"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

ბუში გლობალიზმის წინააღმდეგ?

ტრადიციულ სავაჭრო მეტოქეობაში ევროპასა და ამერიკას შორის მოულოდნელი რამ მოხდა. ჰარმონიული და ყველა დონეზე შეთანხმებული ერთობლივი პოლიტიკის ფონზე, რომელიც ვერ დაარღვია ამერიკელების ისეთმა მკვეთრმა "ამოვარდნამაც" კი საერთო ტონალობიდან, როგორიც იყო მათ მიერ გაზრდილი ტარიფების შემოღება ფოლადის იმპორტზე, ამ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა ახალი მკვეთრი პროტექციონისტული ნაბიჯის გადადგმა მათ მიერ: კონგრესმა გაატარა კანონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ, რომელიც პირდაპირაა მიმართული ამ დარგში ფრი-ტრეიდერული (თავისუფალი ვაჭრობის) პოლიტიკის წინააღმდეგ და რომელსაც პრეზიდენტის ხელმოწერაღა აკლია, რათა ძალაში შევიდეს. როგორც ფოლადის, ისე სასოფლო-სამეურნეო წარმოების დახმარების ამ ნაბიჯებს, კომენტატორთა თქმით, პოლიტიკური ხასიათი აქვთ: პირველით მოიპოვება პენსილვანელთა ხმები (ეს ფოლადის ინდუსტრიის დიდი ცენტრია), მეორეთი - ჩრდილო კაროლინელებისა და ფლორიდელებისა (რომელთაც სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი აინტერესებთ განსაკუთრებით). ეს უკანასკნელი ნაბიჯი ეხება, ძირითადად, არახისს, მუხუდოს, მარცვლეულსა და რძის ნაწარმს. ამჯერად პროტექციონიზმს აქვს არა პირდაპირი ფორმა - იმპორტის დამატებითი დაბეგვრისა - არამედ არაპირდაპირი, სახელდობრ, სათანადო წარმოების სუბსიდირებისა სახელმწიფოს მიერ, რაც ზრდის ამერიკელ მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობას საგარეო ბაზარზე. ამ ნაბიჯის მომხრენი და იდეოლოგნი ამერიკაში, თურმე, ირწმუნებიან, ამით იმავე ეფექტს მივაღწევთ, რომლითაც სსრკ დათმობებზე წავიყვანეთ, როდესაც "შეიარაღებათა დოღში" ჩაბმა ვაიძულეთო. მაგრამ, "თჰე Eცონომისტ"-ის აზრით, ეს ვარაუდი რეალური არ არის. ევროპელებს ქმედითი კონტრდარტყმის სრული საშუალება აქვთ, სხვა თუ არა, იმ გზით მაინც, რომ შეაჩერებენ თავისი საკუთარი ევროპული ბაზრის ლიბერალიზაციის (სახელდობრ, ამერიკული პროდუქციისათვის მისი გახსნის) პროცესს, რომელსაც დღეს მოცულობაც და დაცულობის ხარისხიც უფრო დიდი აქვს, ვიდრე ამერიკულს. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ ევროპა დღესაც ფეხს ითრევს ყველა ნაბიჯზე, რომელიც კი მიმართულია მისი თითქმის ნახევარმილიარდიანი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ბაზრის კარის თუნდაც ერთი ღრიჭოთი გაღებისაკენ და მის ხელში იმ მძლავრი პოლიტიკური იარაღის მოჩლუნგებისაკენ, რომელსაც ამ ბაზარზე მიშვება-არმიშვება ჰქვია.

დღეს კონფლიქტი მწვავეა, თუმცა თავაზიანი. ეს კონფლიქტი მოიცავს ევროპელ პარტნერთა ჩივილსაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ჭთO) წინაშე, რომელსაც უერთდებიან იაპონია და ჩინეთი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა ამ ორგანიზაციას. მოითხოვენ კომპენსაციებს, რომლებსაც ამერიკელები ეწინააღმდეგებიან. საყურადღებოა, რომ ორივე მხარე - ამერიკულიცა და ევროპულიც - ერთხმად ამტკიცებს, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს ჩვენ ვიცავთ, ხოლო მათი დარღვევის მცდელობა მეორე მხრისაგან მოდისო. 18 ივნისს უნდა მიღებულ იქნას ჭთO-ს გადაწყვეტილება ამ საკითხზე. კომპენსაცია, რომელსაც ევროპელები ითხოვენ, 1-4 მლრდ. დოლარის საზღვრებაშია.

ამერიკელთა პარტნერებს ჭთO-ში ისიც აწუხებთ, სხვათა შორის, რომ ამერიკელებმა თავისი 30%-იანი გაზრდა ფოლადის საიმპორტო ტარიფებისა არ გაავრცელეს მეზობელ მექსიკასა და კანადაზე, რომლებთანაც მათ ფართომასშტაბიანი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები აქვთ: ხომ არ არისო ეს იმის სტიმულირება, რომ მომცრო პარტნერებმა ორიენტაცია აიღონ ორმხრივ შეთანხმებებზე ამერიკელებთან ნაცვლად მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა, რომლებიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ან მათს უმრავლესობას მოიცავს?

P.შ. აშშ-ისთვის დღესდღეობით დადგენილი "ჭერი" სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის სუბსიდირებისა არის 19,1 მლრდ. დოლარი წელიწადში, ევროპელებისათვის - 69 მლრდ. ევრო. ამ მასშტაბებიდან ჩანს - და, მით უფრო, თვით დემოკრატიული ქვეყნების ამ მწვავე საექსპორტო ბრძოლის ფაქტიდან ჩანს, - რამდენად თავისუფალი შეიძლება იყოს თავის ეკონომიკური პოლიტიკაში, მით უმეტეს - თავის შინაგან ეკონომიკურ პოლიტიკაში საქართველო იმ შემთხვევაში, თუ, ჯერ ერთი, საამისო სახელმწიფოებრივი ნება აქვს და, მეორეც, მის ხელისუფლებას იმდენი გონება შესწევს, რომ დაგეგმოს, სად სჭირდება მის ქვეყანას ეკონომიკური ძალისხმევა ან თუნდაც შეღავათი ამა თუ იმ ქრესტომათიულ ზეპირ ნორმასთან მიმართებაში, რომლითაც იგი მრავალ და მრავალკეც მოგებას მოიპოვებს. საკუთარი ქვეყნის მოგების ძებნა ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონია და ვისაც იგი არ ესმის, იმას ეკონომიკური წარმატების პერსპექტივა არა აქვს (რედ.).



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com