|
"საქართველო "
აქვს კი საფუძველი ემზარ კვიციანის უჩვეულო სიმშვიდეს?!
უკანასკნელ პერიოდში კოდორში განვითარებულმა მოვლენებმა ხეობა საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილის ყურადღების ცენტრში მოაქცია. მით უმეტეს, არასასიამოვნო ინციდენტები ელვის სისწრაფით ინაცვლებს კოდორიდან პანკისში, ხანაც პირიქით - პანკისიდან კოდორში... ერთიანად აინტერესებს ყველას, სინამდვილეში რა ხდება ხეობაში? რამდენად შესწევთ ძალა იქ დარჩენილ ქართულ შენაერთებს აფხაზურ-რუსული აგრესიისაგან დაიცვან ხეობა და, საერთოდ, რას უნდა ველოდოთ საბოლოოდ? ე.წ. "სარწმუნო წყაროებით" დაგროვილი ინფორმაციები და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანის მიერ გაკეთებული კომენტარები ამ ეტაპზე რატომღაც ურთიერთგამომრიცხველია. ცხადია, რომ დღეს კოდორში განვითარებულ მოვლენებს ვერც ომს ვუწოდებთ და ვერც მშვიდობას... ასეთ ფონზე ბატონი ემზარის ოპტიმიზმს, რომელსაც ამ ინტერვიუთი შეიტყობთ, ნამდვილად უჩვეულო ეთქმის. - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კოდორში რუსი სამხედროები დივერსიას გეგმავენ. ხეობაში სიტუაციები ელვის სისწრაფით იცვლება, საეჭვოდ ხომ არ გეჩვენებათ რამე ამ ვითარებაში? - კოდორში ელვის სისწრაფით სიტუაციები ნამდვილად არ იცვლება. უბრალოდ, ინფორმაციები ენაცვლება ელვის სისწრაფით ერთმანეთს. დღეს იქ სიტუაცია, ასე თუ ისე, სტაბილურია. ერთადერთი, რუსებმა 12 აპრილს რომ მოახდინეს დესანტირება, ფაქტობრივად, აღიკვეთა და ამის შემდეგ თითქმის არაფერი არ შეცვლილა. ჩვენდა საბედნიეროდ, დადებითად დამთავრდა ყველაფერი. ხდება პატრულირება, ცხოვრება ნორმალურად მიდის და გადაუჭარბებლად ვიტყოდი, რომ სიცოცხლეც ძველებურად ჩქეფს. - ფაქტია, რომ თბილისში გაჩნდა დევნილების მასა, ე.წ. "ახალი დევნილები" კოდორიდან... როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი დედაქალაქში? თუკი იქ სიმშვიდეა, რატომ არ აძლევთ მათ დაბრუნების გარანტიას? - როგორც ასეთი, დევნილთა მასა არ არსებობს, ეს არის კოდორიდან ჩამოსულთა რაღაც რაოდენობა. არასწორია, როცა მათ "ახალ დევნილებად" მოიხსენიებენ. სინამდვილეში კოდორიდან დევნილები ნაკლებად არიან, ვიდრე ამ სახელს მიტმასნილები. უმეტესობა სტუდენტები და მოხუცები არიან. გარკვეული ჯგუფი მუშაობს და ყველას შეძლებისდაგვარად გაეწევათ დახმარება. უკვე ვიცით, ვის სჭირდება დახმარება. რამდენ ხანს დარჩებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. მესმის, რომ იქ დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ხალხი გამოიქცეს. როცა საერთოდ არავითარი გარანტი არ არსებობდა, გარკვეულწილად რაღაც გარანტი მაინც შევქმენით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხეობას არავის დავუთმობთ. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, თავდასხმას მოვიგერიებთ. მთის კაცის გაუტეხელი ბუნებაც ხომ ამისკენ მოგვიწოდებს: მტერს მტრულად შევხვდებით, მოყვარეს მოყვრულად!.. - ბატონო ემზარ, დამეთანხმებით, რომ ამ სიტყვების გასამეორებლად დღეს "მთიელი კაცის გაუტეხელი ბუნება" არასაკმარისია. ჩემზე უკეთ იცით, რომ მთავარია ძალა, რომელიც საოცრად დაგვაკლდა ქართველებს... - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ! - კონკრეტულად? - რის საფუძველზეც ჩვენ აგვიგია ჩვენი ცხოვრება და რაც წლების მანძილზე გაგვიკეთებია, იმის საფუძველზე გავაკეთებთ იგივეს! გარდა ამისა, დღეს რუსებს ომი არ აწყობთ. მათ ამის შანსი ჰქონდათ. ფაქტობრივად, ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულები იყვნენ. რუსეთისათვის, თუ პოლიტიკას სჭირდება, ასი კაცის გაწირვა არაფერია. მაგრამ აღარ გაწირეს. ე.ი. ომი არ აწყობთ, ისინი სხვა საშუალებებით ცდილობენ ჩვენს დაპყრობას. - რას გულისხმობთ? - ვგულისხმობ პროვოკაციებსა და იმ პანიკურ სიტუაციას, რაც კოდორთან მიმართებაში იქმნება. მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა აფხაზეთის ომში. არაერთი ფაქტი იყო, როცა კოდორის ხიდზე, ვარჩასთან მოდიოდნენ და გაიძახოდნენ, აფხაზებმა გუმისთა აიღესო. გუმისთაზე მოდიოდნენ და პანიკას ქმნიდნენ, აფხაზებმა კოდორი გადმოლახესო... შექმნეს პანიკა და ხალხიც გამოყარეს იქიდან. ამის რეალური შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ახლაც იგივე მეორდება. უთვალავი შემთხვევა გვაქვს, როცა სპეცსამსახურები რაღაც ინფორმაციების გაგების შემდეგ ჩადიან "შემთხვევის ადგილზე", და იქ, ფაქტობრივად, სიჩუმეა... ეტყობა, ვიღაცის ინტერესებში შედის პროვოკაციების გავრცელება. ესეც ხომ ერთგვარი პოლიტიკაა. - ბატონო ემზარ, პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის კოდორში ვიზიტის შესახებ რას გვეტყოდით? - იგივე კომენტარი შემიძლია გავაკეთო, რაც პრეზიდენტის ვიზიტზე გაკეთდა. პირადად ჩემთვის, ასევე ხალხისათვის, ძალიან სასიამოვნო იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია კოდორის ხეობას. კოდორთან მიმართებაში ძალიან ცუდი ინფორმაციები გავრცელდა. "მოსალოდნელი სისხლისღვრის" შიშმა ხალხი პანიკაში ჩააგდო. ნინო ბურჯანაძემ კი თავისი ვიზიტით ხეობაში სიტუაცია თითქმის განმუხტა...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |