კვალდაკვალ
ამ სათაურით აქვეყნებს "ფაინენშელ ტაიმსი" ოქსფორდის პროფესორის, მართვის სპეციალისტის ვ. ბოგდანორის წერილს იმის თაობაზე, თუ რა შედეგები ექნება "თეთრ ქაღალდს" - მმართველი ფუნქციების ერთი ნაწილის გადაცემას ("დევოლუციას") ცენტრისაგან შოტლანდიის, უელსისა და ჩრდ. ირლანდიის ხელში, რაც ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა. დამოწმებულია ინგლისის განთქმული პრემიერის, გლადსტანის მიერ ამ 120 წლის წინ წარმოთქმული სიტყვები: "თუ ჩვენ შეგვიძლია შემოვიღოთ სიახლეები, რომელთა წყალობითაც ირლანდიას, შოტლანდიას, უელსს და ინგლისის ნაწილებს შეეძლებათ მათთვის სპეციფიკური და ადგილობრივი ინტერესების უკეთ გაძღოლა, ვიდრე ეს დღეს პარლამენტს შეუძლია, მაშინ, მე ვამბობ, ეს უდიდესი ეროვნული სიკეთე იქნება" (ხაზი ჩვენია. რედ.). პირველ სამ ამათგანს "თეთრი ქაღალდის" წყალობით ასეთი სიახლეები უკვე ხელთა აქვთ. რა ვუყოთ დანარჩენებს - "ინგლისის ნაწილებს"? ავტორი დაფიქრებისა და აწონ-დაწონის მომხრეა. თვით დღესაც კი, "თეთრი ქაღალდის" გამოცემისთანავე, შოტლანდია და უელსი გარდუვალად მოითხოვენ ახალ წილს ბიუჯეტიდან თავისი ახალი დამატებითი ფუნქციების დასაფინანსებლად. ამით ზარალდება ინგლისის ნაკლებ წარმატებული მხარეები. ჯამში, მოხდება "ეკონომიკური დისბალანსი" და მის შედეგად, ჯამში, "საშიშროება შეექმნება კონსენსუსს, რომელზედაც დამყარებულია გაერთიანებული სამეფო" (ხაზი ჩვენია. რედ.). "თეთრი ქაღალდი" უშვებს, მაგრამ არ მოითხოვს ადგილებზე "რეგიონული კრებების" შექმნას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი რეფერენდუმი ასეთი ნაბიჯის მომხრეა. მაგრამ იმას, არის თუ არა ადგილზე ამის საკმარისი სურვილი, მთავრობა წყვეტს. რამდენადაც "რეგიონული ცნობიერება" ინგლისის სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სიძლიერისაა (ჩრდილოეთში იგი ძლიერია, სამხრეთში - სუსტი), იგულისხმება, რომ რეფერენდუმი ჩატარდება იქ, სადაც ხალხი დაინტერესებულია თავისი რეგიონული ცნობიერების დაკმაყოფილებაში, მაგრამ ამასთან ერთად, იგულისხმება, რომ ეს სახელმწიფოს მთლიანობას საშიშროებას არ შეუქმნის, რამდენადაც "გაერთიანებული სამეფო" (ანუ დღევანდელი ინგლისის სახელმწიფო) უამისოდაც დამოკიდებულია არსებულ კონსენსუსზე. რეფორმის შემდგომი პრობლემა ის არის, რომ იგი ადგილზე ქმნის მართვის მესამე შრეს (ორი ადგილობრივი "შრე" ინგლისში უკვე არსებობს), რაც ზედმეტია, ანუ არაეფექტიანი ხარჯია ძალისა და სახსრების. ამიტომ ერთი შრე, ალბათ, გაუქმდება (ეს იქნება, ალბათ, საგრაფოს დონე) და მისი ფუნქციები განაწილდება "ქვემოთკენ" და "ზემოთკენ", რითაც, ჯამში, ალბათ "ცენტრალიზაცია" მეტი გამოგვივა, ვიდრე "დეცენტრალიზაცია". შემდგომი პრობლემაა ფინანსური. სახელდობრ, იქმნება გარკვეული დონის ორგანო, რომელსაც გამოსაღებთა და გადასახადთა აკრების უფლებამოსილება არა აქვს. მაგრამ ამას ეშველება გარკვეული მეტ-ნაკლებად ტექნიკური ხერხებით. ვინაიდან არც ერთი ამ პრობლემათაგანი მართვისთვის გადაულახავ დაბრკოლებას არ ქმნის და წინააღმდეგობაში არ მოდის უკვე არსებული და ცნობილი ამოცანების გადაჭრის ტრადიციულ ინტერესებთან, მოსალოდნელია, რომ შემოღებულ სიახლეთა წონა, გამოცდილებისდაკვალად, გაიზრდება და ინგლისი "უნიტარული სახელმწიფოდან გარდაიქმნება ქვაზი-ფედერალურ სახელმწიფოდ". ამ სიახლეებს ინერციის აკრების უნარი შესწევთ. საილუსტრაციოდ საკმარისია თუნდაც შოტლანდიის პარლამენტის პრაქტიკა, რომელსაც სულ სხვა პრიორიტეტები აღმოაჩნდა თვით სოციალურ პოლიტიკაშიც კი, ვიდრე ლონდონის პარლამენტს ექნებოდა. და სწორედ აქაა, ავტორის აზრით, პრინციპული პრობლემა რომ ჩნდება. ფედერალისტური ან თუნდაც ქვაზი-ფედერალისტური წყობის მქონე საზოგადოებისათვის მიუწვდომელია და პრინციპულად გადაუჭრელია ამოცანათა ფართო წრე, რომელსაც საკუთრივ სახელმწიფო ამოცანები ჰქვია. მათ შორისაა სოციალისტთა ამოცანებიც და, მათ შორის, ტომი ბლეირის მიერ დაფორმულებული ამოცანაც, რომ "მიღწეულ იქნას სოციალური თანასწორობა, რაშიც მთავარი მოქმედი პირია სახელმწიფო". ასე რომ, ოქსფორდელი ავტორის აზრით, "თეთრი ქაღალდის" რეფორმა ახალი რამ კი არაა, არამედ ლიბერალიზმის ტრადიციულ სულისკვეთებასთან მიბრუნებაა, რომლითაც ძნელია რომელიმე იმ მიზანთაგანის მიღწევა, რასაც სოციალ-დემოკრატიული მთავრობები მიზნად ისახავენ. რედაქციისაგან. ჩვენ უნდა დავსძინოთ: და რასაც მიზნად ისახავს ნებისმიერი მთავრობა, რომელსაც სახელმწიფოს ბედზე, ამა თუ იმ ზომით, დადებითი გავლენის მოხდენა ჰსურს. "ფაინენშელ ტაიმსის" ამ წერილის შინაარსის გადმობეჭდვას "საქართველოში" ჩვენთვის ის აზრი აქვს, უპირატესად, რომ პრინციპთა და მოსალოდნელ შედეგთა რეალური სურათი თვალწინ დავუყენოთ იმ პასუხისმგებლობამოდუნებულ ქართველ პოლიტიკოსებს, ვისაც საქართველო - განუკითხავად და გაუაზრებლად - ფედერალიზაციისთვის ემეტებათ. მათ ყურადღებას მივაპყრობთ რამდენიმე განსხვავებას (ინგლისის სასარგებლოდ), რომელიც არსებობს ჩვენს მდგომარეობასა და ინგლისის მდგომარეობას შორის და რომლის მიუხედავადაც ინგლისი მაინც შიშობს (როგორც იხილეთ აქვე ზემოთ) ქვაზი-ფედერალიზმიდან ნამდვილი ფედერალიზმისკენ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას. პირველი განხვავება. "კონსენსუსი", რომელზედაც დამყარებულია გაერთიანებული სამეფო, როგორც სახელმწიფო, ინგლისში მყარად არსებობს. მტრის მძიმე არტილერიის ცეცხლის ქვეშ მდგომ, მრავალმხრივ დეზინტეგრირებულ საქართველოში იგი ყოველთვის პრობლემატურია. მეორე განსხვავება. ინგლისში "კონსენსუსის" დარღვევას არ ჰყავს სტიმულატორი გარედან. საქართველოში მის დარღვევას გარე სტიმულატორები ჰყავს, ამასთან - ისეთი სტიმულატორები, რომელთაც თავისი ქმედუნარიანობით საქართველოს "გასრესა" ძალუძთ (თუ შეთანხმდნენ). მესამე განსხვავება. ინგლისში "ქვაზი-ფედერალიზმის" ელემენტების შემოღების მოტივირება ხდება მხოლოდ "უკეთ მართვის" შესაძლებლობით (იხ. გლადსტონის ზემოთ ციტირებული სიტყვები), საქართველოში - ადგილობრივი "ნების", როგორც ცენტრალური ნებისგან განსხვავებულის, რაღაცა "უფლების" აღიარებით, რაც მზარდი შინაგანი ფეთქებადი დაპირისპირების სტიმულირებას ახდენს. ამის შედეგად ეს ნებათა განსხვავებულობა ფიქსირდება (და სტიმულირდება) არა მხოლოდ ისეთ სფეროებში, რომლებიც პოლიტიკური არაა ("პოლიტიკურად მგრძნობიარე" არაა), არამედ (და პირველ ყოვლისა) იმაში, რომელიც პოლიტიკურად მგრძნობიარეა. ამიტომაც საქართველოს ფედერალიზაციის იდეა ჩვენი ქვეყნისთვის მომაკვდინებელია. როგორც დიქტატურის პირობებში, ისე დემოკრატიის პირობებში ფედერალიზაცია სახელმწიფოს დანაწევრების და, რაც მთავარია, ეროვნული თვითცნობიერების დანაწევრების იარაღია.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |